ამ საშინელ სამედიცინო კლინიკაში წუხელ, მე და ჩემს პატარა შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი გადაგვხდა თავს... დასისიხლიანებული ბავშვის კლინიკიდან წამოყვანა არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა

ჟურნალისტი ანი მიროტაძე კლინიკაში მომხდარი შემზარავი ისტორიის შესახებ წერს, რომელიც მას და მის შვილს გადახდათ თავს და არცერთ დედას და ბავშვს ურჩევს ამ საშინელი კლინიკით სარგებლობას.



"ამ საშინელ სამედიცინო კლინიკაში https://www.facebook.com/AmericanHospitalTbilisi/ 
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი - წუხელ, მე და ჩემს პატარა შვილს ნამდვილი ჯოჯოხეთი გადაგვხდა თავს. საბედნიეროდ, მე და ჩემს ოჯახს სამედიცინო კლინიკებთან ხშირი კონტაქტი არ გვიწევს და ამ დრომდე ასე პირისპირ ამ პრობლემის წინაშე არასოდეს ვყოფილვარ და გუშინ სრულიად გავიაზრე, რა დღეში არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დახმარება სჭირდებათ და ასეთი ტიპის სამედიცინო დაწესებულებები სთავაზობენ დახმარებას და მათაც სხვა გზა და სხვა არჩევანი არ აქვთ! 
ამბავი დაიწყო იმით, რომ ჩემს პატარა შვილს საშინელი ტკივილით და ტირილით გაეღვიძა. თავიდან ვერ გავიგეთ რა აწუხებდა, ვცადეთ მისი დახმარება, სახლის პირობებში, რაც ვერ შევძელით და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. 
სასწრაფოს ექიმები ძალიან სწრაფად მოვიდნენ და საჭიროდ ჩათვალეს ბავშვის კლინიკაში გადაყვანა. წავედით მათ მიერ შერჩეულ კლინიკაში (პატარა ბავშვისთვის ეს კლინიკა რატომ შეირჩა, არ ვიცი). მივედით კლინიკაში, სადაც ბავშვი ძალიან შეწუხებული შევიყვანე და ტკივილისგან გაუთავებლად ტიროდა. ამ უცნაურ და საშინელ დაწესებულებაში  არ აღმოჩნდა არავინ, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი პატარა ბავშვის გამო შეწუხდებოდა და შემომეშველებოდა. ჩემი მეუღლე ჯერ  არ შემოუშვეს, მე კი მიმითითეს რაღაც კონკრეტულ ადგილზე, სადაც ბავშვი უნდა დამესვა. რადგან თან მქონდა ბავშვისთვის საჭირო ნივთები, როგორღაც მოვახერხე ბავშვის მითითებულ ადგილზე დასმა და უცებ ყურში მესმის ვიღაცის უკმეხი ხმა - ფეხსაცმელები გახადეთ ( ისედაც ვაპირებდი, ბუნებრივია!). პარალელურად კიდევ სხვა მთხოვს, სასწრაფოდ მივცე ბავშვის დაბადების მოწმობა, რომ რეგისტრაციაში გაატარონ, სხვა შემთხვევაში პროცედურას ვერ დაიწყებენ. ამ დროს ჩემი შვილი განწირული ხმით ტირის, საშინელი ტკივილის გამო. იქ მყოფი ადამიანები, ალბათ ექიმები, ჯერ ბავშვისთვის ვერ იცლიან (და არც აპირებენ), სასწრაფოს ექიმთან არკვევენ რაღაც დეტალებს. ელემენტარული საკითხია - ბავშვის ამ მდგომარეობის გამო შოკში ჩავარდნილ და აღელვებულ დედას რომ უნდა დაეხმარო. 

ძალას ვიკრებ და მათ ვეუბნები, რომ ბავშვს შესაძლოა ყურები ტკიოდეს, რადგან ტირილის დროს ყურებზე იკიდებდა ხელს. გადაწყვიტეს, რომ ბავშვს ყურები  დაუთვალიერონ. მოდის პედიატრი. ყურების დათვალიერების დროს ბავშვს ყურებიდან სისხლი  სდის. რეაგირება არანაირი. კლინიკაში ალბათ ჰიგიენური საშუალება არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რამეს მომცემდნენ, რომ ბავშვისთვის ეს სისხლი მომეშორებინა. ისევ მე ვახერხებ ჩანთიდან ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცის ამოღებას და  ვცდილობ, ჩემი შვილი დავამშვიდო.  პარალელურად,  ერთი იქ მყოფთაგანი (არც მისი ვინაობა ვიცი), მაწვდის შპრიცით ნუროფენს, რომ ბავშვს მივცე. გაღიზიანებული ბავშვი ყველაფერზე ძალიან მგრძნობიარეა და მიჭირს მიცემა. როგორღაც მოვახერხე. აქვე განვმარტავ - ბავშვი ისევ ისეთი განწირული ხმით ტირის. არავის აქვს სურვილი, რომ  ბავშვს ხელი მოკიდოს და ცოტა მაინც შემომეშველოს. სამაგიეროდ, დამამშვიდეს, ახლა ნუროფენი იმოქმედებს და დამშვიდდებაო. მიხარია, იმის მიუხედავად, რომ ნერვიული აფეთქების ზღვარზ ვარ. იქვე გადაწყვიტეს, რომ პედიატრის კონსულტაცია საკმარისი არ არის, ოტორინოლარინგოლოგმა უნდა გაგიწიოთ კონსულტაციაო. ველოდებით  ოტორინოლარინგოლოგს ბავშვის განწირული ტირილის ფონზე, თუმცა მე მაინც მიხარია, რადგან ექიმები მამშვიდებენ, ნუროფენის მოქმედებას დრო უნდა და უშველისო. ოტორინოლარინგოლოგიც მოვიდა. რადგან ჩემი შვილი განწირული ხმით ტიროდა, ჩემმა მეუღლემ მათი წესები დაარღვია და შემოგვეშველა. ახლა ორივე ვეხმარებით  ოტორინოლარინგოლოგს. 
პროცედურა დასრულდა, დიაგნოზიც მივიღეთ - ყურის არაჩირქოვანი ანთება, დაუზუსტებელი.  3 ახალგაზრდა ქალბატონი, დიდი ალბათობით ექიმები, შეთანხმდნენ ოტორინოლარინგოლოგთან და დანიშნულებაც მოგვცეს. გამოგვიშვეს, ბავშვი აღარ ტირის, მაგრამ ძალიან შფოთავს და მე ძალიან მეჩქარება დავტოვო იქაურობა, რადგან ამ სურათის ყურება დიდი ხნით  აღარ შემიძლია და ვგრძნობ, რომ მითმინების ზღვარზე ვარ. 
მოვიკითხე ბავშვის დაბადების მოწმობა - რეგისტრატურაშიაო, მიმითითეს და გზაც მიმასწავლეს. მივდივარ რეგისტრატურაში და დაბადების მოწმობასთან ერთად, იმასაც ვამოწმებ, მაქვს თუ არა რამე გადასახდელი ან რამდენი. 
- იცით, საყოველთაო დაზღვევა ამ გადაუდებელ დახმარებას არ ანაზღაურებს და თქვენ უნდა გადაიხადოთ 140 ლარი, პედიატრის და  ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციის საფასური - მეუბნება რეგისტრატორი გოგონა. არც მეკითხება,  კერძო დაზღვევა მაქვს თუ არა. მშვიდად ვიხდი თანხას და ვეკითხები - ვთქვათ მშობელს არ აქვს ეს თანხა, გადაუდებელი, საშინელი ტკივილებით მოიყვანა ბავშვი, თქვენ როგორ იქცევით? 
- ამ თანხაზე ერთი კვირის ვადას ვაძლევთ, რომ გადაიხადოს, - მპასუხობს ცოტა დაბნეული. 
თუ ვერ გადაიხადა? - ვაზუსტებ კითხვას თან ანგარიშფაქტურას ველოდები, უნდა გაგატანოო, მითხრა. რადგან ჩემი შვილი ოდნავ დაწყნარდა, ველოდები ანგარიშფაქტურასაც და პასუხსაც - ამ თანხისთვის ხომ არ დავიჭერთ ვინმეს.  ყოფილა შემთხვევები, რომ მშობელს ვერ გადაუხდია, მაგრამ რაღას ვიზამდითო, - კიდევ უფრო იბნევა ახალგაზრდა გოგონა. 
- ასე ანგრევთ ქვეყანას და თქვენც ამ ნანგრევებში მოყვებით, - ვეუბნები დაბნეულ გოგონას, რომელიც ისედაც ხვდება, რომ ძალიან უხერხული ვითარება.  იქ მყოფი პაციენტებიდან და მათი ახლობლებიდან, რომლებიც ამ სცენას შეესწრნენ, რა რეაქციაც იქნებოდა, ისედაც მიხვდებით, აღარ დავწერ. 
-  გამოვდივართ ამ ჯოჯოხეთიდან, მე ხელში ანგარიშფაქტურით და ჩემი მეუღლე ჩემი 3 წლის შვილით, რომელიც აღარ ტირის, მაგრამ მაინც ძალიან შეწუხებულია და ყურები დასისიხლიანებული აქვს. ბუნებრივია, დასისიხლიანებული ბავშვის კლინიკიდან წამოყვანა არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?!!!!! 
ახლა რატომ ვწერ ამ ამბავს - მთელი ღამე გავათენე, იმის მიუხედავად, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი, ვერ დავიძინე და ყურებში გაბმულად მესმოდა ჩემი შვილის მსგავსად, ათასობით და ათიათასობით ბავშვის განწირული ტირილი, რომლებიც მშობლებმა კლინიკაშიც კი ვერ წამოიყვანეს და ალბათ ვერც მომავალში წამოიყვანენ, რადგან დედას და მამას ფული არ აქვს, საყოველთაო დაზღვევაც არ აზღვევს, სახელმწიფოც ჩამოშლილია და ჯანდაცვის სისტებაც. 
https://www.gov.ge https://www.facebook.com/GeorgianGovernment 
https://www.facebook.com/GaribashviliOfficial.
https://www.facebook.com/mohgovge 
https://www.facebook.com/parliamentgeo
https://parliament.ge/
ამ პოსტზე მოვნიშნე ყველა პასუხისმგებელი პირი და უწყება, ოღონდ მათი მხრიდან რეაგირების მოლოდინები საერთოდ არ მაქვს, რადგან მათ ამის გაგება არ შეუძლიათ და არც უნდათ.  პრინციპში მე ეს არც მჭირდება, როგორმე მოვახერხებ რამეს და დავიცავ ჩემს შვილებს, მაგრამ ათიათასობით ბავშვი ამ საშინელი სისტემისგან და განუკითხაობისგან სხვანაირად როგორ დავიცვა?!  და კიდევ  - სადღაც და ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს განუკითხაობა და სიბნელე. ოდესმე საზოგადოებამ ხომ უნდა შეაჩეროს ეს თავზეხელაღებული სიველურე, რომელმაც შეაღწია ყველგან - საავადმყოფოებში, სკოლებში, ბაღებში, მერიებში, გამგეობებში, და ა.შ. მოკლედ ყველგან!!!! - ჩვენს სულებში - გამოგვფიტა და დაგვაცარიელა. ოდესმე საზოგადოებამ ხომ უნდა დაიცვას ადამიანად ყოფნის უფლება, ამ გადაგვარებულობაში, უსულობასა და სიველურეში. 
პ.ს. ახლა ბავშვი სხვა კლინიკაში მიმყავს, სხვა ექიმთან, რომელიც ჩემთვის სანდო და გულისხმიერმა ექიმებმა შემირჩიეს." - წერს ანი მიროტაძე სოციალურ ქსელში.