"კა გე ბე"-ს თანამშრომელმა დამირეკა­, სასტუმრო "თბილისის" საუნაში­ მივსულიყავი... მასაჟი უნდა გამეკეთებინა..."

კირილ ზაიაკინს და მის მეუღლეს, ნინო ფურცელაძეს ბევრი იცნობს.­ ისინი მასაჟისტები არიან. კირილი ექიმ-მანუოლოგიც არის და მათ ყოველთვის პოლიტიკოსები, მომღერლები და საზოგადოდ, ელიტური საზოგადოება ანდობდა თავს. კირილი ამჯერად ამერიკაში, მაიამიშია მიწვევით, სადაც NBA-ს კალათბურთის გუნდთან მუშაობს.

- როგორ გაიცანით ლაიმა ვაიკულე?
- კა-გე-ბეს თანამშრომელმა დამირეკა­, სასტუმრო "თბილისის" საუნაში­ მივსულიყავი. მივედი, გაიღო კარი და შემოდის ქერა ქალი, თურმე ლაიმა ვაიკულეა. ალა პუგაჩოვა რესტორანში გავიცანი, მოგვიანებით მასაჟი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ღამით წაიყვანეს და ვერ მოხერხდა.
თბილისში ერთი ძალიან ცნობილი "კანონიერი ქურდი" ჩამოვიდა მოსკოვიდან. ერთ დღესაც ჩემს კაბინეტთან ჯიპი გაჩერდა. ავტომატიანმა დაცვამ გადმოაცილა. მოკლედ, მასაჟი გავუკეთე. მეორე დღეს მისი წერილი გადმომცეს, მანქანით წყნეთში უზარმაზარ აგარაკზე წამიყვანეს,"ჯიპიდან" რომ ჩამოვედი, დაცვა ავტომატებით გადამეღობა, გამოვიდა ეს ქურდი და მეუბნება, თითი მტკივა და ერთ კვირაში თუ მომარჩენ, მილიონს მოგცემ, ორ კვირაში ისევ მილიონს, თუ სამ კვირაში, ნახევარს. ამ სახლში იცხოვრებ და ჩემ შესახებ არავის არაფერს ეტყვიო. ერთ კვირაში მოვარჩინე, ჩამოვიდნენ მისი შვილები, სუფრა გაშალეს და ამ დროს ინფარქტი დაემართა და სასწრაფოდ ისრაელში გადააფრინეს, იქ გარდაიცვალა... ასე გაფრინდა ჩემი მილიონი.

- თქვენ და თქვენს მეუღლეს ერთი პროფესია გაქვთ, საქმემ დაგაკავშირათ ერთმანეთს?
- არა, ჩვენი პროფესია მხოლოდ დამთხვევაა. ერთი თვით პოლონეთიდან ჩამოვედი. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დადიოდა ჩემთან, შემდეგ ისე დავახლოვდით, მომნათლა. ლაშას ძალიან უნდოდა ქართველი ცოლი მომეყვანა და საქართველოში დავრჩენილიყავი. მე და ნინო საერთო მეგობარმა გაგვაცნო, მერე გული გადავუშალე, ვუთხარი, ჩემი ნათლია ძალიან მთხოვს, ცოლად ქართველი ქალი მოვიყვანო-მეთქი. მაშინ მე 35 წლის ვიყავი, ნინო 24-ის. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა.