
როგორ გადარჩა გოგონა, რომელსაც მატარებელმა გადაუარა
- 2015-08-09 09:30:24
- 2889 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ეტროსადგურ "ღრმაღელის" თანამშრომლები და მგზავრები რამდენიმე დღის წინ მოზარდის მიერ ჩადენილმა მოქმედებამ შოკში ჩააგდო. 16 წლის გოგონა გვირაბიდან გამოსულ მატარებელს ლიანდაგებში ჩაუხტა, მას ორმა ვაგონმა გადაუარა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. გოგონა ლიანდაგებს შორის პატარა არხში ჩავარდა. მის გამხდარ სხეულს მატარებლის ძირი არ შეხებია და ბავშვი უვნებელი დარჩა.
შემთხვევის დროს ადგილზე პატრულ–ინსპექტორი იმყოფებოდა. ის მეტროს სადგურის თანამშრომლებს დაუკავშირდა, ძაბვა გაათიშვინა და გოგონა მატარებლის ქვეშიდან გამოიყვანა. ის მეორე და მესამე ვაგონებს შორის იწვა, თავადაც შოკირებული.
როცა გონზე მოვიდა, მოზარდმა თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად ოჯახში მომხდარი კამათი დაასახელა. მისი თქმით, თმა შეიჭრა, რაზეც სახლში გაუბრაზდნენ, მან კი საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო, რაც, საბედნიეროდ, ვერ განხორციელდა. გოგონა მეტროში მისულ გულგახეთქილ დედას უვნებელი დაუბრუნდა.
პატრულ–ინსპექტორი, პოლიციის მაიორი გოჩა თევდორაშვილი, შემთხვევის დეტალებს "სარკეს" უამბობს.
გოჩა თევდორაშვილი, პატრულ–ინსპექტორი, პოლიციის მაიორი:
– დილის 09:36 საათზე ღრმაღელის სადგურში, ქვედა ვესტიბიულში, სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, როცა პატარა გოგონა "ახმეტელისკენ" მიმავალ მატარებელს ლიანდაგში ჩაუხტა. მე ამ დროს ვესტიბიულის შუაში ვიყავი და მეორე მხარეს მდგარ მატარებელს ვუყურებდი. ორივე მხრიდან, მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც, მატარებელი ერთდროულად წამოვიდა, სწორედ ამ დროს გადახტა გოგონაც. მემანქანემ სიგნალი მისცა და მატარებელი გააჩერა. მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შევატყობინეთ, ძაბვა გათიშეს, რადგან იქ 800 ვოლტი გადის. ამის შემდეგ ფანრით ვეძებდით, რადგან გოგონა სად იყო, არ ვიცოდით.
– გოგონა ლიანდაგში მატარებლის გამოჩენისთანავე ჩახტა?
– მატარებლის ბაქანზე შემოსვლის პროცესში ჩახტა. როცა მატარებელი შემოვიდა, გოგონასა და მატარებელს შორის დაშორება 2 მეტრი თუ იქნებოდა, იმის მერე მატარებელს კიდევ 30 მეტრი უნდა ევლო. მას ორმა ვაგონმა გადაუარა. როცა ჩვენ ვნახეთ, მეორე და მესამე ვაგონს შორის იყო.
– როგორ გადარჩა?
– ლიანდაგს პატარა არხი აქვს, რომელიც დაახლოებით 40–45 სანტიმეტრის სიღრმის იქნება. ეს არის ჭრილი, სადაც წყალი გროვდება და შემდეგ გაედინება. როგორც ჩანს, გოგონა, ღვთის წყალობით, იმ ადგილზე წაიქცა და გადარჩა. თან გამხდარი იყო და ამანაც უშველა.
– მართლაც, სასწაულია! მატარებლის ძირი გოგონას არ შეხებია?
– მატარებელი იმ ადგილს არ ედებოდა, გოგონა არც ლიანდაგებს შეხებია, თორემ იქ დიდი ძაბვა გადის. ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ეს ფაქტი სენსაციაა. ეს არის შემთხვევა, როცა ათასიდან ერთი ადამიანი თუ გადარჩება.
– თქვენი აზრით, გოგონა შემთხვევით აღმოჩნდა არხში თუ შიშის გამო თავის მოკვლა გადაიფიქრა და თავს ასე უშველა?
– არა, უბრალოდ ისეთ ადგილას ჩავარდა, რომ გადარჩა. გაუმართლა, თორემ მატარებელსა და მას შორის ისეთი ახლო მანძილი იყო, დაწოლას ვერ მოასწრებდა, ეს გამორიცხულია.
– როგორ ამოიყვანეთ ლიანდაგიდან?
– ძაბვის ჩახსნის შემდეგ ჩვენც მივეხმარეთ და თვითონაც ნელ–ნელა გამოძვრა, თავის თავსაც მიეხმარა. აბსოლუტურად უვნებელი იყო. დაახლოებით 5–6 წუთი კონტაქტში არ შემოდიოდა. ალბათ შოკში იყო. ცრემლები მოსდიოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. გოგონა დაათვალიერეს, არაფერი სჭირდა. კრიმინალური პოლიციაც გამოვიძახეთ, რადგან შემდგომი რეაგირებისთვის სპეციალური პროცედურაა საჭირო. მეც სათანადო ოქმი შევადგინე, ბავშვის დედამ ხელი მომიწერა და სახლში უვნებელი გავუშვით.
– გოგონამ მიზეზი თქვა, რატომ გააკეთა ეს?
– როგორც თვითონ თქვა, თმა შეუჭრია და ოჯახში ამასთან დაკავშირებით შეკამათება მოსვლია. თვითმკვლელობის მიზეზად ეს დაასახელა. მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა, ბიჭს ჰგავდა...
ასტონიან მატარებელს უნდა გადაევლო მისთვის. ჩემი აზრით, ამ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდება.
– ამბობენ, გოგონა იმ დილით სკოლაში მიდიოდაო.
– სად მიდიოდა, არ ვიცი, მაგრამ მეტროსადგურ "ღრმაღელის" თავზე რომ ცხოვრობს, ეს ვიცი.
– თქვენს პრაქტიკაში მსგავსი ფაქტი პირველია?
– დიახ, ეს პირველი შემთხვევაა. მადლობა უფალს, რომ ცოცხალი და აბსოლუტურად უვნებელი გადარჩა!
წყარო - sana.ge