ჩემი და გაიპარა 14 წლის. 15 წლის ბიჭს გაჰყვა. მამაჩემმა „ლეჟანკა“ დაიდგა ეზოში, ვაშლის ხის ძირში: მთელი ზაფხული არ შემოსულა დასაძინებლად სახლში: ჩემს შვილს სხვაგან ძინავს, მე სახლში რა მინდაო.

ჩემი და გაიპარა 14 წლის. 15 წლის ბიჭს გაჰყვა. 
მაშინ ასე ამბობდნენ: გაიპარა. 
ჩვენები დაბრუნდნენ უკან - ჩემი დის გარეშე. 
ჩემმა დამ უარი თქვა სახლში დაბრუნებაზე. 
მამაჩემმა „ლეჟანკა“ დაიდგა ეზოში, ვაშლის ხის ძირში:  მთელი ზაფხული არ შემოსულა დასაძინებლად სახლში: ჩემს შვილს სხვაგან ძინავს, მე სახლში რა მინდაო. 
დედაჩემი მთელი დღეები ტიროდა. მალე 1 სექტემბერი მოვიდა და დანარჩენები, 4 და რომ გამოგვაწყო და სკოლაში გაგვიშვა, თვითონ საავადმყოფოში დააწვინეს. მას შემდეგ ყოველი 1-ლი  სექტემბერი მახსოვს დედაჩემის მოთქმით. როგორც მკვდარ შვილებს ტირიან, ისე ტიროდა ჩემი დის გამოტოვებულ 1-ლ სექტემბრებს. სამუდამოდ მოიმდურა და მოიძულა ის ადამიანები, ვინც, მისი აზრით, ჩემი დის გაპარვაში იღებდა მონაწილეობას.
ამ ამბავს კეთილი ბოლო ის აქვს, რომ ეს 14 და 15 წლის წყვილი უიშვიათესი გამონაკლისი გამოდგა და აგერ, 35 წლის ოჯახი აქვთ უკვე და დღემდე შეყვარებულებივით არიან. ერთად გაიზარდნენ სიძის ფანტასტიკურად კარგი მშობლების და ჩვენების ხელში და მართლა საუკეთესო ოჯახი შექმნეს. ეს ჩემი დაც ჩვენს შორის ყველაზე ლაღი და კეთილია.  
მოკლედ, სამ ათეულ წელზე მეტია, ჩვენს ოჯახში რაღაც ამბებს და თარიღებს ასე ვიხსენებთ: აი, ნუნუ რო გაიპარა, იმ წელს... აი, ნუნუ სანამ გაიპარებოდა... მოკლედ, სულ გაიპარა, გაიპარა - ასე ვიხსენებთ ამ ფაქტს. 
ორი წლის წინ ვსხედვართ მე და ეს ჩემი და დედაჩემთან ერთად და ჩვენს ბავშვობას ვიხსენებთ. „შენი პატარაობის  სუნი ახლაც ცხვირში მაქვსო“- მეუბნება - „გახსოვს, როგორ ვჩხუბობდით უფროსები, არა ჩემთან დაიძინებს ნანა ამაღამ, არა ჩემთანო“. „მერე, შე კაი ქალო, ასე თუ გიყვარდი, რას დაადე თავი და გაიპარე“- მეთქი. შემომხედა და: „ისე, რა საინტერესოა, ამდენი წელი ყველას ასე რო გგონიათ, რომ ჩემი ნებით გავიპარეო,“ - მეუბნება. 
დედაჩემს გავხედე - ზუსტად ის სახე და გამომეტყველება ჰქონდა, ყოველ პირველ სექტემბერს რასაც ვხედავდი ხოლმე ნუნუს „გაპარვის“ მერე... აღარ გაგვიგრძელებია ამ თემაზე საუბარი არც მაშინ, არც მერე, აღარ მიკითხავს არაფერი....
ან რას მომიყვებოდა განსაკუთრებულს.... მის თაობაში, შემდგომშიც -   ათასობით ასეთი „ნუნუა“, რომლებმაც ბავშვობა გამოტოვეს, გამოატოვებინეს და ძალიან, ძალიან ცოტას გაუმართლა იმით, რომ შეძლო სიყვარული. 
ვინც ვერ შეძლო და ბავშვობასთან ერთად სიყვარულის უნარიც დაკარგა, ცხოვრობენ ჩვენს გვერდით: მოჩვენებითი კეთილდღეობებით თუ დაუფარავი ტრაგიზმებით....
    ...ამ თაობის ჭკვიან, ლამაზ, სიყვარულში გაზრდილ და თავისთავში დარწმუნებულ  ბავშვებში ერთ-ერთი, რაც მხიბლავს ყველაზე მეტად, ისაა, რომ პირდაპირ აწერიათ სახეზე, რომ  არავის მისცემენ უფლებას, გამოატოვებინონ ბავშვობა! 
სამწუხაროდ, ამ ფონზე უცებ დავინახავ, მოვისმენ, შევესწრები სხვა ბავშვობადაკარგული, უსიყვარულობაში გაჩენილი და გაზრდილი ბავშვების შესახებ ამბებს, ისტორიებს და მგონია, რომ არასოდეს დასრულდება ამ ქვეყანაში ბავშვებთან და ბავშვობასთან ბრძოლა....