ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა... ზოიას ქმარს ეს კაცი კინაღამ ცემით შემოაკვდა, ზოიას კი უთხრა, ახლავე ადექი და წადი შენს მშობლებთანო

სოციალურ ქსელში უკვე ძალიან პოპულარული ქალის შესახებ "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მის თანასოფლელს ესაუბრა, რომელმაც დაწვრილებით უამბო ჟურნალისტს თუ ვინ იყო ქალბატონი ზოია და როგორ ტრაგიკულად განვითარდა მისი ცხოვრება. 



ზოია და მისი ქმარი მართლაც ულამაზესი წყვილი იყო და რომ არა ის დაწყევლილი შემთხვევა, რაც იმ ღამეს მოხდა, ალბათ, ბედნიერები იქნებოდნენ დღესაც. მათი ბედნიერება ბედისწერას არ სურდა - გამოჩნდა კაცი, რომელიც ზოიას ხელში­ ჩაგდების სურვილს ვერ მოერია და ამ ორს ცხოვრება დაუნგრია. ზოია ვეტერინარი იყო, ის კაცი კი მის გვერდით მუშაობდა და ქალი ისე უყვარდა, მის ხელში ჩასაგდებად ყველა საშუალებას­ იყენებდა. ბოლოს ზოიას ქმარსაც კი დაუახლოვდა, მისი წასვლა-მოსვლისაც ყველაფერი იცოდა, ზოიას კი, ალბათ, ამ ამბის ქმრისთვის გამხელა უჭირდა, ვერ ბედავდა... ამასობაში, ერთ ღამეს, როდესაც ზოიას ქმარი შინ არ იყო და, წესით, არც უნდა დაბრუნებულიყო, ეს კაცი დათვრა და შუაღამისას მძინარე ქალს მიადგა, მაგრამ რადგან სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა, ფანჯარაში დააპირა გადაძრომა. სწორედ იმ დროს და, ალბათ, ბედისწერის გამოც, ზოიას ქმარი­ შინ დაბრუნდა და კაცს თავზე დაადგა... ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცის. ისიც ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა - ახლავე ადექი, ჩაიცვი და შენს მშობლებთან წადი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. და იმ ღამესვე მუკუზნიდან შაშიანში ქალიშვილი და შვილიშვილი თავადვე გადმოუყვანა ზოიას დედ-მამას, რომლებიც ელდით მალევე დაიხოცნენ. ბავშვი სულ ორი წლის იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

- ჩანს, ქალი თავმოყვარე და მგრძნობიარე იყო. ქმარი რომ არ ჰყვარებოდა და მისთვის მართლაც ეღალატა, მასთან განშორება ფსიქიკურად ხომ არ შეშლიდა, თუმცა, ალბათ, ბევრი დარწმუნებული იყო მის ღალატში...

- მხოლოდ ზოგიერთი. ისინი ამბობდნენ, ქალმა თუ არ მისცა საბაბი­, კაცი მასთან ახლოსაც ვერ მივა, ესე იგი, იმ კაცს საბაბი ჰქონდა, იმიტომაც მიადგა შინო, მაგრამ სხვები ხომ ხედავდნენ, რომ ზოია გათხოვებამდეც ასკეტივით ცხოვრობდა და გათხოვების შემდეგაც. ზოგიერთი ამ ამბავს ასე "ხსნიდა": საწყალს თავისმა ვეტერინარმა თანამშრომლებმა პირუტყვის აღსაგზნები წამალი დაალევინეს, რომ ქმრის გარდა სხვაც შეჰყვარებოდაო.

- მის მეუღლეს რა ბედი ეწია?

- მხოლოდ მეუღლეზე კი არა, იმ კაცზეც გეტყვით, რომელიც ზოიას ცხოვრების დამხობის მიზეზად იქცა. ის ისე გარდაიცვალა, სიხარული არ ღირსებია, ყველა თავისი საყვარელი ადამიანის სიკვდილს მოესწრო. ზოიას ქმარმა მოგვიანებით ცოლი შეირთო, მაგრამ ცხოვრება­ ვერ ააწყო, პირიქით, სმას მიეძალა და ცოლთან გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა... ბოლოს საკუთარ სახლში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. თავში რაღაც მძიმე საგნის კვალი ჰქონდა. ბევრმა ეს ამბავი ცოლს დააბრალა, ის მოკლავდა, ხშირად ჩხუბობდნენო, ცოლმა კი, რომელიც ამ დროს თბილისში იყო, პოლიციას უთხრა, ალბათ, დათვრებოდა, წაიქცეოდა და თავადვე დაარტყამდა თავს რაიმესო. მოკლედ, ყველას ცოდვის კალო დაუტრიალდა, ვისაც ზოიას უბედურებაში ოდნავ მაინც ხელი ერია...