გამარჯობა, მე თემური ვარ, შენი ნათლია

მსახიობი და ტელეწამყვანი, ვახო კანდელაკი თემურ წიკლაურს ბავშვობის ისტორიით იხსენებს, მომღერალი ვახოს ნათლია ყოფილა. აი, რას წერს ის “ფეისბუქზე”.

ვახო კანდელაკი: – თემურთან პირველი შეხვედრა 6 წლის ასაკში მახსოვს.
მე და დედა ვიდექით ფილარმონიის აივანზე.

ზუსტად მოპირდაპირე მხარეს LEGO -ს მაღაზია იყო, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ნათელი წერტილი გახლდათ ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის.

გვერდში ამომიდგა, შავი ველვეტის პიჯაკი ეცვა, მძაფრი სუნამო ესხა – დღემდე რომ არ შემხვედრია ისეთი სურნელის… ჩაიმუხლა, ჩამიხუტა და თმა ამიჩეჩა…
– მე თემური ვარ, შენი ნათლია!
ვერაფერი გავიგე. სავარაუდოდ თვალებზე შემატყო. კიდევ ერთხელ ჩამეხუტა და გაიმართა წელში… მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი მეგონა!!…
მერე დედას მიუტრიალდა და კითხა – აბა, რითი გავახარო ვატო?!
ჩემთვის გახარება, ავტომატურად ასოცირდებოდა მოპირდაპირე ქუჩაზე მდგომ მაღაზიასთან!
ალბათ გაგიკვირდებათ – საიდან დამამახსოვრდა ველვეტის პიჯაკი და მძაფრი არომატის მქონე სუნამო?
სწორედ შავი პიჯაკიდან ამოიღო ჩემთვის უცნობი ქაღალდის ფურცელი და დედას მიაწოდა – უყიდე რაც გაუხარდებაო!!….

მერე იყო 2 საათიანი კონცერტი, რომელიც საერთოდ არ მახსოვს, ჩემი აჟიტირება და დედას მშვიდი ტონით ნათქვამი ფრაზა – დეე, ველოსიპედი გინდოდა ხო შენ?
თემურ, ძალიან მიყვარხარ და სულ მეყვარები…