ეთერშია „კურიერი 9 საათზე“ - რა იმალება კადრს მიღმა? (20 ფოტო)

„რუსთავი 2“-ში ხშირად ამბობენ, რომ ეს ერთი ოჯახია.
აქ ვერ იმუშავებ, თუ რამე გეზარება.
შიში გაქვს? ეგ არაფერი, - გვიხსნის კურიერის ოპერატორი, - როგორც კი კამერასა და მიკროფონს დაინახავ, ყველაფერი ქრება.
სიზარმაცე და სისუსტე - ამ სიტყვების მნიშვნელობა აქაურმა თანამშრომლებმა არ იციან.


პაატა იაკობაშვილი, „კურიერის“ წამყვანი:
- 2010 წლიდან ვარ „კურიერის“ წამყვანი. ეს, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაყურებელი გენდობა და შენგან იგებს ახალ ამბებს. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულობას, რათა პირველებმა მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია. მექანიკურ შეცდომებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ასეთი ლაფსუსები გაიძულებს, უფრო მობილიზებული იყო და არაფერი შეგეშალოს. ჩემი პირველი ეთერი საერთოდ არ მახსოვს, საშინლად ვნერვიულობდი. სტუდიიდან რომ გამოვედი, თანამშრომლები დამხვდნენ და მამხნევებდნენ. ახლა აღარ ვნერვიულობ, მაგრამ მთლიანად მობილიზებული ვარ. ჩაისუნთქე და დაიწყე - ეს ყოველთვის არის.

ზაალ უდუმაშვილი, „კურიერის“ წამყვანი:
- ყოველდღიურად ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. აქ მოსვლამდე ბევრგან მიმუშავია, მაგრამ აქაური სამუშაო ტემპი ძალიან განსხვავებულია. აქ ჟურნალისტების მიმართ განსხვავებული მოთხოვნებია. ვცდილობთ, ის მაღალი ზღვარი, რაც „რუსთავი 2“-ს აქვს დაწესებული, ყოველთვის დაცული იყოს. „კურიერი“ ყოველთვის პირველი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რა ხდება ქვეყანაში. მაყურებელს სწორად და გასაგებად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ამისთვის კი უამრავი ადამიანი მუშაობს. „კურიერი“ ცალკე დამოუკიდებელი ტელევიზიაა ტელევიზიაში და მე ვამაყობ, რომ აქ ვარ. ხანდახან არის გაუთვალისწინებელი ფაქტებიც, მაგრამ ამას მაყურებელი ვერ ხედავს - ეს მხოლოდ ჩვენს ყურში ხდება და სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი.

დიკო ჯოჯუა, „კურიერის“ წამყვანი:
- მაყურებელი საბოლოო შედეგს ხედავს. მეც, ზალიკოც და თითოეული ჟურნალისტიც ამ შედეგის წარმდგენები ვართ. ბუნებრივია, წლების განმავლობაში არაერთი კურიოზული შემთხვევა დაგვიგროვდა. მაგალითად, მუდმივად განხილვის თემაა და გვეკითხებიან, რატომ იცინით შენ და ზალიკო ამინდის პროგნოზის წაკითხვის დროსო? კონკრეტული არაფერი ხდება, უბრალოდ, ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ გვეცინება. ჩვენც ადამიანები ვართ და თავს უფლებას ვაძლევთ, მეორე ბლოკის ბოლოს ცოტა მოვეშვათ (იცინის). 9 წელი გახდება სექტემბერში, რაც „კურიერის“ ეთერში ვარ. თითოეული ჩვენგანისთვის „კურიერი“ მეორე სახლია. ყოველთვის ვამბობ ხოლმე: ეს არ არის სამსახური, ეს არის ცხოვრება, რითიც ვარსებობთ. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

„რუსთავის 2“-ში დიკოს 7 წლის შვილი თუნა დაგვხვდა, რომელიც თურმე მალე დედიკოს ადგილის დაკავებას აპირებს: აქ ძალიან ხშირად ვარ. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ დიკოსთან ერთად მეც ვმუშაობ. დიკოს არ ვეხმარები, მარტო ვმუშაობ. მეც მინდა წამყვანობა.

დიკო ჯოჯუა: ჩემზე უკეთ იცის ყველა წერტილი „რუსთავი 2“-ში. თეატრის მტვერზე რომ ამბობენ ხოლმე, აქ ტელევიზიის მტვერია. 9 თვე ხომ იყო ჩემთან ერთად, სანამ მის გაჩენას ველოდებოდი. „მოიწამლა“ ტელევიზიით. თუკი ამ პროფესიას აირჩევს, ნამდვილად არ შევუშლი ხელს.

ნატა მახვილაძე, ჟურნალისტი:
10 წელია, აქ ვარ. მე მიყვარს „კურიერი“, მიყვარს ჩემი ცხოვრების რიტმი - სისხლსავსე და არამოსაბეზრებელი. დღეში 12 საათს ვმუშაობ, მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესოა, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების ამ ეტაპზე. რა მინდა, იცით, აღვნიშნო? კმაყოფილი ვარ იმით, რომ რაც მიყვარს, იმაში მიხდიან ფულს.

ანა წერეთელი, ჟურნალისტი:
აქ საოცრად ოპერატიული რეჟიმია. რა თქმა უნდა, დაძაბულობაც ახლავს, მაგრამ, ჯამში, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხარ პირველი, ობიექტური და ოპერატიული. ყოველთვის მზად ვარ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. მთელი წლის განმავლობაში ვნატრობთ შვებულებას და სწორედ ამ დროს ამოჩნდება ხოლმე, რომ სამსახური გვენატრება. ჩემს პირად მაგალითზე ვიტყვი - სულ მინდა, რომ მოვლენების ეპიცენტრში ვიყო.

news room-
დან საეთეროში გადავინაცვლეთ.
უკვე 21:00 საათია.

საეთეროში ლევან ბიწაძე გვხვდება - კურიერის ტექნიკური პროდიუსერი, რომელიც ყველა ჟურნალისტისა და ყველა წამყვანის „ყურშია“:
- 15 წელია, „რუსთავი 2“-ში ვარ. პასუხისმგებელი ვარ, რომ ეთერში ყველა სიუჟეტი ზუსტ დროს გავიდეს. პირდაპირი ეთერის დროს ჩართვებს ვაკონტროლებ. „კურიერის“ პროდიუსერები ადგენენ ყველა ჩართვის საათს და მე ამის შესახებ ჟურნალისტებს ვამცნობ. უკვე მივეჩვე ამ რეჟიმს, თავიდან რთული კი არა, ძალიან რთული იყო. შეიძლება, უცებ არ მქონდეს მასალა. ამ დროს უნდა გამოვიყენო ვერსია ბ და გადაწყვეტილება წამებში მივიღო. მაყურებელი ვერ უნდა მიხვდეს, რამე თუ ფერხდება. მე რომ შეცდომა მომივიდეს, იმას აღარაფერი ეშველება (იცინის). ეს ჩემი ოჯახია. ყოველი ეთერი კი ადრენალინია. პირდაპირი ეთერი ისეთივე შეგრძნებაა, როგორიც სიმაღლიდან გადმოხტომა. როგორც ექსტრემალები იღებენ უდიდეს სიამოვნებას, ასევეა ჩემი სამსახური ჩემთვის.

ზვიად იგრიაშვილი
17 წელია, „კურიერის“ ოპერატორია. მას ყველა თაობის ჟურნალისტებთან უმუშავია:
- აქ მუშაობა პრესტიჟულია. ყველას ვასწავლით მუშაობას, ოპერატორებსაც და ჟურნალისტებსაც. ჩვენთან ვერ იქნები პასიური ოპერატორი. არ შეიძლება, რომ რამე გამოგრჩეს. აქ მხოლოდ აქტიური ოპერატორები არიან.

სალომე ბოკუჩავა, ჟურნალისტი:
- ახლად მოსული ჟურნალისტები ბედნიერები ვართ - წინ საოცარი მაგალითი გვაქვს: ის სახელები და გვარები, ვისაც ტიტრებში ვხედავდით, დღეს ჩვენ გვერდით არიან და გვასწავლიან. ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა, ამიტომ არის „რუსთავი 2“ ასეთი გუნდური. ზვიო ხშირად გვეუბნება: „წადი, შენ ამას გააკეთებ!“ ასეთ დროს კი წარმოუდგენელია, რამე არ გამოვიდეს.

მათთან ერთად „კურიერზე“ ასევე მუშაობენ:
გიორგი ლაფერაშვილი - საინფორმაციოს გამოშვების უფროსი;
ნანა ინწკირველი, თეო გალიგაშვილი, სალომე გირკელიძე - პროდიუსერები;
მაკა ფანქველაშვილი - 9-საათიანი „კურიერის“ პროდიუსერი;
ქეთი ქებაძე - „დილის კურიერის“ პროდიუსერი;
ლევან ბიწაძე, ირინა ცერცვაძე, დათო გავაშელი - ტექნიკური პროდიუსერები.


ფოტოგრაფი: ამირან ინიაშვილი































































წყარო - funtime.ge