ქართველებს ასეთი მაგარი პოლიტიკოსი ზვიად გამსახურდიას შემდეგ არ გვყოლია - ირაკლი კაკაბაძე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, ლევან ზურაბაშვილის მიერ მიკროსაფინასო ორგანიზაციაში შეჭრას და იქედან გავრცელებულ მოთხოვნებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ყველაზე ადეკვატური პოლიტიკოსი დღეს არის ბანკში მყოფი არსენა! ხმას ვაძლევ არსენას ხვალ!

ღმერთმა საქართველოს უმრავლოს ასეთი პატრიოტი “მძარცველი” – ეს მძარცველი კი არა ხალხოსანი პროგრესული პოლიტიკოსი ყოფილა, რომელიც მართლა ხალხზე ფიქრობს.

მის დაყენებულ მოთხოვნებს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. მე პირადად სრულიად ვიზიარებ მის სამივე მოთხოვნას:

1. გაუქმდეს აზარტული თამაშები

2. შემცირდეს მძარცველი ბანკების პროცენტი და შეწყდეს მოსახლეობის ძარცვა მევახშე ორგანიზაციების მიერ.

3. შემცირდეს ფასები სამედიცინო პრეპარატებზე.

ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნებია. ეს კაცი რამდენად არის კრიმინალი – ეს კიდევ საკითხავია. მიიღონ ეს კანონები სასწრაფოდ.

“საკითხავია რა უფრო დიდი ბოროტებაა: ბანკის გაძარცვა თუ მისი დაარსება” – ბერტოლტ ბრეხტი”

ირაკლი კაკაბაძე, ლევან ზურაბაშვილის გვერდზეც ტოვებს კომენტარს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ასეთი ადეკვატური პოლიტიკოსი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია ზვიადის და მერაბის შემდეგ. იმედია დააკმაყოფილებს ახალი პარლამენტი ამ მეტად სამართლიან მოთხოვნებს. მთავარი პრობლემები სწორედ ესენია! კაცი თავს სწირავდა ხალხის გულისათვის.”