პატარა და-ძმის გულისამაჩუყებელი ფოტოს საიდუმლო ამოხსნილია

ამ ფოტომ ნეპალში მომხდარი საშინელი მიწისძვრის დროს მთელი მსოფლიო მოიარა. ფოტოზე ასახულია როგორ ეხუტება პატარა ბიჭი თავის პატარა დას, ბავშვები ღარიბები, მოწყენილები , ფეხშიშველები და დასვრილები არიან. სოციალურ მედიაში ფოტო ძალინ ხშირად ზიარდებოდა და თან სევდიანი ისტორიაც ერთვოდა: ორი პატარა რომელიც მიწისძვრამ დააობლა. ზოგიერთმა ინტერნეტ გამოცემამ პატარა ბავშვების ასაკიც „დააზუსტა“ ბიჭი 4 წლის იყო, მისი პატარა და კი ორწლინახევრის. ყველაფერი ძალიან გულისამაჩუყებელად ჩანდა, რომ არა ერთი ნიუანსი, ფოტოს არანაირი კავშირი არ აქვს ნეპალთან.
რეალურად ფოტო უკვე 8 წლისაა და მისი გადაღება 2007 წლის ოქტომბერში მოხდა ვიეტნამის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პროვინცია ჰა-გიანგში. ფოტოს ავტორი კი- ნა სონგ ნგიენია. სოციალურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ფოტოგრაფმა ტვიტერში ფოტოს ორიგინალი გამოაქვეყნა და გადაღების თარიღი და ადგილი მიუთითა.

BBC-სთან ინტერვიუში ფოტოგრაფმა ფოტოს გადაღების ისტორიაც გაიხსენა: „ეს ფოტო მე სოფელ კან ტიში გადავიღე. როდესაც ვსეირნობდი შევამჩნიე ორი ბავშვი, რომელიც სახლის წინ თამაშობდნენ, მათი მშობლები კი მინდორში სამუშაოდ იყვნენ გასულები. პატარა გოგონამ რომელიც ასაკით დაახლოებით 2 წლამდე იყო, ჩემს დანახვაზე შეკივლა, რადგამ მე მისთვის უცხოელი ვიყავი, მისმა უფროსმა ძმამ კი ის ჩაიხუტა და მის დამშვიდებას შეეცადა. ორივე ძალიან საყვარლები იყვნენ და მეც არ დავაყოვნე და ეს ფოტო გადავიღე“- აცხადებს ფოტოგრაფი.

მისი თქმით, მან ფოტო გადაღებიდან მალევე ატვირთა საკუთარ ბლოგზე, თუმცა მაშინ ფოტოს დიდი ყურადღება არ დაუმსახურებია. ფოტოს პოპულარობა მოგვიანებით 3 წლის შემდეგ ეწვია. ამ ფოტოს იყენებდნენ სხვადასხვა ტრაგედიის გამოსახატავად, პირველად როდესაც ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა აცხადებდნენ, რომ ფოტოზე ტიბეტელი ობოლი ბავშვები იყვნენ, 2013 წლიდან კი აცხადებდნენ, რომ ფოტოზე სირიელი ობლები იყვნენ.




წყარო