24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ლოკდაუნის გამოცხადება იგეგმება

კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობა სავარაუდოდ, 24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე .. ლოკდაუნს გამოაცხადებს. როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საქართველოში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ, ქვეყანას ჩაკეტავს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, შესაძლოა .. ლოკდაუნი 7 დეკემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს. სამთავრობო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა პირველადი ვერსიით ამ ვადებში მოხდება ქვეყნის ჩაკეტვა.

ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა 2-კვირიან ჩაკეტვას ამთხვევს კორონავირუსის გამოვლენის ვადებს, გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კი, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება, შესაბამისად, 24 ნოემბრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმების დაწერასა და საბოლოო შედეგების გამოცხადებას მოასწრებს.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულია 93 092 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 853 პაციენტი. საქართველომ ინფიცირების შემთხვევებით უკვე გადაასწრო ჩინეთს, საიდანაც კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა