რომელი იყო უპირველესი გვარი საქართველოში?

თსუ-ის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე ფიქრობს, რომ - "ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი გვარის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია პიროვნება, რომელსაც გაბრიელ დაფანჩულს უწოდებდნენ და რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვიამბობს. ყველას გვახსოვს, გრიგოლ ხანძთელი თავის მოწაფეებთან ერთად სამხრეთ საქართველოში რომ გადავიდა, იქ მას მეფესთან დაახლოებული დიდგვაროვანი აზნაური, გაბრიელ დაფანჩული დახვდა. ავტორი ანუ გიორგი მერჩულე ამბობს, რომ დაფანჩულები საქართველოში საუკუნის შემდეგაც ცხოვრობდნენ. სწორედ ეს არის გვარი - წოდება, ერთგვარი მახასიათებელი, რომელიც ადამიანმა შთამომავლობით, მემკვიდრეობით მიიღო თავისი წინაპრებისაგან. ასე რომ, გვარის საუკეთესო ნიმუში არის სწორედ გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები პერსონაჟი - დაფანჩული, რომელიც მეცხრე საუკუნეში მოღვაწეობდა.
მსოფლიოში გვარის ცნება XIV-XVI საუკუნეში გაჩნდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში - XIX-XX საუკუნეებში"..
ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის სახელს უკავშირდება შუა საუკუნეების ქართული მონასტრის ხანძთის მონასტრის მშენებლობა, რომელიც ისტორიის მიხედვით დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა . აქ თავიდან ხის ეკლესია იყო, მაგრამ შემდეგ გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა.


ავტორი: ვიზა კოხაძე