"უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი..." - მაკა ჩიჩუას პრობლემები აქვს

მაკა ჩიჩუა: უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ კომენდანტის საათი ცხრაზე იწყება, მე პრობლემას არ მიქმნის. ალაგს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქი კი ჰქვია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ძალიან დაბეჩავებულია აქაურობა. ამიტომ, მე ძალიან მტკივნეულად არ შემხებია ეს რეგულაცია, თუმცა იმის განცდა, რომ ცოცხალი ხარ, თანდათან ქრება. დღიურ შემოსავალზე დამოკიდებულ ხალხზე, ხელოვნების სფეროზე, უამრავ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე რაღა უნდა ვთქვა – ეს ძალიან მტკივნეულია. როგორ, ნუთუ, ამ სახელმწიფოში არ ცხოვრობს ჩვენი ხელისუფლება, როგორ შეიძლება, ასე მიყარო საკუთარი ხალხი?! მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაიხსნას, თუმცა, მკაცრი კონტროლის პირობებში. არ შეიძლება, ისეთი კონტროლის მექანიზმი შეიქმნას, რომელიც დისციპლინას უზრუნველყოფს?! ტრანსპორტი არ მოძრაობს – ხალხს გადაადგილება არ შეუძლია. მე ხომ ვხედავ, დუშეთის სოფლებში ხალხი რა დღეშია. რა, სოფლებში ხალხს ცხოვრება არ უნდა?! სრული განუკითხაობაა. მე, მაგალითად, ვერ მივცემ თავს უფლებას, ტაქსებით ვიმოძრაო. ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ პანდემიამ ძალიან ამოატივტივა უტვინო და უშედეგო მმართველობის შედეგები.


– ბევრმა დაკარგა სამსახური, ეს პრობლემა თქვენს ოჯახსაც შეეხო?
– ადამიანები ხომ ცდილობენ, პატარა დანაზოგი მაინც გააკეთონ, მაგრამ საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა. ისედაც, რა უნდა გადავდოთ – გიორგი ლექციებს კითხულობს და აქედან რა შემოსავალი უნდა გქონდეს?! მე მქონდა სამსახური ტელევიზიაში, მაგრამ დაიხურა ის პროექტი და ორი ბავშვით ვერ ვახერხებ სხვის მოძიებას – ისეთის, რომ მოვირგო. ძიძებში მე იმდენ ფულს ვერ გადავიხდი, რამდენსაც ესენი იხდიან. მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, მაგრამ ხუთი და ექვსი ძიძა ეხმარებათ. მე ერთი დამხმარე მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება და ერთ ბავშვს ყურადღებას აქცევს. არ მაქვს იმის საშუალება – ორი და სამი ძიძა დავიქირავო. ჩემი და გიორგის მშობლებიც ხანშიშესულები არიან და ვერ გვეხმარებიან. ქალაქს ვართ მოწყვეტილები და აქ ამოსვლა და დარჩენაც არაა მარტივი, რადგან ყველას თავის ცხოვრება აქვს. 29 წლის შვილი მყავს და პერიოდულად ამოდის ხოლმე, მაგრამ მასაც თავისი საზრუნავი აქვს. სამსახური რომც ვიშოვო, როგორ უნდა უზრუნველვყო საწვავით?! ბაღებიც არ მუშაობს – მას ასე ადვილად არცერთ ქვეყანაში არ ხურავენ. ადამიანი რომ მუშაობს, სად უნდა წაიყვანოს ბავშვი?! ყველას არ აქვს საშუალება, ძიძაც იქირაოს, საწვავიც იყიდოს და მძღოლიც მოემსახუროს. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს ლუკმაპური აქვს, ჯერჯერობით, მაგრამ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.


– ამ ფონზე ბატონ გიორგის არ უბიძგებთ პოლიტიკური აქტიურობისკენ?
– ოპოზიცია დაბნეულია, ალბათ, რაღაცას ელოდებიან და გიორგის სულ აქვს მათთან კონსულტაციები. მაგრამ ამ რეჟიმში რა უნდა გააკეთოს? ხელისუფლება არანაირ წინადადებაზე არ მოდის, ჩვენ კარგად ვიცითო. ამ დროს რა იციან, რა გამოცდილება აქვთ, უბრალოდ, მოხვდნენ რაღაც სიტუაციაში და ცდილობენ, რაც შეიძლება, სწრაფად გამდიდრდნენ, რომ მერე, როცა აქედან გააპანღურებენ, რაღაცის წაღება მოასწრონ – მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.