თხოვა, დაბრუნდი, ვეღარ ვუძლებ შენს სიშორეს, ახლა მეც ვმუშაობო... შვილებმა გამომიცხადეს, როდესაც ძალიან გვჭირდებოდი, მიგვატოვეო... დამცინეს, ვინ გითხრა, რომ სახლი უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე დედაო. ერთხელ ისიც კი მაკადრეს, საიქიოდან მობრუნებულივით ხარ, როდესაც შევეგუეთ უშენობას, მაშინ გამოჩნდიო...

საქართველოდან 1998 წელს წამოვედი. 32 წლის ვიყავი, სამი შვილის დედა. მეუღლე ავტოკატასტროფაში მოყვა. ავარია მისი დაუდევრობის გამო მოხდა და ჩვენი გადასახდელი გახდა არა მხოლოდ ჩემი მეუღლის მკურნალობის, არამედ ვინც გვერდით ეჯდა და ვისაც დაეჯახა იმათი სამედიცინო ხარჯებიც. ამასთან დაზარალებულმა მანქანის გაკეთებაც მოითხოვა. იძულებული გავხდით სახლი ბანკში ჩაგვედო და სესხი გამოგვეტანა. მერე იმ სესხს ხომ სჭირდებოდა გასტუმრება?! ჩემი ქმარი ნახევრად ინვალიდი იყო... რაღაც უნდა გვეღონა... ვერ წარმომედგინა, რომ შვილებს დავტოვებდი და მთელი 11 წელი ისე გავიდოდა, რომ მათ ვერ ვნახავდი. უფროსი ვაჟი მაშინ 13 წლის იყო, გოგონა 10-ის, ნაბოლარა ბიჭი კი 6 წლის. იმ წელს უჩემოდ მივიდა სკოლაში. საბედნიეროდ, ჩემი ქმარი ღირსეული კაცი აღმოჩნდა - სხვა, ჩემნაირი ქალების ქმრებივით საყვარლები არ გაუჩენია და საკუთარ სიამოვნებაში არ დაუხარჯავს ფული. 5 წელიწადში სახლიც გამოვისყიდეთ ბანკიდან და დანაზოგიც მოვაგროვეთ... მთხოვა, დაბრუნდი, ვეღარ ვუძლებ შენს სიშორეს, ახლა მეც ვმუშაობ და ჩემი ხელფასიც გვეყოფა საჭმლის ფულადო. ნეტავ დამეჯერებინა და დავბრუნებულიყავი. ავიხირე, ცოტა კიდევ გავიჭირვოთ უერთმანეთოდ, იქნებ კიდევ ერთი ბინა ვიყიდოთ, რომ გავაქირავოთ და შემოსავლი გვქონდეს-მეთქი. ესეც შევძელი, მაგრამ 2009 წელს, როდესაც დავბრუნდი, ჩემი ქმარი სიმსივნით დაავადებული დამხვდა. თურმე ყველა გააფრთხილა, ჩემთვის არ გაემხილათ. ცოდოა, ჩემი მკურნალობისთვის ფულის მოსაგროვებლად დარჩება უცხოეთში და ისე მოვკვდები, ვეღარ ვნახავო.
ქმარი, სამ თვეში გამომეცალა ხელიდან. შემდეგ კი დაიწყო ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. შვილებისგან საშინელ სიცივეს ვგრძნობდი. თითქოს ჩემები არც იყვნენ. ერთ დღესაც, როდესაც შენიშვნა მივეცი, გამომიცხადეს, რა უფლება გაქვს, შენიშვნებს რომ გვაძლევ, როდესაც ძალიან გვჭირდებოდი, მიგვატოვეო. ენა გამიშრა, დავმუნჯდი, მერე კი მოვიკრიბე ძალა და შევახსენე, რომ ეს მათთვის გავაკეთე, რომ საკუთარ სახლში ეცხოვრათ და მაწანწალებივით არ ყოფილიყვნენ ქუჩაში. დამცინეს, ვინ გითხრა, რომ სახლი უფრო მეტად გვჭირდებოდა, ვიდრე დედაო. ერთხელ ისიც კი მაკადრეს, საიქიოდან მობრუნებულივით ხარ, როდესაც შევეგუეთ უშენობას, მაშინ გამოჩნდიო...

ერთი წელი ამაოდ ვცდილობდი მათი გულის მოგებას. Mმერე ერთი-ორი ჩემსავით გადახვეწილი ქალის ამბავიც გავიგე, საწყლებს მხოლოდ შვილები კი არ გაუუცხოვდნენ, ქმრებმაც უღალატეს. ვფიქრობ ხოლმე, იქნებ მართლები არიან ჩემი შვილები... უდედოდ გაიზარდნენ, როცა სტკიოდათ, მათ გვერდით არ ვიყავი, არც მაშინ, როცა ძალიან ბედნიერები იყვნენ, მათთვის უცხო ადამიანად ვიქეცი, ახლა კი მოვითხოვ პატივი მცენ? მაგრამ მათ არ ესმით, რას ნიშნავს დედობა, შვილებისთვის თავგანწირვა და მათ გადასარჩენად ჯანდაბაში გადახვეწა...

- იქნებ სჯობდა, რომ მართლა არ წასულიყავით.
- მეც ბევრი ფიქრის შემდეგ მაგ დასკვნამდე მივედი. აქ რომ დავრჩენილიყავი, რაღაც სხვა, საშველი გამოჩნდებოდა, ალბათ საშინელ სიღარიბეში ვიცხოვრებდით, მაგრამ შვილებთან კავშირს შევინარჩუნებდი. ვიმეორებ, შვილებს პირველ რიგში დედა სჭირდებათ, მისი სითბო და არა ფული. ჩემმა უმცროსმა ბიჭმა  მითხრა, მეც სხვა, ჩემნაირი ბავშვებივით ჯართს მოვაგროვებდი, მოჯამაგირედ დავუდგებოდი ვინმეს და ბედნიერი ვიქნებოდი იმითაც, რომ საღამოობით შენ გვერდით დავიძინებდიო. ახლა ხომ შენ გვერდით ვარ-მეთქი,  ახლა ძალიან გვიანააო.
ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადი რომ გავიდა, საბერძნეთიდან შემეხმიანა ჩემი გაზრდილი გოგონა, შვილი გამიჩნდა და შენზე უკეთეს ძიძას ვერ ვნახავო... როდესაც ჩემს შვილებს ეს ამბავი ვუთხარი, ჩაეცინათ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდი, მაშინ არ გიკითხავს ჩვენთვის აზრი, გვინდოდა თუ არა შენი წასვლა, ახლა როგორც გინდა, ისე მოიქეციო. წავედი საბერძნეთში. იქ კი ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ ვისთანაც ვმუშაობდი, იმათაც კი გადაწყვიტეს ამერიკაში წასულიყვნენ და მეც თან გავყევი. მათ ოჯახში ისე ვარ, როგორც ნამდვილი წევრი. ბავშვი ბებიას მეძახის, ჩემი გაზრდილი  კი დედას. ამასობაში კი საკუთარი შვილები დავკარგე. ამიტომაც გთხოვთ ყველას, გადაუდექით იმ დედებს წინ, ვისაც ჰგონია, რომ უცხოეთში წასვლით შვილებს გადაარჩენს, არ მისცეთ ქვეყნის დატოვების უფლება.