7-წლიანი პაუზის შემდეგ დენიელ დეი-ლუისი კინოინდუსტრიაში ბრუნდება

სამგზის ოსკარის მფლობელი, მსახიობი დენიელ დეი-ლუისი კინოინდუსტრიას 7-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ, მისი შვილის სარეჟისორო დებიუტში მონაწილეობისთვის უბრუნდება.

67 წლის ბრიტანელი მსახიობი დიდ ეკრანზე ბოლოს თომას ანდერსონის 2017 წელს გამოსულ ფილმ უხილავ ძაფში (Phantom Thread) გამოჩნდა. თუმცა ახლა დეი-ლუისი მისი შვილის  ნამუშევარში როლის შესრულებისთვის სამსახიობო სცენას კვლავ უბრუნდება.

აშშ-ს დამოუკიდებელი პროდიუსერული კომპანია Focus Features-ის ინფორმაციით, მსახიობის შვილის, რონან დეი-ლუისის სადებიუტო ფილმის სახელწოდება ანემონა (Anemone) იქნება.

ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც, მათ შორის, შონ ბინი, სამანტა მორტონი, სამუელ ბოტომლი და საფია ოკლი-გრინი. გადაღებები უკვე დაიწყო და ამჟამად დასავლეთ ინგლისში, მანჩესტერში მიმდინარეობს.

Focus Features-ის თქმით, მამა-შვილმა სცენარი, რომელიც "მამებს, შვილებს, ძმებს შორის ურთიერთობებსა და ოჯახური კავშირების რთულ დინამიკას იკვლევს" ერთობლივად დაწერა.