აფრიკელი ზანგი ქართველები - „იმან კი დედა ქართულად შეაგინა“

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, მზვერავი ავთანდილ გოცირიძე ქართველი ზანგებით დაინტერესდა. აი, რა მოუთხრო მას მეგობარმა.


„აფრიკის ერთ-ერთ პორტში, გემის მეპატრონემ, ზანგ დოკერს, ანუ პორტის მუშას მათრახი გადაუჭირა. იმან კი დედა ქართულად შეაგინა. ამან სხარტად დატოვა, იქვე მდგომი ქართველი მოგზაური. ამის შემდეგ, გაოცებულმა თვითმხილველმა და ქართველმა ზანგმა - ჩვენებურად იპურმარილეს კიდეც.

- საგარეო მზვერავს ზანგი ქართველების ნახვა ნამდვილად არ გაგიჭირდებოდათ.

- განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნები მაშინ დაზვერვის მიზანი არ იყო. ვერც პოლიტიკურ, ვერც მეცნიერულ და ვერც ტექნოლოგიურ ინფორმაციას ვერ მოიპოვებდი აფრიკაში. ამიტომ, ჩვენს დაზვერვაში უფრო კაპიტალისტური ქვეყნები შედიოდა.

საბჭოთა კავშირის დროს კი ქართველი ზანგების საპოვნელად აფრიკაში მივლინებით არავინ გაგიშვებდა. ამიტომ, მე არ მქონდა საშუალება, ჩემი მუშაობის პროცესში მომეპოვებინა ინფორმაცია ქართველი ზანგების შესახებ. თუმცა, ჩემს ჩანაწერებში სხვების მიერ გადმოცემულ საკმაოდ საინტერესო ისტორიებს ამოიკითხავთ.

ქართველი მზვერავის ჩანაწერები

1892 წელს რუსმა მოგზაურმა ა. ელისეევმა აფრიკაში თავისი ოთხწლიანი მოგზაურობა დაასრულა. თავის წიგნში - „პო ბელამუ სვეტუ “, ავტორი წერს, რომ ქალაქ ვარგლაში ზანგ ქართველებს შეხვდა. ელისეევმა აფრიკაში მოგზაურობამდე რამდენიმე წელი საქართველოში იცხოვრა. აქედან გამომდინარე, ქართველებსაც კარგად იცნობდა. ელისეევის ნაშრომს მაშინდელი ქართული პრესა გამოეხმაურა. 1897 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ შეგროვდა ფული თედო სახოკიას აფრიკაში გასამგზავრებლად, რათა აღნიშნული საკითხი შეესწავლა და ის ქართველები ეპოვნა. სამწუხაროდ, სახოკიას ავადმყოფობის გამო მოგზაურობა არ შედგა...

ქართველი ზანგები მაროკოში

1963 წლის 19 იანვარს გაზეთ „თბილისის“ ჟურნალისტი - მამულაშვილი წერდა, რომ მეზღვაური გ. კუტუბიძე ფოთში მეზღვაურ სიორიძეს შეხვდა, რომელმაც მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქალაქ ალჟირის პორტში ის შავკანიან ქართველებს შეხვდა. ქართველებმა სიორიძეს უთხრეს, რომ მაროკო-ალჟირის საზღვართან, ქალაქ უჯდასთან, ქართველებით დასახლებული რამდენიმე სოფელია. ამ სოფლებში უმრავლესობა ჭანუყვაძისა და გუგუნავას გვარის არის. არ არის გამორიცხული, რომ ელისეევის მიერ ხსენებული და სიორიძის მიერ მოყოლილი ქართველების კვალი ჯერ კიდევ არსებობდეს.

ავტორი: დეა თავბერიძე

წყარო: „პრაიმტაიმი“