ყველამ ერთხმად დამიწყო ლანძღვა, ყვირილი, შეურაცხყოფა... აუცილებლად უნდა დამეწერა აქ, რათა ჩემსავით თქვენც არ მოტყუვდეთ

ერთ-ერთ ჯგუფში, კერძოდ კი "სასოწარგვეთილი მომხმარებლების" ჯგუფში, რიგითი მოქალაქე და მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას აფრთხილებს იმის შესახებ თუ როგორ იტყუებიან ვაგზალზე მოვაჭრეები შეთანხმებულად დამოუწოდებს სხვა მომხმარებლებს რომ აუცილებლად გადაამოწმონ იმ პროდუქტის წონა, რასაც ყიდულობენ.
"როგორ გვატყუებენ მომხმარებლებს ვაგზლის ბაზარში. აუცილებლად უნდა დამეწერა აქ, რათა ჩემსავით თქვენც არ მოტყუვდეთ.
ამბავს ვყვები უტრირების გარეშე, მხოლოდ ფაქტებით. ვაგზლის მეტროს ამოსასვლელთან, ცაბაძე-თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთაზე, ქალები დახლებზე ყიდიან ხილს და ბოსტნეულს.
წლებია მანდ ვყიდულობ პროდუქტს, მაგრამ აზრად არ მომსვლია, რომ შეიძლება მატყუებდნენ.
დღეს ერთ-ერთ დახლზე ვიყიდე ჟოლო კალათით, კილოგრამი - 10 ლარი. ჩემ თვალწინ ამიწონა სასწორზე, დაეწერა 2 კილოგრამი, გადავიხადე 20 ლარი.
გზად შევიარე მაღაზიაში, ვიყიდე კილონახევარი სიმინდი. გამოსვლისას ვგრძნობ, რომ სიმინდი უფრო მძიმეა, ვიდრე ჟოლოს კალათი.
შევბრუნდი მაღაზიაში და ვთხოვე ჟოლოს აწონვა. სასწორზე დაეწერა 1300 გრამი ...
ჩემი გაოცების შემდეგ, გამყიდველი მეკითხება, შემთხვევით, იმ ქალებთან ხომ არ ვიყიდე, რადგან ყოველთვის იტყუებიან წონას და მათთან არაფრის ყიდვა არ ღირს.
მივბრუნდი ჟოლოს გამყიდველთან, ვთხოვ, თავიდან ამიწონოს, რადგან სხვაგან შევამოწმე და 2 კილო არ არის რეალურად. მართმევს ჟოლოს, აბრუნებს დახლზე და თან იწყებს ლანძღვას, როგორ გავბედე პრეტენზიებით მიბრუნება, სულ არ სჭირდება ჩემი ფული, აქ გასართობად და მოსატყუებლად კი არ ზის და ა. შ. და უკან მიბრუნებს გადახდილ თანხას. წამოვედი და ისევ აგრძელებს ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების სროლას.
ორი დახლის დაშორებით სხვა გამყიდველის დახლიდან ვიღებ ჟოლოს კალათს და იქვე, წინ დადებულ სასწორზე ვდებ. აქაც ეწერება 2 კილო. აქ ყველა სასწორი ასე გაქვთ დაყენებულიმეთქი? შეიცხადა, ეს რა მკადრეო  რას "ეცი" მაგ სასწორს, მაცადე, აგიწონიო. შედის დახლის უკან, მივყვები და ვხედავ დახლის ქვეშ, ყუთზე დევს მეორე სასწორი, სადაც იმავე ჟოლოს კალათს უკვე ეწერება 1.500 კგ მართმევს 15 ლარს და თან არ ჩერდება, უკმაყოფილობას გამოხატავს, მაგრამ რაზე, ვერ ვხვდები. სავარაუდოდ იმაზე, რომ ვერ მომატყუა...
ამ დროს ვხედავ, სხვაც აპირებს ჟოლოს ყიდვას, ვუახლოვდები და ხმადაბლა ვეუბნები, რომ მეორე სასწორზე ააწონინოს. მთელ ჩემს მოძრაობას აკვირდებიან ამ დახლებთან მსხდომი სხვა გამყიდველი ქალები. როგორც ჩანს, სხვა მომხმარებლის გაფრთხილება მათთვის ბოლო წვეთი იყო და ყველამ ერთხმად დამიწყო ლანძღვა, ყვირილი, შეურაცხყოფა. რა სიტყვები მეძახეს, აქ აღარ დავკონკრეტდები, ღიმილით გამოვეცალე, ფოტო გადავიღე და გადავწყვიტე, აქ დამეწერა.
ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ დახლებს, რადგან მოსახერხებელ ადგილასაა. წარმოიდგინეთ, რამდენს ატყუებენ, სადაც მე 20 ლარიდან 7 ლარი მომატყუეს...  არ ვიცი როგორ, მაგრამ, ფაქტია, სასწორი აქვთ განზრახ დაყენებული იმგვარად, რომ ჩემ შემთხვევაში, 35%-იანი ცდომილება დაუშვა წონაში ...
აღვნიშნავ იმასაც, რომ
ჩემამდე მოხუცი წყვილი ყიდულობდა პროდუქტს, თავისი სასწორი ამოიღეს ჩანთიდან და ამის დანახვაზე, გადმოყარა ჩალაგებული ხილი გამყიდველმა და აღარ მიჰყიდა, “თქვენი თავი არ მაქვსო"  იქ ყოფნის 3 წუთში კიდევ იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს მომხმარებლებს, მაგ დროს უნდა მივმხვდარიყავი, რომ არ ღირდა იქ რამის ყიდვა 
ფოტოს ვურთავ და შეგიძლით თავად მიხვიდეთ, შეიძინოთ რამე, გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ ჩემს ნათქვამში. ან უბრალოდ, ჩემსავით აღარ მოატყუებინოთ თავი."