ახლა, კლინიკაში ვიმყოფები... ჩემს ოჯახში გლოვა და ტირილია, მე არ მიმღერია, რუსული ტელეარხები სიცრუეს ავრცელებენ

მომღერალმა თამარ გვერწითელმა ისაუბრა თუ როგორი გლოვაა მის ოჯახში და რომ ამ სტრესის ფონზე მასაც პრობლემები შეექმნა, მომღერალი პრაიმტაიმთან საუბრისას აღნიშნავს იმას, რომ დედამისი წარმოშობით უკრაინელია და ის არ ემხრობა რუსულ მოქმედებებს უკრაინაში, რომ ის მალე საქართველოში წამოსვლას აპირებს უახლოეს მომავალში.

-  თუ გაქვთ ინფორმაცია, რუსეთში მყოფმა რომელმა ქართველმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა კრემლში გამართულ კონცერტზე? 

- არ ვიცი, რომელი ქართველი მღერის ახლა კრემლში გამართულ კონცერტზე. ცუდად ვარ და არაფერი ვიცი. 

- აპირებთ რუსეთის დატოვებას სხვა ადამიანების მსგავსად?

- პირველივე დღეებში ვფიქრობდით მე და დედა რომ რუსეთი დაგვეტოვებინა, მაგრამ რადგან ცუდად ვარ, ყურადღება ამ საკითხისკენ გადავიტანე. ამ კვირებში გაირკვევა ყველაფერი - თუ წამოვალ, ჩემს სამშობლოში წამოვალ, მიუხედავად ამხელა ცილისწამებისა, მე ქართველი ვარ. თუ ასეთი სტრესი იქნება და ეს საშინელება გაგრძელდება, რომელ სიმღერაზეა საუბარი.

- რუსეთ-უკრაინის ომში მხარს უჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას? 

დედა ოდესელია. პოლიტიკას სულ რომ არ შევეხოთ, წარმოიდგინეთ ის გლოვა და ტირილი, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. მე პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულვარ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის რაც ხდება იმდენად სტრესულია, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შემექმნა. ამიტომაც, მივიღე შემოქმედებითი პაუზის აღების გადაწყვეტილება, ვერსად ვიმღერებ.