ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი წარმატება

ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიზს იღებს. „ოსკარების“ ფინალისტმა ჰოლივუდის კინოაკადემიის მთავარ საზეიმო ცერემონიალამდე ერთი კვირით ადრე საერთაშორისო პრესის აკადემიის („იპა“) დაჯილდოებაზე უცხოური ფილმების კატეგორიაში წარდგენილ 10 საუკეთესო ფილმს შორის გაიმარჯვა.

„მანდარინებთან“ ერთად საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იყო შვიდივე ფილმი, რომლებიც „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარების“ საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში მოხვდნენ. ესენია: რუსული „ლევიათანი“, პოლონური „იდა“, შვედური „ფორსმაჟორი“, ისრაელის „გეტი: ვივიან ამსალემის სასამართლო“, მავრიტანული „ტიმბუქტუ“ და არგენტინული „ველური ზღაპრები“. მათთან ერთად ნომინაციაში გავიდა კიდევ სამი ფილმი: ძმები დარდენების ბელგიური „ორი დღე, ერთი ღამე“, ბერძნული „პატარა ინგლისი“ და კანადური „დედიკო“.


წყარო