
გაჩერებაზე კაცი ზის და ბოლო ხმაზე მოთქვამს... თავში ირტყამს ხელებს... ორი შვილი მყავს და დედას ელოდებიან... ახლა არ ვიცი რა ვქნა... შვილებს ამას ვერ ვეტყვი სიკვდილი მირჩევნია
- 11/01/23
- 53562 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მწერალი ლელუკა ლაშხი პატარა ჩანახატს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე საათში ძალიან პოპულარული გახდა მთელს სოციალურ ქსელში. მის ამ ჩანახატს ყველა აზიარებს, ყველა იწონებს, ბევრისთვის კი საყვარელი ნაწარმოებიც გახდა როგორც თვითონ აწერენ სათაურად გადაზიარებულ პოსტს.
"გაჩერებაზე კაცი ზის და ტირის. ბოლო ხმაზე მოთქვამს და ხელებს იშენს თავში. ხალხი მიდი-მოდის. გავჩერდი.
ან ვის და რატომ შეუძლია ამ დროს გულგრილად გაიაროს, ამის გაგებას ვერ ვახერხებ ვერასდროს.
მინიმუმ ერთი კითხვა_ როგორ ხართ? არ ვიცი.
ვერ გადავაბიჯე ჩემს თავს.
_ბოდიში, გამარჯობა, რამე შემიძლია თქვენთვის გავაკეთო?
არ ჩუმდება. ზლუქუნით მპასუხობს.
_გამარჯობა. მადლობა. არა, არაფერი შეგიძლიათ. ცდილობს უფრო ხმამაღლა იტიროს. ჩანთაში დოლიპრანი მაქვს და წყლის ბოთლი. მივუჯექი. მხარე დავადე ხელი, რომ მოეხედა. გავუწოდე ორივე. უსიტყვოდ გამომართვა. დალია წამალი. წყალიც. ცრემლებს იწმენდს. მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი ასე რომ ტირის კაცი. 40 წლისაც არ იქნება. არ ვეშვები მაინც.
_რა დაგემართათ? შემომხედა. სულ წითელი აქვს თვალები. ცხვირს იწმენდს და იფშლუკება.
_საავადმყოფოში მივდივარ.
_ავად ხართ?
_არა, ჩემი ცოლის ნივთები უნდა გამომატანონ.
დილით გარდაიცვალა.
_ვაიმე, მაპატიეთ. ძალიან რთული ამბავია. ვერაფერს გეტყვით.
_ვიცი. უარესად ტირის. ვერ მოვითმინე და მხარზე მოვეხვიე. ადგა და მაგრად ჩამეხუტა. ხერხემალი ამტკივდა.
_ ორი შვილი მყავს მაროკოში და დედას ელოდებიან. ჩამოვედით, რომ ემკურნალა და გვიანი აღმოჩნდა. ახლა არ ვიცი რა ვქნა. შვილებს ამას ვერ ვეტყვი. სიკვდილი მირჩევნია.
ვდგავართ ასე, ჩახუტებულები.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან. ტირის და ტირის. მისი მატარებელი მოვიდა.
_ამ წყალს წავიღებ. მაჯა გაისვა ცრემლების მოსაწმენდად. ზუსტად ისე, ბაღის ბავშვებმა რომ იციან. მეც ავტირდი. შევიდა და სანამ კარი დაიხურებოდა მომაძახა.
_არაფრის შეგეშინდეთ ცხოვრებაში, სიკვდილის გარდა.
მატარებელი წავიდა..."