ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა კახეთის რეგიონს "ფაიზერის" ვაქცინის შემნახველი მაცივრები გადასცა საჩუქრად

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ტელენევროლოგმა, დავით მრელაშვილმა კახეთის რეგიონს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად –80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ reginfo-ს ცნობით, პანკისის სათემო რადიოსთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას შესანახად სჭირდება განსაკუთრებული პირობები, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შესაბამის დაწესებულებებს ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენთან შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ მაცივრის საშუალებით, კახეთის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მაცივარი თელავშია და მისი ტევადობა ისეთია, რომ კახეთის მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობა შეგვიძლია შევინახოთ“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

ცნობისთვის, საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა უნდა მიიღოს. ვაქცინა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, გადაიდო. საქართველოს ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან დამატებითი მოთხოვნის წამოყენება გახდა.  "ფაიზერის" ვაქცინის მიღების კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია.