ლევან ჰყავს და, ის და ბებია სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ სახლიდან გაქცეულან - რა გახდა ხელვაჩაურში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი, სადაც მამამ ცოლი და 21 წლის შვილი მოკლა

ხელვაჩაურში ტრაგედია დატრიალდა, მამამ ცოლი და 21 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გარდაცვლილია 21 წლის ლევან საგინაძე, რომელსაც ბევრი ოცნება დარჩა აუსრულებელი.

"ყველანი გაოგნებულები და შეძრულები ვართ ამ ტრაგედიით. ოჯახის წევრები, ნათესავები და მთელი სოფელი ჯერ კიდევ შოკშია. არ ვიცით რა და როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ საშინელება დატრიალდა.

ვიცით, რომ თემურ საგინაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ის ცოლ-შვილთან ერთად ერთად სოფელ ჭარნალში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი – ქალ-ვაჟი.

რამდენიმე დღის წინ მე და ლევანმა ერთად ვიმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით… ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი. ბევრი ვისაუბრეთ. მერე მკითხა, ხომ არ იცი სად შეიძლება, რომ უფასოდ მივიღო უმაღლესი განათლებაო. ერთი დიდი ოცნება ჰქონდა, უნდოდა საზღვაო სასწავლებელში ჩაებარებინა და მეზღვაური გამოსულიყო, მაგრამ ეს ოცნებაც აუსრულებელი დარჩა…
ლევან ჰყავს და, რომელსაც ფარმაცევტული აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. როგორც გავიგეთ, ის და ბებია სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ სახლიდან გაქცეულან, მაგრამ დედისა და ძმის გადარჩენა ვერ შეძლეს…“ – ამბობს ოჯახის ნათესავი…

 შეგახსენებთ, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.