ეპილაციის 7 სახეობა [+6 რჩევა მეტი ეფექტისთვის]

განსხვავება დეპილაციასა და ეპილაციას შორის:

დეპილაცია არის თმის ღერის მოშორება, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს, ხოლო ეპილაცია – თმის ამოღება ძირიანად, რის დროსაც ხდება ფოლიკულის აპარატის დაზიანება. ეპილაციის შემდეგ თმა სამუდამოდ არ ქრება, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე აღარ შეგაწუხებთ.

მოდის ზაფხული და ეს მშვენიერია. ზამთრის პირველი სუსხი დაწყებული არც იყო, რომ მე თვალის დახუჭვაზე ისევ მცხუნვარე მზე და ზღვის ტალღები წარმომიდგებოდა, მაგრამ არ მინდა გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ისევ ჩემმა დაქალმა დამირეკოს ბედნიერი ხმითა და შემდეგი სიტყვებით –

“ახლა ლაზერულ ეპილაციაზე ჩავეწერე”.

ვინც ხვდება ჩემი იმ დღის ტრაგედიას, გილოცავთ, თქვენ იცით რა არის ლაზერული ეპილაცია, ვინც არა მინდა მცირე განმარტებითი ლექსიკონის სახით, პირადი რჩევებითა და ფორუმზე მოძიებული ცნობებით სწორად გათვალოთ საოცნებო ადგილას გამგზავრებამდე რამდენი დღე გაქვთ დარჩენილი და შესაბამისად რომელი პროცედურა იქნება თქვენთვის უფრო ეფექტური და რაც მთვარია – უსაფრთხო.

თმის მოცილების სხვადასხვა ხერხების დადებით და უარყოფით მხარეებზე უკვე იყო ჩვენ ჟურნალში სტატია, მაგრამ ახლა მინდა ცოტა უფრო სხვა კუთხით “გავიმეორო” ისინი.

თუ საქმე ბიკინის ზონის ეპილაციას ეხება აქ საქმე უფრო რთულადაა, სხვა ძირითად შემთხვევებში კი იცოდეთ:

ლაზერული ეპილაცია

შედარებით უმტკივნეულო და სწრაფი პროცედურაა. ლაზერის სხივი აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმემდე და ანადგურებს მას ისე, რომ არ იწვევს კანის მთლიანობის დარღვევას. გაცივების დინამიკური სისტემა კანს დამწვრობისა და დაზიანებისაგან იცავს.

უპირატესობა: პროცედურა სწრაფია და ამიტომ ტკივილსაც თითქმის ვერ ვგრძნობთ, განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს სხეულზე და რამდენიმე პროცედურაში თმა თითქმის აღარ ამოდის, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. პირველივე პროცედურიდან შეატყობთ რომ კანი გათეთრდა, ხოლო თმა განახევრდა, ამასთან ღია ფერის და რბილია.

ნაკლი: ლაზერული ეპილაციის შემგეგ ჩემი დაქალივით არ იფიქროთ, რომ თმა მაშინვე მოგშორდებათ, ამას ორ კვირამდე მაინც დასჭირდება. ესეც რომ არა მის შემდეგ არ შეიძლება მზის სხივებში ნებივრობა, რადგან ამას შეუძლია კანის დამწვრობამდეც კი მიგიყვანოთ. ზოგჯერ ლაზერული ეპილაცია უშედეგოა ქერა თმისთვის.

ელექტროეპილაცია
ელექტროეპილაციის პრინციპი გულისხმობს დენის თმის ბოლქვზე ზემოქმედებას, რის შედეგადაც თმა იწყებს ცვენას, შემდეგ კი აღარ იზრდება. თხელი წვერის მეშვეობით ელექტროდენი აღწევს კანის გარკვეულ სიღრმეში და იწვევს თმის ბუდის დაშლას. პროცედურა ხანგრძლივი და მტკივნეულია გაყუჩების გარეშე, თუმცა გაყუჩების (დაბუჟების) შედეგად კანი სივდება, პროცედურის შემდეგ რჩება წითელი წერტილები რომლებზეც სპეციალურ დამამშვიდებლებს ისვამენ. არის რისკი იმისა, რომ კანზე დარჩეს ნემსის კვალი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოთ სპეციალისტი.

უპირატესობა: თმის სამუდამოდ მოცილების მეტი შანსი.

ნაკლი: დახარჯული დრო და ნერვები. დარჩენილი სიწითლე, დასიება და მომავალში კანზე პრობლემების გაჩენის რისკი.

ფოტოეპილაცია
დღეისთვის იგი ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად. ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას. კანის შერჩეულ, დაახლოებით ხუთი კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე სპეციალური მოწყობილობიდან დაასხივებენ სინათლის ხილულსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომლის ფოტონებიც თმის დაშლას იწვევს.

უპირატესობა: ეფექტურია სახისა და სხეულის ნებისმიერ ადგილზე, გამოიყენება ნებისმიერი სისქისა და ფერის თმის მოსაცილებლად.

ნაკლი: ფოტოეპილაციის შემდეგ თავი უნდა შევიკავოთ აეროზოლის ტიპის ლოსიონების, ოდეკოლონის, სუნამოების, სხვადასხვა სპირტისშემცველი ტონიკისა თუ პარფიუმერიის ხმარებისგან, რადგან ამ ყოველივემ შესაძლოა პიგმენტური ლაქები გაგიჩინოთ კანზე.



ელექტრო ეპილატორი

ეპილაციის შემდეგ აუცილებლად წავისვათ კანის დამატენიანებელი მალამო
ამ მინიატურული ელექტროხელსაწყოს მოქმედება მარტივია: ე.წ. პატარა “პინცეტები” თმას ფოლიკულასთან ერთად წიწკნიან. შედეგი დიდხანს შენარჩუნდება თუ ვიხმართ თმის ზრდის შემამცირებელ საშუალებებს.

უპირატესობა: თუმცა მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ ეფექტი ერთ თვემდეც კი გრძელდება, ხოლო შემდეგ ამოსული თმა ბევრად სუსტია.

ნაკლი: ხანდახან თმა ბრუნდება, რაც დამატებით საზრუნავს ქმნის, ხოლო ბიკინის ზონაში ეს პროცედურა სულაც არ არის სასიამოვნო.

როგორ ავარიდოთ თავი თმის ჩაბრუნებას:

სანამ თმის მოცილებას დავიწყებთ მივიღოთ თბილი აბაზანა;
კარგად გავიხეხოთ კანი სკრაბითა და/ან უხეში ქისით.
თუ თმა მაინც ჩაბრუნდა:

კანი ჩაბრუნებული თმის გარშემო დაიმუშავეთ სპირტით, თმა კი უნდა ამოვიღოთ პინცეტით ან ნემსით, რომელიც შემდეგი გართულებების ასევე თავიდანვე დაამუშავეთ სპირტით. პროცედურის დაწყებამდე მიიღეთ ცხელი აბაზანა, რადგან რბილ კანზე ამის გაკეთება უფრო უმტკივნეულო და ეფექტურია. ფრთხილად ამოსწიეთ ნემსის წვერით თმის ღერი, მოკიდეთ მას პინცეტის პირი და ამოაძრეთ. შემდეგ კანი ისევ დაიმუშავეთ სპირტით, რომ არ შეიჭრას ინფექცია, ასევე კარგი იქნება თუ წაისვამთ ანტისეპტიკური მალამოს.

ბოდი შუგარინგი

სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტური და ამავდროულად იაფი საშუალებაა, რომელსაც გადმოცემით კლეოპატრაც იყენებდა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
ერთმანეთში აურიეთ 2 ჭიქა შაქარი, 1/4 ლიმონის წვენი, 1/4 ჭიქა წყალი და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას. შეგიძლიათ თავდაპირველად ხელის გულზე მოსინჯოთ მიქსტურის ტემპერატურა. შემდეგ გარკვეული მასა წაისვით სხეულის იმ ნაწილზე, სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება და გადაანაწილეთ ბლაგვი დანით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ან მკვრივი ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი აიფხრიწეთ თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით. დარჩენილი მასა შეგიძლიათ მომავალშიც გამოიყენოთ.

უპირატესობა: თმის ფესვიანად ამოღება და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობის შემცირება. ასევე შეფერილობაც შესაძლოა უფრო ღია გახდეს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.

ნაკლი: მიქსტურის არევის შემთხვევაში შედეგი თითქმის არაა ეფექტური. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მასის ხელმეორედ გაცხელება გამოიწვევს მის გასქელებას.

დეპილაცია ცვილის მეშვეობით

ცვილი წარმოადგენს დეპილაციის ნაკლებად ალერგიულ და უფრო ბუნებრივ საშუალებას. არსებობს ცხელი, თბილი და ცივი ცვილი.
ყველაზე ხშირად გამოიყენება ცხელი ცვილი. მას აცხელებენ მიკროტალღოვან ღუმელში ან ცხელ წყალში, შემდეგ ისვამენ თხელ ფენად და იშორებენ ქსოვილის ნაჭრით. თბილი ცვილი მოსახერხებელია იმით, რომ მისი გათბობა ხელის გულებითაც შეიძლება. იგი იყიდება სპეციალურ ფლაკონში “ბურთიანი” აპლიკატორით, რაც აიოლებს ცვილის თხელ ფენად წასმას. ცივ ცვილს უფრო ნაკლები ტემპერატურა სჭირდება, ხშირად მაშინვე ისმევა ქსოვილზე, ქაღალდზე ან პოლიეთილენის ზოლებზე.

უპირატესობა: ცვილი აშორებს თმას ფოლიკულთან ერთად, რისი წყალობითაც იძლევა ხანგრძლივ ეფექტს 3-4 კვირით.

ნაკლი: დამოუკიდებლად ცვილის თხელ ფენად წასმა საკმაოდ რთულია და ამ საქმის ცოდნას საჭიროებს. ამასთან, წასმისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად რომ კანი არ დაიწვათ. პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია და მის შემდეგ კანიც წითლდება.

კრემი დეპილაციისთვის
უბრალო, იაფი და უმტკივნეულო საშუალება თმის დაახლოებით ერთი კვირით მოსაშორებლად. დეპილაციის კრემებს შორის არის სხვადასხვა სახეობები: უნივერსალური, სახის, ბიკინის, იღლიის, ფეხისა და ხელისთვის და მგრძნობიარე კანისთვის. მათ ისვამენ კანის ზედაპირზე, აჩერებენ და შემდეგ სპეციალური შპატელის დახმარებით თმასთან ერთად იშორებენ.

უპირატესობა: სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდია. ამ კრემის გამოყენება პრაქტიკულად სხეულის ყველა ნაწილზე შეიძლება. უფრო ხანგრძლივ ეფექტს იძლევა, ვიდრე პარსვა. თუ პარსვიდან მეორე დღესვე ჩნდებიან მჩხვლეტავი თმები, დეპილაციის შემდეგ თმა ამოდის რბილი, მომრგვალებული თავით, რაც გლუვი და ნაზი კანის ეფექტს ქმნის. თმა ამოსვლას იწყებს 5-6 დღის შემდეგ.

ნაკლი: დეპილაციის კრემს აქვს ოდნავ უსიამოვნო, სპეციფიური სუნი მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების გამო. ისინი შეიცავენ ქიმიურ კომპონენტებს, რომლებიც შლიან ზედაპირზე ამოსულ თმას. მგრძნობიარე კანის მქონეთათვის შეიძლება გამოიწვიოს მისი გაღიზიანება, ამიტომ წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი მგრძნობელობაზე. მწარმოებლები ცდილობენ შეამცირონ კრემის მავნე ზემოქმედება კანის მკვებავი და აღმდგენი ნივთიერებების დამატებით, ამიტომ შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ექსტრაქტებსა (ალოე ვერა, გვირილა) და ვიტამინებს (Е, С, D – პანტენოლი).

რამდენიმე რჩევა სწორი დეპილაციისთვის

დეპილატორიის გაჩერება კანზე 4-დან 15 წუთამდე მერყეობს. ამ დროის გაზრდამ შეიძლება კანის რეაქცია გამოიწვიოს.
ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია დეპილაციის წინ სპეციალური ხელსახოცებით კანის გაწმენდა, რომლებსაც ბევრი ფირმა გთავაზობთ დეპილაციის საშუალებებთან ერთად.
გამოიყენეთ ლოსიონები დეპილაციის შემდეგ კანის აღსადგენად და თმის ზრდის შესანელებლად. ისინი ამშვიდებენ კანს და ახანგრძლივებენ დეპილაციის ეფექტს.
დეპილაციის პროცედურის გაკეთება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში და მენსტრუაციიდან ერთი კვირის შემდეგ, რადგან მენსტრუაციამდე და მას შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და იხრება გაღიზიანებისაკენ ჰორმონების მომატების გამო.
ყოველი მწარმოებელი ფირმა გთავაზობთ ინსტრუქციას დეპილატორის გამოყენებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ინსტრუქციების დაცვა ყოველი კონკრეტული დეპილაციის საშუალებისათვის.
აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი კანზე და დარწმუნდით, რომ მოცემული საშუალება არ გაგიღიზიანებთ კანს და არ მოგცემთ ალერგიას. ცნობილია, რომ დეპილატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს 2-3 ხარისხის ქიმიური დამწვრობა, რის შედეგადაც კანზე რჩება შრამები მთელი ცხოვრების მანძილზე.
არასოდეს გამოიყენოთ დეპილატორები წარბებისა და წამწამების ზონაში, ასევე დამწვარ ან დაზიანებულ კანზე. პირველ შემთხვევაში მოსალოდნელია ლორწოვანი გარსის სერიოზული დამწვრობა, ხოლო მეორეში – პრობლემის გაღრმავება.



წყარო - pink.ge