კიდევ დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა.... რაც შეეხება ომიკრონის სიმპტომებს - ეს სიმპტომები არის უფრო წინა პლანზე

ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა – მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა "ომიკრონს" მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი "ომიკრონის" გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება – განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება "ომიკრონის" სიმპტომებს, ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ მას ახასიათებს კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი.

"ეს სიმპტომები არის უფრო წინა პლანზე, რაც ნებისმიერი რესპირაციული დაავადებისთვის არის იდენტური. ერთადერთი შესაძლებლობა, ადამიანმა დაადგინოს, აქვს თუ არა ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი, არის ტესტირება. კლინიკური სიმპტომებით ვირუსული დაავადების ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია",- განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი აღნიშნავს, რომ  "ომიკრონით" ინფიცირების დროს საკმოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები, ასევე ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, კულუმბეგოვი მოქალაქეებს ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ურჩევს.

"კარგი ინფორმაცია ის გახლავთ, რომ მესამე "ბუსტერის" დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75%-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდეგ მხოლოდ 35%-ია. ამიტომ, ადამიანებმა რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, ან რაც შეიძლება სწრაფად, ვისაც ის ეკუთვნის, ვაქცინის ბუსტერული დოზა დაიმატონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ ამ ინფექციის დამაზიანებელ მოქმედებას, რომელსაც ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა იგრძნობს", – განაცხადა კულუმბეგოვმა.