რუსული კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე 8 მაისს ჩამოვარდება

შეერთებული შტატების კოსმოსური ოპერაციების ცენტრის ცნობით, რუსული კოსმოსური ხომალდი „პროგრესი“ დედამიწაზე 8 მაისს ჩამოვარდება.

ხომალდის ნამსხვრევები სავარაუდოდ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ჩამოვარდება.

რუსულმა ავტომატურმა კოსმოსურმა ხომალდმა, „პროგრეს М27-М"“-მა 28 აპრილს აფრენიდან ცოტა ხანში მართვა დაკარგა, განსაზღვრულ ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო და ამ დრომდე უკონტროლო მოძრაობას აგრძელებს.

კოსმოსურ ხომალდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორ-ნახევარი ტონა ტვირთი, მათ შორის - საწვავი, კვების პროდუქტები და აპარატურა მიჰქონდა. ასევე, ხომალდს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ასტრონავტებისთვის დროშა უნდა ჩაეტანა.

სპეციალისტები "პროგრესის" ორბიტიდან გადასვლას 9 მაისისთვის ვარაუდობდნენ, შესაბამისად ხომალდის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით დაუდგენელია.