"თიბისი ბანკი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„თიბისი ბანკი“ სამართალდამცველებს მოუწოდებს, გამოიძიონ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის და კრიმინალური წარსულის მქონე პირების კავშირი
"თიბისი ბანკის“ განცხადებით, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლებს პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ბანკის პრესსამსახური გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის დიმიტრი ჩუბინიძის განცხადებას პასუხობს. მათივე ცნობით, მამუკა ხაზარაძე რამდენიმე წელია აღარ არის კომპანია „ბორჯომის“ აქციონერი და მის მართვაში არ მონაწილეობს.

„თიბისი ბანკი“ მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის და „კრიმინალური წარსულის მქონე პირების კავშირი, რათა წერტილი დაესვას ასეთ განუკითხაობას და დაუსჯელობას!“. „თიბისი ბანკის“ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული პოლიციელის ოჯახს! ამასთან ერთად, გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის დომენტი ჩუბინიძის ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით "თიბისი ბანკის" მრავალათასიანი გუნდის სახელით გვინდა გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებზე.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია "ბორჯომის" წარმომადგენლებს არ ჰქონიათ კონტაქტი პოლიციელების მკვლელობაში ეჭვიმატილ შალვა აბულაძესთან და საერთოდ არ იცნობენ მას. უფრო მეტიც - რამდენიმე წელია მამუკა ხაზარაძე აღარ არის კომპანია "ბორჯომის" აქციონერი და არ მონაწილეობს მის მართვაში. ამიტომ გაუგებარია ამ კრიმინალის მიერ ორგანიზებული აქცია ბორჯომში რატომ იქნა დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ-დასავალს" და მის ჟურნალისტებს უკვე დაეკისრათ საკუთარ გაზეთში გამოქვეყნებული ცრუ ბრალდებების უარყოფა. ამის ნაცვლად ისინი კვლავ აქტიურად განაგრძობენ პროვოკატორულ ცილისწამებას!
ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების დისკრედიტაციას! ასევე, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე კრიმინალთან თავისი ახლო კავშირით რეალურად ახალ სამიზნეს უქმნის მკვლელობაში ეჭვმიტანილ და ძებნილ პირს. ეს აღმაშფოთებელი და საგანგაშო ფაქტია!
მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის და კრიმინალური წარსულის მქონე პირების კავშირი, რათა წერტილი დაესვას ასეთ განუკითხაობას და დაუსჯელობას" - აღნიშნულია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.


წყარო