ამ ნაბიჯით უნდოდა კობახიძეს კალაძე თავიდან მოეშორებინა
- 20/01/21
- 425 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა ოფიციალურად გაფორმდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ კი ირაკლი კობახიძე აირჩიეს, გუნდის შიგნით სიტუაცია დაძაბულია, დეპუტატები თუ ზოგადად, პარტიული ჩინოვნიკები დაბნეულები არიან და არ იციან, ვის მხარეს დადგნენ. ამ ყველაფრის ფონზე, სტაბილურობის შეგრძნებას კალაძე და გახარია უფრო ტოვებენ, ვიდრე კობახიძე და შედეგად, ახლადგამომცხვარ თავმჯდომარეს გუნდის კეთების ყველაზე მცირე შანსი აქვს.
ცალკე თემაა დედაქალაქის მერი, რომელმაც პარტიულ ყრილობაზე ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამხელა ქალაქის მერი ვარ, პარტიისთვის ნაკლებად მეცალა და სწორია, კობახიძეს რომ ნიშნავენო. ამ ლოგიკით, ის არც გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნდა დარჩენილიყო და აკი წყალიც შეუდგა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
„პარტიაში გენერალური მდივნის თანამდებობის გაუქმება კობახიძის იდეა იყო, აქაოდა, ევროპულ სტილზე უნდა მოვჭრათ პარტია, იქ კიდევ გენერალური მდივანი არ ჰყავთო. ეს იყო მიზეზი ამ თანამდებობის გაუქმებისა, სინამდვილეში კი, ამ ნაბიჯით კობახიძე კალაძეს იშორებდა. მართალია, დედაქალაქის მერი პოლიტ-საბჭოში დარჩებოდა, მაგრამ რიგით წევრად. საბოლოო ჯამში, ეს ამბავი არ გამოვიდა და არა იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ივანიშვილმა უთხრა კობახიძეს, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედე, როგორც გინდა, ისე მოიქეციო და ირაკლიმაც ვერ გარისკა“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.
სამაგიეროდ, კალაძემ კარგად გაიგო, რისი გაკეთება სურდა კობახიძეს და ყველაფრისთვის მზად არის. ყველაფერში კი შიდაპარტიული ბრძოლა იგულისხმება, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად ყოფნის დროსაც მიდიოდა და ახლა უფრო გამწვავდება.