"არაბ შეიხებს დიდი სიურპრიზი ელოდებათ" - რა შეიცვლება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "არჩევნები აშშ-ში: ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არაბ შეიხებს ახალი რეალობა ელოდებათ“, სადაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე, აშშ-ისა და არაბული ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების პერსპექტივაა გაანალიზებული: როგორ შეიცვლება დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა ჯოზეფ ბაიდენის პოლიტიკით (ავტორი - ფრენკ გარდნერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"ბოდიში, რომ ყურადღებას ვერ გაქცევთ, - მითხრა საუდის არაბეთის ელჩმა ლონდონში და კიდევ ერთხელ მიაპყრო თვალი
თავის სმარტფონს, - ვისკონსინიდან შედეგებს ველოდები“.

ეს რვა დღის წინათ იყო, როცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ ვინ იქნებოდა იანვარში თეთრ სახლში. და როცა მასმედიამ ჯო ბაიდენის გამარჯვების ამბავი გამოაცხადა, ელ-რიადი მილოცვას აგვიანებდა - უფრო მეტად, ვიდრე იმ დროს, როცა საპრეზიდენტო რბოლა დონალდ ტრამპმა მოიგო.
გასაკვირი არაფერია: მათ უმაღლესი პოსტის მქონე მოკავშირე დაკარგეს.

ჯოზეფ ბაიდენის გაპრეზიდენტებას კი საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისთვის შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მათი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 1945 წლიდან გრძელდება და, ცხადია, არსად გაქრება, მაგრამ მოხდება რაღაც ცვლილებები და მათგან ყველა არ გამოიწვევს სიხარულს სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა დედაქალაქებში...

მნიშვნელოვანი მეგობრის დაკარგვა
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილი იყო, როგორც საუდების სამეფო ოჯახის ენერგიული მხარდამჭერი და მოკავშირე. როცა მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, 2017 წელს, პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი ელ-რიადში განახორციელა. დონალდ ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა კი მჭიდრო კონტაქტები გააბა ყოვლისშემძლე საუდელ კრონპრინც მუჰამედ ბინ სალმანთან. განაგრძეთ კითხვა