პატრულ-ინსპექტორის ხელმოწერა - ,,ბ. ბადრი"

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მედიის და მოქალაქეების ყურადღება მიიქცია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებულ ერთ-ერთ საჯარიმო ქვითარზე პატრულ-ინსპექტორის ორიგინალური ხელმოწერა ფიქსირდება.

,,ბ. ბადრი" - ამ ხელმოწერის ავტორი ამჟამად სამცხე-ჯავახეთში, თუმცა, კვლავ, საპატრულო პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. საჯარიმო ქვითარი მან მოქალაქეს 2015 წლის 19 თებერვალს გამოუწერა. ორიგინალური ხელმომწერის ავტორი პატრულ-ინსპექტორი ბადრი ბალახაშვილია.

რაც შეეხება შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის აწ უკვე ყოფილ პატრულ-ინსპექტორს ჯაბა ხუციშვილს, რომლის სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმება გენერალურ ინსპექციას, 2015 წლის 14 იანვარს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა მოსთხოვა, აღმოჩნდა, რომ გენერალურ ინსპექციას მის წინააღმდეგ მოკვლევა არ უწარმოებია. კერძოდ, სასამართლო გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქის განხორციელებულ ზარს გენერალური ინსპექციიდან რეაგირება არ მოჰყოლია. არ ჩატარებულა მოკვლევა და ნარკოლოგიური შემოწმება.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შორენა წიქარიძემ, რომელიც 2006-2009 წლებში გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის პროკურორი იყო და ამჟამად მისი მეუღლე იოსებ დიღმელიშვილი ძველი თბილისის შს სამმართველოს გამომძიებელია, გენერალური ინსპექციის მოკვლევის, დასკვნის და ნარკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე, შინაგანი რწმენით დარწმუნდა, რომ მისი მეუღლის კოლეგა პოლიციელი, სამსახურებრივ მოვალეობას, ფხიზელ მდგომარეობაში ასრულებდა.

პატრულ-ინსპექტორმა ჯაბა ხუციშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მძღოლები მას დამამცირებლად მიმართავენ - ,,ვისაც ვაჩერებ, მეკითხებიან, ვა, შენ ფხიზელი ხარ?" - განაცხადა პატრულ-ინსპექტორმა ჯაბა ხუციშვილმა სასამართლო პროცესზე. მან პატრულის რიგები მიატოვა და ამჟამად, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დაცვის პოლიციაში გააგრძელა მუშაობა.

გენინსპექციის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება და სასამართლო სხდომის ჩანაწერები მოგვიანებით გამოქვეყნდება. საქმის მოკვლევა კი სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.





წყარო - ქართლი.ჯი