„პროფესიის გამო მიწუნებდნენ“

სახელი: მარგალიტა

გვარი: ნაროუშვილი

პროფესია: მძღოლი

59 წლის მარგალიტა ნაროუშვილი მძღოლად 1982 წლიდან მუშაობს. თავიდან ტრამვაის ატარებდა, შემდეგ ავტობუსის საჭესთან გადაჯდა. მიუხედავად მრავალი წინაღობისა, მას თავისი პროფესია არასდროს მიუტოვებია, რადგან დარწმუნებულია, რომ მთავარია, საქმე გიყვარდეს და აფასებდე, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია:
- მნიშვნელობა არ აქვს, ტრამვაის მძღოლი იქნებით, მეეზოვე თუ პრეზიდენტი. ვერ ივარგებთ, თუ თქვენი პროფესია არ გიყვართ. მე კი ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია საჭის ტრიალის გარეშე (იღიმის).
ამბობს, რომ მის პროფესიას ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ.
როცა ვთხოვეთ, მუშაობის პირველი დღე გაეხსენებინა, ასე გვიპასუხა:
- ხალხი ჯერ კიდევ ისეთი გაოცებით მიყურებს, რომ მგონია, დღესაც მუშაობის პირველი დღე მაქვს. მახსოვს, ავტობუსში ერთი მოხუცი ქალი ამოვიდა და ტრანსპორტის მარშრუტი იკითხა, პასუხი მე გავეცი. ქალი მძღოლი რომ დამინახა, ძალიან გაუკვირდა, არ იჯერებდა, შემდეგ კი დამლოცა და გამძლეობა მისურვა.
დაოჯახებული არასდროს ყოფილა და ამბობს, რომ პროფესიის გამო იწუნებდნენ, მაგრამ დის გარდაცვალების შემდეგ დაობლებულ სამი წლის ეკას საკუთარი შვილივით ზრდიდა. ახლა უკვე შვილიშვილიც ჰყავს და მათთან ერთად ძალიან ბედნიერია.





































წყარო  -  funtime.ge