ეს ისტორია ბრაზილიურ სერიალს გავს, მაგრამ საქართველოში მოხდა
- 2015-05-01 16:45:04
- 3163 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
“საინტერესო ისტორია გადახდა ამ ქალბატონს, მსგავსი რამ, რომ მომხდარიყო ევროპის რომელიმე ქვეყანაში ცნობილი მწერლები აუცილებლად დაწერდნენ მის შესახებ რომანს“-ამ სიტყვებით დაიწყო იმერეთის დედოფალ თამარზე საუბარი, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
საპნის ოპერების სცენარები გვიკვირს ქართველებს, არადა ჩვენივე ისტორიის ფურცლებზე ბევრად უფრო გასოცარი სასიყვარულო ისტორიები წერია თურმე, სწორედ ამიტომ დღეს droni.ge ერთ-ერთ მათგანს გიამბობთ, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში მოხდა.
მუხრანბატონების შთამომავალი, სილამაზით განთქმული და სიყვარულით განებივრებული ქალი გახლდათ თამარი. ფუფუნებისა და დიდების მოყვარული ქალი იყო, სწორედ ამიტომ თაყვანისმცემელთა სიმრავლის მიუხედავად, მისი არჩევანი ყოველთვის მეფეებზე ჩერდებოდა.
მისი პირველი ქმარი ოდიშის მთავარი, ლევან მესამე დადიანი გახლდათ. 1663 წელს ლევან მესამე იმერეთის მეფე ბაგრატ მეოთხესთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა. დადიანის დამარცხება ბაგრატ მეოთხის ერთადერთი მიზანი არ ყოფილა, ის მეტოქის ცოლზე უგონოდ გახლდათ შეყვარებული.
ბაგრატთან ბრძოლაში დამარცხებული ლევანი, როგორც პოლიტიკოსი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, თუმცა იმერეთის მეფისთვის ლევანისა და თამარის დაშორება არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ, სწორედ ამიტომ იმერეთის სამეფო კარზე დიდი ინტრიგა დატრიალდა.
ლევანის ტყვედ ჩავარდნის პერიოდში ბაგრატის სასახლეში ცხოვრობდა მისი განათხოვარი და თინათინი, რომელიც ერთ-ერთი ნადიმის შემდეგ ლევან დადიანს მოსასვენებელ ოთახში შეუგზავნეს. წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით დადიანის საძინებელში იმერეთის დიდებულებიც შევიდნენ, თინათინსა და ლევანს „თავზე წაადგენენ“ და სამეგრელოს მთავარი იძულებული გახადეს, პირველ ცოლს თამარს გაშორებოდა და თინათინი შეერთო.
ბაგრატ მეოთხის გეგმამ გაამართლა, თამარსა და ლევან დადიანს ჟვარი აჰყარეს, რის შემდეგაც თამარი ბაგრატის ცოლი გახდა.
თამარმა ბაგრატ მეოთხესთან ერთად 22 წელი იცხოვრა, თუმცა ისტორიული წყაროების თანახმად, ქმრის ერთგული არასოდეს ყოფილა. რიგითი თავადების გარდა თამარის თაყვანისმცემელთა სიაში ეპისკოპოსი გენათელიც იყო, თუმცა იმერეთის დედოფლის სიყვარული ყველაზე მეტად გურიის მთავარ გიორგი გურიელს უკარგავდა მოსვენებას.
სერიოზული მეტოქის გზიდან ჩამოსაშორებლად, ისევ ხერხს მიმართა ბაგრატ მეოთხემ და გიორგი გურიელს თავისი და თამარის ასული დარეჯანი მიათხოვა. თამარი გიორგი გურიელის სიდედრი გახდა, მაგრამ ბაგრატის გეგმა ბოლომდე ვერ გამართლდა, გურიის მთავარს იმერეთის დედოფლის სიყვარული არ შეუწყვეტია.
1681 წელს ბაგრატის გარდაცვალებისთანავე, გიორგი გურიელი დარეჯანს გაშორდა, შეიჭრა ქუთაისში, ბრძოლით დაიპყრო იმერეთი და საკუთარ სიდედრზე იქორწინა.
თამარი საკუთარი ყოფილი სიძის ცოლი გახდა, ეს მისი რიგით მესამე ქორწინება იყო, თუმცა ულამაზესი დედოფლის ისტორია აქ არ დასრულებულა. როდესაც გურიელის ქმედება, თამარის პირველი ქმრის ლევან დადიანის ყურამდე მივიდა, სამეგრელოს მთავარი გურიაში ჯარით ჩავიდა, გურიელს შეებრძოლა, დაამარცხა და თითქმის 25 წლიანი განშორების შემდეგ ცოლი დაიბრუნა.
პირველ ქმართან დაბრუნების შემდეგ, თამარ დედოფალი აღარ გათხოვილა, თუმცა მისი 3 ქორწინება, უსაზღვრო სილამაზე და თამამი ხასიათი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მისი სახელის დასაწერად საკმარისი აღმოჩნდა.
წყარო - დრონი.ჯი