,,ჭუჭრუტანთმადიდებლობის” ოთხი ბურჯი
- 2015-05-23 11:53:41
- 5270 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რახანია, ქართველები ცივილიზებულ ერთა შორის საკუთარ ადგილს ვეძებთ. აქეთ – თეატრი, კინო და ოპერაო, იქეთ – ჭადრაკი, რაგბი თუ ჭიდაობაო... პოეზია, მართალი რწმენა, უძველესი ისტორია და პერმანეტული რევოლუციები, ხომ მხოლოდ ჩვენია და ვერვინ შეგვეცილება!.. მაგრამ, სხვა ერებთან შედარება-შეჯიბრებისას უკმარისობისა და არასრულფასოვენების შეგრძნება მაინც არ გვტოვებს...
და, აი!.. და, აიი-ი, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ და სამუდამოდ, ქართველებმა ჭეშმარიტი მოწოდება და კუთვნილი კვარცხლბეკი დავიმკვიდრეთ! ეს გახლავთ საქმე, ღვისაგან რჩეულთა და კურთხეულთა, ყველაფერში მართალთა და უპირველესთა – ვუაიერიზმი (ფრანგ-voir-ყურება; voyeur-მაყურებელი)... უბრალო ქართული ენით რომ ვთქვათ, ჭუჭრუტანაში ყურება, ხურუშიანი თვალთვალი!
წოდება ამაყი გწყურია ქართველის?!
სიღრმე იკვლიე შენ ყველა ხვრელის!
გსურს მოიპოვო პოპულარობა?!
ნაპრალში გაზარდე შეღწევადობა!
მიყუჩებულა ერი გმირული, გულით ოდესღაც ჰალალი,
ვნებები ბატონობს მდაბიო და ხალხი ,,მუდამ მართალი“...
დიდი ჭუჭრუტანობაა იბერიაში, გრანდიოზული! დაუოკებელი ნდომა მთელ ერს მოედო, ის ჭეშმარიტ რელიგიად – ,,ჭუჭრუტანთმადიდებლობად“ იქცა! ეს რწმენა ერთ ფუნდამენტურ მცნებაზე დგას – ,,ჩაახდევინე მოყვასს და საჭვრეტულიდან ადევნე თვალი!”
,,ჭუჭრუტანთმადიდებლობას“, რაღა თმქა უნდა, საკუთარი ტელემოციქულები ჰყავს – ესენი არიან ჭუჭრუტანთცქერის ოთხი ბურჯი: ,,რუსტავი 2”-ზე – ივერიის ხვრელებისთვის თავდადებული, სხვისი სექსუალური ვნებების წმ. დედოფალი ტერეზა და დედა ბაბუკა, ხოლო ,,იმედზე“ – დედა მედუზა და მამა ჯაბრაილი (ჯანჯუხაძე), იგივე ,,ჯეჯე“. ცხადია, ღრეჩოს მოციქულები მატად საჭირო და სასარგებლო საქმეს ემსახურებიან – დღეს, ნანოტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, განათლებული ადამიანი მოვალეა, იცოდეს, ვის ჰყვარობს ანჟელა და ვის ჟიმავს ვალიკო... თუ, პირიქით, ვალიკოს... ამერია ამდენი ემოციების ნაკადში!.. არც იმის ცოდნა აწყენს ძირძველ იბერიელს, ნუკრიკოს უქანავებს ბუკრიკო თუ ეს უკანასკნელი გათხოვდა?
პირველად, საწყის, მეტნაკლებად დეტალურ ინფორმაციას წმ. დედოფალი ტერეზა გვაწვდის, დედა ბაბუკა კი ამ ვნებების უფრო ღრმა შრეებს სწვდება... დედა მედუზას ნაზსა და სნობურ ტვინისმაგვარ სუბსტანციას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვაკე-ვერის იქით, ვინმე, ოდნავ მაინც, მისი ყურადრების ღირსი შეიძლება იყოს და ამიტომ დანარჩენ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოსაც, ცივ იგნორს უკეთებს... ის მთელი მონდომებით გვაწვდის და გვტენის ნაფტალინიდან ამოღებული აჩრდილების სასიყვარულო ისტორიებს... აი, ჯაბრაილი, ო, ეს ცელქი ჯაბრაილი – ის, აშკარად, განცალკევებით საუბრის ღირსია! ,,შარვლის შემოხევის ურჩხული“, ,,ხვრელების დაუნდობელი მონსტრი“, ,,მამაოებისა და ბოზების უბადლო შემხამებელი“, ,,შარვალთხდისა და კაბათშემოგლეჯის პატარა ეშმაკუნა“ – ეს ყველაფერი, მის შესახებ მსოფლიო პრესაშია ნათქვამი! მასზედ – მამა ჯაბრაილზე (ჯანჯუხაძე) და არავისზე სხვაზედ! სწორედ ეს საკუთარი საქმის ჭეშმარიტი ექსტრემალი და ვერაგი ტერორისტი წარმოადგენს საქართველოს სახეს საერთაშორისო არენაზე! ეს ხვრელებსა თუ ღრეჩოებში შეღწევადობის გროსმაისტერი, მსოფლიო რეიტინგების სათავეში დგას – ისაა ვუაიერიზმის უგვირგვინო მეფე ,,ჯეჯე“! ის ისეთი ოსტატობითა და გამბედაობით მიძვრება საბნისქვეშეთის გამოქვაბულებში, ისეთი მონდომებით იკვლევს სექსუალურ სტალაქტიტებსა და ეროტიულ სტალაგმიტებს, რომ გამოცდილ სპელეოლოგსაც კი შეშურდება!
ჭეშმარიტი ,,ჭუჭრუტანთმადიდებლები“, ხალხურად – ,,ნაპრალისტები“, რაღა თქმა უნდა, თავიანთ ლოცვას გამუდმებით იმეორებენ:
ღმერთო განჭვრეტისაო, გულთამხილველო და შემღწველო ყოველთანაო, რომელმან შეჰქმენ ჭუჭრუტანათა და ნაჩვრეტთა სიმრავლე და მრავალფეროვნება!
შენ გააფართოვე ხვრელნი ნაირნაირნი და გახადე ისინი ჩვენთვის ხელმისაწვდომნი;
შენ გახადე, უფალო, ესე საქმე პრესტიჟული და სარფიანი ჩვენთვისაც და ბუკრიკო- ნუკრიკოებისთვისაც;
შენ ამრავლე კუნთმაგარი ნარცისები და გონებაჩლუნგი მამრები, შენ ამყოფე დაუსრულებელი გათხოვება-გამოთხოვების რეჟიმში ,,შტერი“ ქალები;
მართალია, ეს საქმე ცოტა ტეხავს და მდაბიოობის სუნი ასდის, მაგრამ... მაგრამ, სამაგიეროდ, ქალიშვილობის ინსტიტუტზე ესოდენ გადამკვდარი მოსახლეობა ხომ უნდა დავატკბოთ და შევუღიტინოთ მათ აბობობქრებულ ვნებებს! ჩვენ ხომ ერის დაფარულ, კოლექტიურ ვნებებსა და სურვილებს გამოვხატავთ.
უფალო უფლებათაო, გვაცოცე სოციალურ საფეხურებზე და არ მოგვაკლო წარმატება ჩვენ!
დიდება შენდა უფალო ხვრელთაო და ნაპრალთაო, უფალო ჭუჭრუტანათა და ღრეჩოთაო, დიდება!
მაშ, კიდევ ერთხელ, აღვნიშნოთ ტელე-მოციქულების დიადი მისია! როგორც ღვთის მსახურია მედიატორი ღმერთსა და მორწმუნეს შორის, ისე არიან ეს თავდადებული მოციქულები აღმართულნი, მოსახლეობასა და სექსუალურ ხვრლებსა თუ ჭუჭრუტანებს შორის მზრუნველ გამცილებლებად! დიდება მათ მედიატორობას, დიდება მათ შეღწევადობას ხვრელებში!
გამჭოლმა ,,ჭუჭრუტანთმადიდებლობამ“ მოიცვა ცისფერ ეკრანებს მიციებული მოსახლეობა, ნუკრიკოსა და ბუკრიკოს ჟიმაობის პერიპეტიები გაუჯდა ქართველებს ძვალსა და რბილში! ,,საბნისქვეშეთის მჭვრეტავი რაინდებიც“ შრომობენ, თავს არ ზოგავენ მამულის დიდებისა და კეთილდღეობისთვის! ქართველი ერი კი მსოფილიო კულტურათა მარმარილოს პოსტამენტზე შესაბამის ადგილს იმკვიდრებს...
ზურა ოდილავაძე. 2015 წელი, მაისი.
წყარო - tabula.ge