მსოფლიოში ყველაზე უცნაური შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშეს

სიკვდილის ინსცენირების ანუ ფსევდოციდის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა დადგეს. 29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამხედრო კორესპონდენტი კიევში თავის სახლში მოკლეს. მეორე დღეს გაირკვა, რომ ბაბჩენკო ცოცხალია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე სამართალდამცველებმა ცოცხალი ჟურნალისტი პრესას წარუდგინეს. კიევმა ჟურნალისტის მკვლელობის ინსცენირება რუსული სპეცსამსახურების მხილების აუცილებლობით ახსნა. ბოლო 500 წლის განმავლობაში ეს ფსევდოციდის ერთადერთი უჩვეულო შემთხვევა არ არის. ადამიანებს მართლმსაჯულებისა და ფინანსური პრობლემებისაგან თავის დაღწევის მიზნით ამ ხერხისთვის არაერთხელ მიუმართავთ.

 

ჟაკოტ დელაჰი

ლეგენდის თანახმად, ჟაკოტ დელაჰის დედა მშობიარობისას დაიღუპა, მოზარდი იყო, როდესაც მამაც მოუკლეს. გოგო მეკობრე გახდა, რათა საკუთარი თავი და უმცროსი ძმა ერჩინა, რომელსაც მენტალური პრობლემები ჰქონდა. დელაჰი მეკობრეების დედოფლად იქცა. ერთხელაც ის მოიტაცეს და თავის გადასარჩენად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა (1656). დელაჰი გაიქცა და რამდენიმე წლის განმავლობაში კაცად გადაცმული იმალებოდა, ვიდრე თავის მეკობრეებს არ შეუერთდა.

 

ტიმოთი დექსტერი

ტიმოთი დექსტერი (1800) ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ექსცენტრიკია. იღბლიანი მეწარმე გაუნათლებელი და მდაბიო იყო. მას კონკურენტები და მაღალი საზოგადოება მუდმივად დასცინოდა და თავის წრეში არ იღებდა, რასაც დექსტერი რთულად ეგუებოდა. მან ცოლად მდიდარი ქვრივი ელისაბედ ფროტინგემი მოიყვანა, რომლის ფულითაც რამდენიმე წარმატებული ფინანსური ოპერაცია ჩაატარა. ის ცოლთან ერთად ფუფუნებაში ცხოვრობდა და სახლში საკუთარ ქანდაკებასაც ინახავდა. დექსტერი ისე შორს წავიდა, რომ თავის თავს ღმერთის ტიტული მიანიჭა.

ერთ დღესაც მან თავის მიმართ თანამოქალაქეების რეალური განწყობის გამოცდა გადაწყვიტა და საკუთარი სიკვდილი დადგა; რამდენიმე ადამიანს გრანდიოზული პანაშვიდების ორგანიზება დაავალა და სიმართლე ოჯახის წევრებსაც დაუმალა. ის საკუთარი სახლის სარდაფიდან აკვირდებოდა იმას, თუ როგორ გლოვობდნენ მას ოჯახის წევრები. დექსტერმა მიიჩნია, რომ ცოლი საკმარისად არ წუხდა და ხშირად იღიმებოდა. ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. გაბრაზებული დექსტერი სარდაფიდან ამოვიდა, ცოლს სამზარეულოში შეუვარდა და გალანძღა. დექსტერმა ვერასდროს მოიპოვა პატივისცემა, რომელსაც მისი აზრით იმსახურებდა და ამ ფაქტიდან 6 წელიწადში (ამჯერად ნამდვილად) გარდაიცვალა.

 

რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I

ალექსანდრე პირველის სიკვდილი (1825), რომელიც ბებიამ, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ გაზარდა, დღემდე ჭორების და დავის საგანია. 2015 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერტიზის თანახმად, გამოვლინდა, რომ ალექსანდრე პირველის და ბერ ფიოდორ კუზმიჩის (ან ფიოდორ ტომსკელის) ხელნაწერებს შორის ბევრი მსგავსებაა. ოფიციალური ვერსიით, იმპერატორი 1825 წელს ტიფისგან მოკვდა, მაგრამ არსებობს ლეგენდა, რომ მან თავისი სიკვდილი დადგა და 11 წლის შემდეგ ბერი კუზმიჩის სახელით ერთ-ერთ რუსულ ქალაქში გამოჩნდა, სადაც ის დააპატიმრეს და ციმბირის ქალაქ ტომსკში გადაასახლეს. თეორიას, რომ იმპერატორი ალექსანდრე იგივე ბერი ფიოდორ კუზმიჩია, ლევ ტოლსტოიც ემხრობოდა, რომელიც აღნიშნავდა, რომ გლეხებიც და ელიტის წარმომადგენლებიც ხაზს უსვამდნენ ამ ორ კაცს შორის საოცარ მსგავსებას: ისინი ერთი სიმაღლის, წონის და ასაკის იყვნენ. ბერი რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდა და იმპერატორივით კეთილშობილური იერი ჰქონდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ უსახლკაროა და თავისი ოჯახის შესახებ არაფერი ახსოვს. არსებობს მითი, რომ ალექსანდრეს ცოლმაც, რომელიც იმპერატორის დაღუვიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, თავისი სიკვდილი დადგა, სინამდვილეში კი მონაზვნად აღიკვეცა.

 

უილიამ გუდვინ გედესი

უილიამ გუდვინ გედესი, სავარაუდოდ, პირველი ავსტრალიელია, რომელმაც საკუთარი სიკვდილი ფინანსური პრობლემების გამო დადგა. გეოდეზისტ გედესს შესანიშნავი მცურავის და ათლეტის რეპუტაცია ჰქონდა. მაგრამ 1877 წლის 29 ნოემბერს ის ქვინსლენდში გაუგებარ ვითარებაში დაიხრჩო. გედესის ძმამ, რომელიც იმ დროს მასთან ერთად იყო თქვა, რომ გაიგო როგორ ეძახდა ძმა და მის დახმარებასაც შეეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. გედესის ცხედარი ვერასდროს იპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობრებიც არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ის დაიღუპა, 4 თვის შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ მისი სიცოცხლის დაზღვევის თანხა გადაიხადა.

1889 წელს ადამიანი, სახელად ლუი სიდნი ბრენანი, რომელიც ფაქტობრივად ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც გედესი, მისი ცოლის დაჟინებული მოთხოვნით ადელაიდის ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფრში მოათავსეს. მართალია, გედესის მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ბრენანი მათი შვილი არ იყო, მაგრამ პოლიციამ ის იცნო. სადაზღვევო კომპანიამ გედესის მამას თაღლითობაში მონაწილეობისათვის სასამართლოში უჩივლა. იყო ვარაუდი, რომ გედესს ცხენზე ჯირითის დროს ტრავმის გამო მართლაც ამნეზია ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ ხსნიდა მშობლების მტკიცებას, რომ ისინი შვილს ვერ ცნობდნენ.

 

ბელ სორენსენ განსი

ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა ქალმა ბელ განსმა, არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 40-დან 180 ადამიანამდე მოკლა. მაგრამ მან შეძლო სასჯელისთვის თავის არიდება იმით, რომ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო. განსი ამერიკაში ნორვეგიიდან 1880-იანი წლების ბოლოს ჩავიდა და ის უკვე ქვრივი იყო. სავარაუდოდ, პირველი ქმარი თავად განსმა მოწამლა. ორი წლის შემდეგ თავის ტრავმისგან მოკვდა მისი მეორე ქმარიც, რომელსაც როგორც განსი ამტკიცებდა თაროდან გადმოვარდნილი ხორცის საკეპი შემთხვევით თავზე დაეცა. არსებული ინფორმაციით, განსმა მოკლა თავისი ნაცნობი თაყვანისმცემლების უმრავლესობა, ასევე შვილებიც. მისი მოტივი სადაზღვევო თანხების, ფულის და სხვა ძვირფასი ნივთების ხელში ჩაგდება და მოწმეების მოშორება იყო. 

ქალის დოკუმენტურად დადასტურებული ბოლო დანაშაული საკუთარი სახლის დაწვაა. ამჯერად მისი მიზანი არა დაზღვევის თანხების მიღება, არამედ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება იყო. ბელს ჰყავდა თაყვანისმცემელი სახელად ლამფერი, რომელიც მას მუდმივად ეჭვიანობის სცენებს უწყობდა. მისგან თავის დაღწევის მიზნით ბელმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე მისულმა კრიმინალისტებმა ქალის დამწვარი გვამი იპოვეს. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ბელმა არაერთხელ მიმართა პოლიციას და აცრემლებული უამბობდა მათ, რომ ლამფერი მუდმივად ემუქრებოდა, ამიტომ სამართალდაცველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ხანძარი სწორედ მან გააჩინა. კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბელი კი მიიმალა. ქალის შემდგომი ბედი დღემდე უცნობია. 1931 წლამდე ადამიანები ამტკიცებდნენ რომ განსი ნამდვილად ნახეს. 2008 წელს სასამართლო ექპერტები კიდევ ერთხელ შეეცადნენ საბოლოოდ დაედგინათ ის მართლაც დაიღუპა ხანძრის დროს თუ - არა, მაგრამ დეენემის ანალიზის პასუხი კვლავ არადამაჯერებელი აღმოჩნდა. 

 

მერიონ ფრანკლინ როჯერსი

1926 წელს მერიონ ფრანკლინ როჯერსი არკანზასის ერთ-ერთი ფსიქიატრიული კლინიკიდან გაიქცა, სადაც მანამდე სამი თვე მკურნლობდა. მას ჰყავდა ცოლი და სამი შვილი, მაგრამ გაქცევის შემდეგ ოჯახი მიატოვა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ის ამტკიცებდა, რომ 22 წლის კონი ფრანკლინია და ერთ-ერთ ფერმაში ხელოსნად მუშაობდა. ფრანკლინმა 16 წლის ტილერ რამინერთან სასიყვარულო რომანი გააბა. 1929 წლის გაზაფხულზე გოგომ პოლიციელებს უამბო, რომ მისი საქმრო რამდენიმე თვით ადრე მოკლეს, მაგრამ ის დუმდა, რადგან ხმის ამოღების შემთხვევაში დამნაშავეები მოკვლით დაემუქრნენ.

გოგოს თქმით, იმ ღამით, როდესაც ის და ფრანკლინი დაქორწინდნენ, მათ რამდენიმე კაცი თავს დაესხა, სცემეს ფრანკლინს და ვიდრე ის უგონოდ იყო, დაწვეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს; ორმა კაცმა გოგო გააუპატიურა და მოსთხოვა არაფერი ეთქვა. ფრანკლინის წამების და მოკვლისთვის 4 კაცი დააპატიმრეს, მაგრამ 1929 წლის დეკემბერში სასამართლო პროცესი შეწყდა, რადგან როჯერსი ანუ კაცი, რომელიც მოკლული ეგონათ, გამოჩნდა. სასამართლო პროცესი უჩვეულო იყო, რადგან ბრალდება და დაცვა ერთ მხარეს აღმოჩნდა. როჯერსმა პროცესზე განაცხადა, რომ „დანაშაულის“ ღამეს ის ბრალდებულებთან ერთად სვამდა, მოგვიანებით თავისი ჯორიდან გადმოვარდა და ოდნავ დაშავდა, რის შემდეგაც საკუთარი ნებით გაქრა, რადგან საცოლემ ქორწილის გადადება მოისურვა. კაცის იდენტობის დადასტურება რთული იყო, რადგან მისი მეგობრების და მეზობლების ნაწილი მას ცნობდა, ნაწილი კი - არა. საბოლოოდ, ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, როჯერსი კი 1932 წელს ნამდვილად გარდაიცვალა. თუმცა მოკლეს თუ არა ფრანკლინი, თუ როჯერსმა მისი გაქრობა დადგა, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.

 

ალფრედ როუსი

იმის გამო, რომ რამდენიმე უკანონო შვილისთვის ალიმენტის გადახდა არ სურდა, ალფრედ როუსმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება გადაწყვიტა (1656). გამთენიისას როუსმა გამვლელი კაცი ჯერ თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ მოკლული თავის მანქანაში საჭესთან დასვა და ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ დილის საათების გამო მის დანაშაულს ვერავინ შემჩნევდა, თუმცა ორმა მოწმემ ის მაინც დაინახა. დაპატიმრების შემდეგ როუსი ამტკიცებდა, რომ მანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც კაცი, რომელიც სიგარას ეწეოდა მანქანასთან საწვავის კანისტრების გვერდით დატოვა. პოლიციამ მისი ვერსია არ გაიზიარა. 1931 წელს ის სიკვდილით დასაჯეს. მას შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა არაერთხელ სცადეს დეენემის ნიმუშით როუსის მსხვერპლის ვინაობის დადგენა, თუმცა უშედეგოდ.

 

ჯონ სტოუნჰაუსი

ინგლისელი ჯონ სტოუნჰაუსი 16 წლისა უკვე ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო. დედამისი ცნობილი პოლიტიკოსი, საუტჰემპტონის მერი გახლდათ. ლონდონის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებული წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ 1950-იანი წლების ბოლოს პოლიტიკაში წავიდა და ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გახდა. ჰაროლდ ვილსონის ლეიბორისტულ მთავრობაში ჯერ კავშირგაბმულობის, შემდეგ კი ავიაციის მინისტრად მუშაობდა. მას პრემიერმინისტრობაც სურდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები პოლიტიკურ კარიერაში ხელს უშლიდა. ის ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობდა და თავის მდივანთან და საყვარელთან შეილა ბაკლისთან ცხოვრება სურდა.

1970 წელს ლეიბორისტები საპარალამენტო არჩევნებში დამარცხდნენ და სტოუნჰაუსმა მინისტრის თანამდებობა დაკარგა. ის ბიზნესში დაბრუნდა, მაგრამ ყველა მისი წამოწყება მარცხით დასრულდა. უზარმაზარ ვალებში ჩავარდნილმა და კედელთან მიყენებულმა ყოფილმა მინისტრმა სიტუაციიდან უცნაური გამოსავალი იპოვა. ფრედერიკ ფორსაიტის რომანით The Day of the Jackal შთაგონებულმა გადაწყვიტა იდენტობა შეეცვალა. მოგონილი ადამიანის, ჯონ მარკჰემის სახელზე პასპორტი შეიძინა და 1974 წელს ფლორიდაში (სადაც მდივანთან ერთად იყო), საკუთარი სიკვდილი დადგა.

მაიამის სანაპიროზე, სტოუნჰაუზმა ტანსაცმელი პლაჟზე დატოვა და გაქრა. ყველამ, მათ შორის მეუღლემ და პოლიტიკურმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ის ატლანტის ოკეანეში დაიხრჩო, მაგრამ ამერიკული და ბრიტანული პოლიცია ამ ვერსიას არ ემხრობოდა და ეჭვობდა, რომ სტოუნჰაუსი ჯაშუშურ ისტორიაში იყო გარეული. სტოუნჰაუსის გაქრობა შეიძლება წარმატებული ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება: ის ავსტრალიაში დაიმალა, სადაც ზუსტად მისი დაკარგვის დროს, 7 ნოემბერს, გაქრა ასევე ადგილობრივი მილიონერი რიჩარდ ჯონ ბინგჰემი, რომელიც ცოლის ცემასა და შვილის ძიძის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. როდესაც სტოუნჰაუსი ავსტრალიის ბანკში მივიდა, სადაც ანგარიშზე დიდი თანხა შეიტანა, მოლარე დაეჭვდა, ხომ არ იყო ის ჯონ ბინგჰემი. პოლიციამ მისი თვალთვალი დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ეს სტოუნჰაუსია. ის მელბურნში დააკავეს და რამდენიმე თვეში დიდ ბრიტანეთს გადასცეს, სადაც სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტოუნჰაუსს 1979 წელს ამნისტია შეეხო და ციხიდან გათავისუფლდა. 1981 წელს ის შეილა ბაკლიზე დაქორწინდა. მათ ვაჟიც შეეძინათ. სტოუნჰაუსმა თავისი ისტორიის შესახებ რამდენიმე წიგნი დაწერა, ასევე ხშირად იწვევდნენ სატელევიზიო გადაცემებში. 1988 წლის აპრილში ყოფილი პოლიტიკოსი 62 წლისა მეოთხე ინფარქტის გამო გარდაიცვალა. ავსტრალიელი რიჩარდ ჯონ ბინგჰემი უკვალოდ გაქრა.

 

შალვა დადიანი

სიკვდილის ინსცენირების ფაქტი საქართველოში შალვა დადიანის სახელს უკავშირდება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველმა დრამატურგმა ახლად გახსნილ ფოტოსტუდიაში მევალის მოსატყუებლად ფოტო გადაიღო. ეს ისტორია მოგვიანებით თავად ფოტოს ავტორმა ნიკოლოზ საღარაძემ გაამხილა. მისი თქმით, დადიანმა ასეთი „სპექტაკლის“ დადგმა ერთი მევალისთვის თვალის ასახვევად განიზრახა. ქუთაისის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად დადიანმა შეძლებული კაცისგან ფული ისესხა და თამასუქზე ხელიც მოაწერა. დათქმულ ვადაში ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, არადა ვალდებულების შესრულება უწევდა. ფოტოს გავრცელების შემდეგ შალვა დადიანის მოულოდნელი „გარდაცვალების“ ამბავი ბევრმა დაიჯერა, მათ შორის მევალემაც, რომელმაც იფიქრა, რომ ვალს ვეღარ დაიბრუნებდა და თამასუქი დახია.