ქართველ ექიმებს, რომელთა ცეკვამაც ინტერნეტი დაიპყრო კორონა ვირუსი დაუდასტურდათ

ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად შემოგთავაზათ ვიდეო, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი – მაია ქურდაძე (უფროსი ექიმი) და თამთა ლაშხია (უმცროსი ექიმი) ცეკვავდნენ, სრული ანტივირუსული ეკიპირებით.
„ისტორიიდან ვიცით, ომში ჩვენი წინაპრები სიმღერითა და ცეკვით მიდიოდნენ, თავის, ოჯახის გასამხნევებლად, სამშობლოს სადიდებლად. ჩვენ, სასწრაფოელებს აგვისტოს ომი გამოგვივლია, დემონსტრაციები, დარბევები, კატასტროფები, სტიქიები… ახლაც ომში ვართ… მხოლოდ უხილავ მტერს ვებრძვით. მეტი შემართება, გამხნევება, პოზიტიური დამოკიდებულება და მომავლის იმედი გვმართებს და ვცდილობთ, რომ შევძლოთ, ამ უაღრესად მძიმე პერიოდში, თუნდათ 1-წუთიანი ცეკვით. მყარი ჯანმრთელობა, სულის მხნეობა და ბედნიერი მომავალი მისურვებია მთელი გულით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – გვითხრა მაშინ მაია ქურდაძემ.
თამთა ლაშხიამ კი თავისი COVID ინფიცირებული კოლეგები ბახილზე დაწერილი ლექსით გაამხნევა:

თუ ბრძოლის ველზე ფეხი დამიცდა,
არც კი იფიქრო, ომი მოიგე!
არც ის იფიქრო, მკვლელო ვირუსო,
შენთან ყაიმზე, ფრეზე მოვრიგდე!
,,ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს”
ისევ ავლესავ შენთვის იარაღს!
ვერ დამამარცხებ, ვერ მომერევი,
ვერ დამიტოვებ სულში იარას!
ახლა კი ამ ორ, მუდამ მომღიმარ და პოზიტიურ ექიმს, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავს არ ზოგავდნენ, კორონა დაუდასტურდა და იზოლაციაში მყოფები ერთმანეთსა და ყველა ინფიცირებულს ამხნევებენ.