მოვიდა ბევრი წითელი ვარდით და პატარა დათუნიათი... ჩემი ხელი თავის თბილ ხელებში ჩადო... მერე ორივეს ცრემლები წამოგვივიდა... მაპატიე ბუბა... როგორც მაშინ ვტიროდით სიჩუმეში ვიტირებ...

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ბუბა კიკაბიძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია. ირინა სარიშვილის თქმით, როდესაც 1994 წელს ტერაქტი მოუწყვეს მას მომღერალი დაუდგა გვერდში, მასთან ერთად განიცდიდა ამ ყველაფერს... ასევე პოლიტიკოსი ბოდიშს უხდის მას იმის გამო რომ ბოლო გზაზე ვერ გააცილა.
"1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტის შემდეგ, სანამ საავადმყოფოში ვიყავი, სულ იქ იყოო, ეზოშიო.
დეკემბრის ბოლოს, შინ რომ გადამიყვანეს გიას მშობლებთან, ისევ მწოლიარე მდგომარეობაში, მოვიდა ბევრი წითელი ვარდით და პატარა პლუშის დათუნიათი ხელში. შემოვიდა ოთახში, საწოლის გვერდით დამიჯდა, ჩემი ხელი თავის თბილ ხელებში ჩადო, მიყურებდა, მიღიმოდა უსიტყვოდ, მეც ვუღიმოდი, მერე ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. ასე იჯდა არ ვიცი რამდენ ხანს და პატარა ბავშვივით ტიროდა.
ვერ მოვედი დღეს დასამშვიდობებლად, ბუბა! მაპატიე! 
მარტო მოვალ მერე ისეთივე წითელი ვარდებით და როგორც მაშინ ვტიროდით, სიჩუმეში ვიტირებ. 
მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.