დედაჩემმა სიცოცხლე გამიმწარა... ხალხს ვეუბნებოდი რომ ბებიაჩემი იყო... ახლა სამი შვილი მყავს... ქმარი საშინლად ძალადობდა ჩემზე - ქეთი ქველაძის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია

გამოცემა პრაიმ თაიმმა რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა ერთ დროს ცნობილი ბლოგერის ინტერვიუ, ქეთი ქველაძე, გოგონა, რომელიც საქართველომ ონდოკლასნიკებიდან და ფეისბუქიდან გაიცნო მას შემდეგ, რაც მან სასაცილო ვიდეოების გადაღება დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებოდა ტიკტოკი. მან პოპულარობა მალევე მოიპოვა ქართველ მაყურებლებს შორის.
 

მაშინ, როცა საზოგადოებამ „ოდნოკლასნიკებიდან“ ფეისბუკზე გადაინაცვლა, თქვენც აღარ ჩანდით. სად იყავით და რას აკეთებდით ამ დროს? 
- ქუთაისის ქუჩებში რომ დავდიოდი, მანქანებიდანაც მისიგნალებდნენ, ყველა მცნობდა. სიმართლე გითხრათ, ნელ-ნელა სურვილი აღარ მქონდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელებულიყო. გადავწყვიტე, ჩემთვის ვყოფილიყავი და ხალხს დავვიწყებოდი. ამ დროს გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე და დავოჯახდით. 
ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით და მეგონა, რომ მიცნობდა. ჩემს შესახებ არაფერი იცოდა. გაცნობის დღესვე ყველაფერი ვაჩვენე, მოვუყევი რაც იყო. წინასწარ იცოდე ყველაფერი, მერე ხალხმა ცუდად რომ არ გითხრას რამე თქო. საცხოვრებლად ხაშურში გადავედით, სადაც 5 წელი ვიყავი. რამდენიმე წლის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტივობა ისევ მინდოდა, მეუღლემ ეჭვიანობა დაიწყო, საშინელებებს მეძახდა. ამიტომ არსად ვჩანდი.
 
- გარდა ფსიქოლოგიურისა, იყო ფიზიკური ძალადობა?
- რომ ნახა, პატრონი არ მყავდა და პასუხს არავინ მოსთხოვდა, ფიზიკური ძალადობა დაიწყო. ამაზე ცოტას ვისაუბრებ, საკუთარ თავს და ბავშვებს ვცემ პატივს, თორემ ყველაფრის ღირსია. წელიწადნახევარის წინ, გადავწყვიტე ტიკტოკი გამეკეთებინა და როცა სახლში არ იქნებოდა, გული გადამეყოლებინა. ვიდეო დავდე, ნეგატიურ გამოხმაურებებს ველოდი, თუმცა, პირიქით მოხდა... შემდეგ ჩემი ჩვენების საფუძველზე ჩემი ყოფილი მეუღლე დააკავეს და ახლა წინასწარ პატიმრობაშია, სასამართლო ჯერ არ გამართულა. 

 ქეთი, რატომ გააცანით დედათქვენი საზოგადოებას როგორც თქვენი ბებო? 
- რაც მახსოვრობა დამეწყო, დაახლოებით, 3-4 წლიდან, ყველაფერი კარგად მახსოვს. მამა რომ გარდამეცვალა, 10 წლის ვიყავი. მანამდე, სახლში დედაჩემის გამო ორომტრიალი იყო. არაფერი გვიჭირდა, არაფერი გვაკლდა, 2000-იან წლებში მილიონერებივით ვცხოვრობდით, მამა არაფერს გვაკლებდა... მაგრამ დედას თავიდანვე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ქუთაისში, ნიკეაზე იყო ნაგავსაყრელი, სადაც დადიოდა. მამას არ დაუჯერა, 9 თვის ფეხმძიმე წავიდა იქ, სადაც დაეცა და მუცელი დაარტყა. დაეწყო ნაადრევი მშობიარობა. სანამ მამა ცოცხალი იყო, ვუყურებდი მათ ჩხუბს, როგორ ამწარებდა მამას, ხელში არ მიყვანდა, არ მეფერებოდა...
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, სასმლის ფული რომ აღარ ჰქონდა, ერთი ბინა გაყიდა, შემდეგ უძრავი ქონების აგენტმა მოატყუა, ბინაში შეგვიყვანეს, სადაც მომდევნო თვეში ვიღაც მოვიდა და ქირის თანხა მოგვთხოვა. ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება საშინლად ამირია, ქუჩაში დავრჩი... თვეობით რომ არ ვჩანდი და დაკარგული ვიყავი, რომ დამინახავდა, იმას კი არ მეუბნებოდა, სად იყავიო, მეკითხებოდა რატომ მოხვედიო. მენატრებოდა, მართლა მიყვარდა... 
რომ წამოვიზარდე, ვიდეოების გადაღება დავიწყე და მქონდა პროტესტიც. რადგან მას დედობა ჩემთვის არ გაუწევია, ბებიობის პატივი დავდე და ასე მოვიხსენიებდი. 
ახლა ქუჩაში ცხოვრობს. ხანდახან ვნახულობ, საკონტაქტო დატოვებული მაქვს. ჩემთან არ მომყავს, რადგან არ მინდა ბავშვებმა იმას უყურონ, რასაც მე ვუყურებდი. ერთადერთი, რაც შეუძლია, წავიდეს თავშესაფარში, სადაც არ მიდის. დამპირდა, ამ კვირაში წავალო...
დღემდე ვერ ხვდება, რომ ცხოვრება გამიმწარა, მე მადანაშაულებს. მისმა დამ დაღუპა, ფსიქიკა შეურყია.
სამი ბავშვი მყავს, მცირეწლოვანი, ერთ ოთახიანში ვცხოვრობ... მას 4 ძაღლი ჰყავს, თავს არ ანებებს. შეფარებულები რამდენჯერ გაგვყარეს ძაღლების გამო, დაკბინა ხალხი. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მაშინ გვიფარებდა.