”ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ გმირია...”
- 2015-06-20 19:50:32
- 3223 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართულ მედიაში 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მოხალისეებზე უამრავი სიუჟეტი გაკეთდა და უამრავი პოსტი დაიწერა. სტიქიაგამოვლილი ქალაქის მოწესრიგებაში მოხალისეების დიდ წვლილზე წერდნენ და საუბრობდნენ ამ მოხალისეების თანატოლები, მათი შრომით აღფრთოვანებული უფროსი თაობა, მთავრობის წევრებიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. ამ გამოხმაურებებს შორის Maia Mestumre-ს ფეისბუკპოსტი გამორჩეულია:
”მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ჩემი მეგობარი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, ლენტეხში, ხაშურში, გორში, ბათუმში, რუსთავში. .. ეს რამდენიმე დღეა ერთად ვალაგებთ მზიურს. ჩემი მეზობელი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დილით გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, როცა მე სამსახურში მივდივარ და ის სიგარეტის საყიდლად ჩამოდის ეზოში. შემდეგ სახლში ბრუნდება და რომელიმე კომპიუტერულ თამაშს თამაშობს. ასე აკეთებს ვიღაცაც გორში, ხაშურში, ბათუმში , ზესტაფონში. ვიღაცამ მართლა დაიჯერა ,რომ რადგან მზიურში, ზოოპარკში და სვანაძეზე ერთი კუნძი აიღო და თავის გვერდით მდგომს გადააწოდა, გმირია. ისიც და მის გვერდით მდგომიც. სახლში მივიდა ტალახიანი ხელები დაიბანა და ფეისბუქზე პოსტი გამოაცხო " აიიი რომ გეგონეთ მე უტვინო და უმაქნისი, ვიხსენი თუ არა ქვეყანა ? მორჩა, ამის შემდეგ თვალის გუგებზე ტატუებს გავიკეთებ და თქვენი ხმა არ გავიგო ,ჩემია ეს თვალის გუგგები" თითქოს მანამდე ართმევდა ვინმე ამ თვალის გუგებს, ილუზიები.
საქართველოს მთიან სოფლებში, სადაც მცირე ზომის მეწყერი ჩამოწვება ხოლმე, ან მდინარე ადიდება და რამეს დააზიანებს, ადამიანებს , ფრინველებს და ცხოველებს დახოცავს მთელი სოფლის და მეზობელი სოფლების მოსახლეობა ნიჩბებს მოიმარჯვებს და დასახმარებლად მიდის, სანამ რომელიმე რეგიონის გამგეობა ფხას გამოიჩენს და ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის.
არავინ აკეთებს მათზე სიუჟეტებს, არ უთმობენ გადაცემებს და არ უკიჟინებენ: შენ გმირი ხარ, როგორ მარჯვედ გიპყრია ნიჩაბი. არ ეძახიან რომელიმე მდინარის სახელს, არც მის დალევას აბრალებენ, არც ეამაყებათ და არც უკვირთ მისი საქციელი. არც არავინ იგრძელებს ენას და რომელიღაც თაობის სახელით რომელიღაც თაობას არ ლანძღავს. მათ იციან, რომ მათია ეს სოფელია და სხვა პატრონი არ ყავს ამ სოფელს.
გუშინ სახელმწიფომ მოხალისეები დააბნია, მზიურში ხან ჩაუშვა, ხან არ ჩაუშვა .. და ჯარისკაცებს საკვები არ მიაწოდა. გუშინ #13ივნისისმთავარი ჯგუფი დაიბლოკა, რამაც ყველანი აგვრია , გაგვთიშა და თავგზა აგვიბნია.
გუშინ წავიკითხე, რომ თბილისის მეტროში ხანძრის საშიშროებაა. გუშინ კიდევ ბევრი რამ წავიკითხე. გუშინ ვიფქრობდი, რომ ერთი ძლიერი წვიმა და დამთავრდა ყველაფერი, არც სანიაღვრე სისტემა გვაქვს და აღარც ერთმანეთი გვეყოლება. გუშინ ვფიქრობდი, რომ თუ წყალს არა, ბანკებს მიაქვთ ჩვენი სახლები. გუშინ ვფიქრობდი, რომ თუ წყალს არა, პოლიციელებს მიყავთ ჩვენი მეგობრები და მოშარდვას აიძულებენ, გალიაში კეტავენ იმ უდანაშაულო ზოოპარკის ცხოველებივით, რომლებიც ჩვენი თავმოუბმელობის და უპასუხისმგებლობის, ჩვენი გულგრილობის გამო დავხოცეთ.”
წყარო