"გუშინ წყალს გაყვა ჩემი წილი საქართველო! ჩემი ბავშვობის მეგობარი ოჯახთან ერთად ცდილობდა ზუგდიდში გადასვლას... ექიმთან უნდა მიეყვანა ცოლი... სიმონასაც ბევჯერ შესთავაზეს აფხაზური პასპორტი, მაგრამ არ დათანხმდა..."

სოციალურ ქსელში გალში მცხოვრები ნიკო მიქაია გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს...

"გამარჯობა საქართველო!

მე ლევანი მქვია. 39 წლის ვარ და გალში ვცხოვრობ! ქართველი ვარ! ყველაზე დაჩაგრული ქართველი!

პატარა ბიჭი ვიყავი ომი რომ დაიწყო! შეეძლო მამაჩემს წავსულიყავით აქედან. ხო მართლა, მამა არ მყავს! ის ომის მერე დაიღუპა. რუსებმა მოკლეს თაგილონში. 16 წლის ვიყავი მაშინ! მეც შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? ჩემი სახლი ყველაფერს მერჩივნა.

აგერ 30 წელია თითქმის რაც ასეთ დღეში ვარ. ვერ გამიგია რა უნდა გავაკეთო? ერთი ის ვიცი, რომ არ მინდა ჩემი სახლის დატოვება! ქართველი ვარ! ამიტომაც ზუგდიდში მირჩევნია ხოლმე გადასვლა! ენგურის ხიდით გადავდიოდით ხოლმე სულ! ყველა გადასვლა-გადმოსვლაზე რუსებს ვუხდი ფულს, რომ სახლში დავბრუნდე! მითხრეს, აიღე აფხაზური პასპორტი და სოხუმში იარე, რა გინდა ზუგდიდშიო? მაგრამ როგორ ავიღო აფხაზური პასპორტი? მე ხომ ქართველი ვარ!

გუშინ წყალს გაყვა ჩემი წილი საქართველო! ჩემი ბავშვობის მეგობარი ოჯახთან ერთად ცდილობდა ზუგდიდში გადასვლას! ექიმთან უნდა მიეყვანა ცოლი! საქართველოს მთავრობას კი რეგულაციები აქვს და 5 დღე კარანტინი უწევდა. ჩვენმა მეზობელმა გოგიამ უთხრა მე გადაგიყვანო ,,ჩორნი ხოდითო”! სხვა გზა არ ჰქონდა სიმონას და გაყვა მას! სიმონასაც ბევჯერ შესთავაზეს აფხაზური პასპორტი, მაგრამ არ დათანხმდა! ისიც ქართველი იყო და არასოდეს უფიქრია უარი ეთქვა საქართველოზე! გუშინ კი წყალმა წაიღო მისი და მისი ოჯახის ცხოვრება! წყალმა წაიღო ჩვენი წილი საქარფველო! რატომ უნდა მჭირდებოდეს მე, ქართველს, ერთი რაიონიდან მეორეში გადასასვლელად კარანტინი, როცა რუსები თავისუფლად ჩამოდიან საქართველოში! ვუყურებ საქართველოს და ვის რაში აინტერესებს როგორ ვართ ჩვენ აქ? რას ვაკეთებთ, რაც ვჭამთ და რას ვსვამთ? მთავრობა კარგი, მაგრამ ხალხი? სად არის ხალხი? სად არიან ჩემნაირი ქართველები, რომლებსაც გული კი დაწყდათ სიმონას ამბავზე, მაგრამ აზრი? მაშინ გადახტა წყალში, როცა რუსები გამოეკიდნენ! რომ არ გადამხტარიყვნენ დაიჭერდნენ ეს შობელძაღლები! რა იცის ბევრმა რამდენი უნდა ვიწვალოთ ახლა მათ გადმოსასვენებლად?

ეჰ, წყალში დაიხრჩო გუშინ ჩემი წილი საქართველო!

მეზობელი მყავს ერთი კიდევ: ირაკლი ჰქვია, ბებუაა გვარად! დრანდის ციხეში ზის და კაცმა არ იცის ცოცხალი გამოვა თუ არა! გალში ცხოვრობდა ისიც და აფხაზეთის დროშა დაწვა, საქართველოა აფხაზეთიო! იმას იქ აწამებენ და ესეც შეირგო ჩემმა საქართველომ! ესეც გადაყლაპა! დრანდის ციხეშია ჩემი წილი საქართველო! კარგი ბიჭია ირაკლი! უყვარს ეს ქვეყანა! დრანდიდანაც ძალიან უყვარა ქართველები და საქართველო! ის საქართველო, რომელიც არაფერს აკეთებს მის გასანთავისუფლებლად!

სამეზობლო ვიყავით დღეს შეკრებილი! ყველა ჩუმად იყო! მთელი სოფელი აქ ვიყავით და ყველას ძალიან დიდი შიში აქვს ახლა ზუგდიდში გადასვლის! არადა, რა უნდა ვქნათ სხვა? მოგვადგებიან ალბათ ამ დღეებში და ისევ აფხაზურ პასპორტებს შემოგვთავაზებენ! მერე რა უნდა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?

მიყვარს საქართველო, მაგრამ... გუშინ წყალმა წაიღო ჩემი წილი! ვფიქრობ ზოგჯერ: ვახსოვართ რო ვინმეს ენგურს გადაღმა? ფიქრობენ ნეტა ჩვენზე? 30 წელია არავინ შეგვიწუხებია და ამიტომ დავიმსახურეთ კარანტინი ზუგდიდში ჩასასვლელად?

ვზივარ ახლა და ვფიქრობ: რა უნდა ვქნათ ხვალ თუკი პასპორტს შემომთავაზებენ? დავთანხმდე და ვიარო სოხუმში თავისუფლად თუ გავრისკო ხოლმე მეც ენგურში შეცურვა, რომ ზუგდიდში წამლები ვუყიდო დედაჩემს? მიყვარს ქართველები, მაგრამ წყალს მიაქვს ჩემი წილი საქართველო!

დავბერდი უკვე და აღარ მინდა ასე ცხოვრება! აღარ მინდა ხიდზე ურმით სიარული და სახლში დასაბრუნებლად ფულის გადახდა! ნორმალური ცხოვრება მინდა ჩემს სახლში! რუსი მე მართმევს ხოლმე ჩემს ნაწვალებ ფულს და თბილისში თავისუფლად ჩამოდის, კომენდანტს არღვევს და ელარჯს ჭამს თბილისში! რუსმა მოკლა სიმონას ოჯახიც, რუსს ჰყავს ირაკლიც ციხეში ჩაკეტილი! რუსმა მოგვიკლა ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, გიგაც რუსმა მოგვიკლა, ოთხოზორია! მაგრამ ენგურს გადაღმა საქართველოში ვერა და ვერ გაიგეს, რომ რუსი მტერია, რომელიც გვკლავს ენგურს გადმოღმა ქართველებს!

ვზივარ ახლა ენგურის პირას და ვფიქრობ: რა ვუთხრა აფხაზს, რომელიც ხვალ ისევ აფხაზურ პასპორტს შემომთავაზებს? ამასობაში კი ენგურის ტალღებს მიაქვთ და მიაქვთ ჩემი წილი საქართველო!

პ.ს. ზედმეტი კითხვები რომ არ იყოს, ირაკლი ბებუას გარდა ყველა პერსონაჟი გამოგონილია! მაგრამ დამერწმუნეთ, გალის მაცხოვრებლების გულის ტკივილია ამ ყველაფერში! ამოვიღოთ მეგობრებო ხმა და დათვს ბაბაიას ნუ დავუძახებთ! წყალი წაიღებს ჩვენს წილ საქართველოსაც თუ არ გამოვფხიზლდით! მერე კი გვიან იქნება!"