მაღლიდან ვუყურებდი, შემზარავი კადრები იყო - ვინ არის და რას ყვებიან ყოფილ სამხედროზე, რომელმაც საგარეჯოში ტერორისტული აქტი მოაწყო?

წუხელის საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მომწყობი პირი ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია, რომელიც 2006-2021 წლებში მსახურობდა ჯარში. ადგილობრივების ინფორმაციით ნოდარ ათუაშვილი ავღანეთშიც ნამყოფია. აღნიშნულ სახლში კი დაახლოებით 5 წელია რაც ცხოვრობს. სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ კი მან თავი მოიკლა.
"სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, რომელიც გადაიყვანეს. არაფერს ამბობდა. ორივე მხრიდან ისროდა, გზის მხარესაც, ფანჯრიდან. დაღუპულები ადგილობრივები არიან, ჩემი მეზობლები, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ და ეზოში იყვნენ. მსროლელიც ჩემი მეზობელი იყო. ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანი, არავისგან ცუდი მასზე არ გამიგია. ერთი ხუთი წელია აქ ცხოვრობდა, მანავიდან გადმოვიდა. რამდენადაც ვიცი მეუღლესთან გაშორებულია და მასთან გოგო და ბიჭი ჰყავს"- განაცხადა ადგილობრივმა.