''პანდემიის დროს მივხვდი, რომ თურმე ჩემს საყვარელ ქმარს შეყვარებული ჰყავს, ჩემმა ქმარმა კი მეჩხუბა ჩემი ტელეფონი ხელში როგორ აიღეო''

„ლოკდაუნის დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს შეყვარებული ჰყავს“, –  ამბობს ახალგაზრდა ქალი ნიგერიიდან. რენიმ მეუღლის ღალატის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო და როდესაც ის ფაქტის წინაშე დააყენა, ერთადერთი პასუხი მიიღო – „ჩემს ტელეფონში ჩახედვა როგორ გაბედე?“

ოთხ კედელში გამოკეტვამ ურთიერთობების სირთულეები ბევრ ადამიანს აგრძნობინა. ბავშვების მოვლა, დისტანციური მუშაობა, ჯანმრთელობაზე ნერვიულობა, ფინანსური პრობლემები და მსოფლიოში განვითარებული მძიმე მოვლენები. Covid-19–მა ადამიანები პრობლემების წინაშე სულ მარტო დატოვა.

ზოგიერთმა რენის მსგავსად ლოკდაუნში უსიამოვნო საიდუმლოებებიც აღმოაჩინა და შედეგებთან გამკლავებაც მოუხდა.

ურთიერთობების დასრულების მსურველი წყვილების რაოდენობა პანდემიის დროს რეკორდულად გაიზარდა.

ამერიკელი ფსიქოთერაპევტი დოქტორი რებეკა პენდერ ბაუმი ამბობს, რომ როგორც წესი, გაყრის მსურველი წყვილების პრობლემები ერთმანეთისგან განსხვავდება ხოლმე. თუმცა კორონავირუსის კრიზისმა ბევრი რამე შეცვალა. წყვილები ნამდვილ ქაოსში აღმოჩნდნენ, მათ ოჯახური საქმეების განაწილება, ბავშვების მოვლა და თან სამსახურეობრივი საქმეების მოგვარება უხდებოდათ.

სპეციალისტმა მაგალითად ბრაზილიელი წყვილის ისტორია მოიყვანა. რაფაელამ და რიჩარდმა ერთად 12 წელი გაატარეს. მათ სერიოზული პრობლემები აქამდე თითქმის არასდროს ქონიათ. პანდემიის დროს 24 საათიან ურთიერთობას, ორ შვილზე ზრუნვას და საერთო ოჯახურ ოფისს მათ ვერ გაუძლეს. ლოკდაუნი ძალიან მკაცრი იყო, გარეთ გასვლა მათ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქადაც კი არ შეეძლოთ, რამაც ერთად ყოფნა კიდევ უფრო აუტანელი გახადა.

როგორც ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, ლოკდაუნი ურთიერთობებისთვის ნამდვილი წნეხი აღმოჩნდა. წყვილებმა აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთში ძალიან ბევრი რამე აღიზიანებდათ.

პანდემიამ ოჯახურ წყვილებზე როგორც ცუდი ასევე კარგი გავლენაც იქონია. გამოკითხულთა 10% აცხადებს, რომ ლოკდაუნის დროს გაიაზრა ურთიერთობების დასრულების აუცილებლობა. 43% კი პირიქით, აღიარებს რომ მძიმე სიტუაციამ პარტნიორთან უფრო დააახლოვა.

ფსიქოლოგთა განმარტებით, პანდემიამ „კოლექტიური ტრავმა“ გამოიწვია. ასე რომ, ვისაც საკმარისად ძლიერი კავშირი არ ქონდა, სიტუაცია კიდევ უფრო გაურთულდა.

ამის ნათელი მაგალითია ვაშინგტონის ადვოკატთა ფირმა, რომლის ინფორმაციითაც გასული ოქტომბრის თვეში განქორწინებების რაოდენობა 70%–ით უფრო მეტი იყო, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში.