მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხევსურეთში მომხდარ საოცარ ისტორიას იხსენებს:
"საქართველო ზუსტად ეს არის 
საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მე -19 საუკუნეში მეფე (ერეკლე II) ცრიდა თავის შვილებს და სოფელ ანატორის მოსახლეობა. იცოდა, რომ სოციალური დისტანცია არის ერთადერთი გზა  რომ გადაარჩინო სხვები
21-ე საუკუნეში რა გვჭირს? 
ეს ყველამ უნდა წაიკითხოს
სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს.  როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს  რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ მით უმეტეს, დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა.  ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის.
ერთი ხევსურის ჩანაწერიდან:
“ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში… ალბათ უმეტესობას არ სმენია ამის შესახებ, ხოლო იმათ, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც მოეპოვება მის შესახებ, არ შეუძლია ამ დიდებული ხალხის პატივისცემის, ცრემლისა და სევდის გარეშე გახსენება.
მე-19 საუკუნეში ხევსურეთს, კერძოდ, ანატორის მოსახლეობას თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა შავი ჭირის სახით. მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის ნახევარი მსოფლიო ოხრავდა შავი ჭირისგან.
გასაკვირია, ხევსურეთში საიდან, როგორ გაჩნდა ეს სენი, მთებში… სენი მხოლოდ ანატორის მოსახლეობას მოედო.
*
შავ-თეთრი სოფელი მაქვს.
*
მეც სიკვდილი ვარ
ფანდურითა და არყით ხელში.
*
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.
*
გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.
*
გაღმასოფელში ასკილი ყვავის.
*
სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან
და შემობერილ ნიავს
თვალებით ეფერებიან.
*
სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით – სიჩუმე.
*
სიცოცხლის მძევლად
ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.
*
ჩემი შვილებიც აქ არიან.
მე აღარ ვსუნთქავ,
რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.
*
მკვდარი რწმენა ვარ.
*
ამ წვრილ სარკმელში
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.
*
მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და
ძილი არ გვეკარება.
*
დედა ტიროდა:
“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”
*
ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.
*
შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.
*
მე – ორჯერ მკვდარი.
*
სხედან სიკვდილშეყრილი ქალები,
ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ.
*
ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა – “ღმერთო”.
ჩავაცვით.
*
წყალგაღმა მოჩანს საფლავების
თეთღი ლოდები და მათი ჩრდილი
აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს.
*
მკვდრებიც სუნთქავენ.
*
უსაფლავოდ ვარ დარჩენილი.
*
დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია.
*
ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ,
ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს.
*
მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.
*
მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.
*
რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.
*
ქალაქისოდენი ღამეა.
*
ჩემს სახლს ასტკივდა
კედლები და ღია ფანჯრები.
*
ვცდილობ, ფეხი არ დავაბიჯო
მკვდარსა და ცოცხალს.
*
მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.
*
ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და
არ სუნთქავს.
*
ყვავილები არ საუბრობენ.
*
აქ გაღმერთებაც შეიძლება,
ოღონდ მოვკვდები.
*
“იხმაურეთ” – ასე ვარიგებთ ბავშვებს,
ბეღურებივით შემოსახლებულებს,
სიკვდილშეყრილებს.
*
ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი.
*
ვწევარ და სიკვდილს ველოდები,
როგორც გაღვიძებას.
*
შენ გამაჩინე, დედაჩემო, –
შენი ტკივილი.
*
სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს,
მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან.
*
აღარ იტიროთ-
ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.
*
ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი
აკვანს არწევს – იქ კი გოგოა
წინა ზაფხულს დაბადებული.
*
სიკვდილის მძევლები ვართ.
*
სიკვდილში ვდგავარ-
სიცოცხლეში?!
ვეღარ გავიგე.
*
ჩემი სიმშვიდე –
უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული.
*
წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა
ცოცხალი დამიტირა.
*
დღეს მგონი ვკვდები.
ვეღარ ვსუნთქავ,
ვეღარც ვიცინი.
====================
გიორგი არაბული"