ბიჭი, რომელიც საათის გამოგონებისთვის დააპატიმრეს, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მიიწვია


ტეხასის მაცხოვრებელი, 14 წლის მუსლიმი ბიჭი აჰმედ მუჰამედი პოლიციამ ორშაბათს დააკავა. მას ბრალად სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის მიტანა ედებოდა.
როგორც აღმოჩნდა, აჰმედმა საინჟირო კურსის ფარგლებში, მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება შეასრულა და სკოლაში საკუთარი ხელით აწყობილი საათი მოიტანა, რომელიც ინჟინერიის გაკვეთილამდე, საკლასო ოთახში შეინახა. ერთი შეხედვით, მის უწყინარ ქმედებას სკოლაში განგაში და სამართალდამცავთა დიდი რაოდენობით გამოჩენა მოჰყვა.

კლასში შესულს, ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ გამოძახებული ხუთი პოლიციელი დახვდა, რომლებმაც ბიჭს ბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აჰმედი არა სკოლის აფეთქებას, არამედ მასწავლებლისთვის მისი გამოგონების ჩვენებას აპირებდა.

შემთხვევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აჰმედს უკვე უწოდეს "საათის ბიჭუნა." ინციდენტმა სოციალური ქსელების მომხმარებლების მასობრივი აღშფოთება გამოიწვია და კამპანია #IstandWithAhmed დაიწყო.

14 წლის აჰმედი თეთრ სახლში ბარაკ ობამამაც მიიწვია.



პრეზიდენტმა ობამამ აჰმედს „თვითერის“ საკუთარი გვერდიდან მიმართა.

„მაგარი საათია, აჰმედ. არ გინდა თეთრ სახლში მოიტანო?“ - წერს პრეზიდენტი.

14 წლის გამომგონებელი უყურადღებოდ არც „ფეისბუკის“ დამფუძნებელს, მარკ ცუკენბერგს დარჩენია. თავის მხრივ, ცუკენბერგმა აჰმედი ორგანიზაციაში მიიწვია.



„ადამიანებს, რომელთაც რაღაც ახლის შექმნის უნარი და ამბიცია აქვთ, ტაში უნდა დაუკრა და არა დააპატიმრო. მომავალი შენნაირ ადამიანებს ეკუთვნით, აჰმედ. ოდესმე „ფეისბუკში“ მოსვლის სურვილი თუ გექნება, მე სიამოვნებით შეგხვდები. განაგრძე შექმნა!“ - დაწერა ცუკენბერგმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

"აჰმედ, ხუმრობად ჩათვალე და გამოგონება განაგრძე" - გაამხნევა ბიჭი ჰილარი კლინტონმაც.



აჰმედი გაათავისუფლეს. მისი თქმით, მეცნიერება ძალიან უყვარს და წარმოდგენაც არ ჰქონდა მისი ხელთნაკეთი საათი მასწავლებლის შეშინებას თუ გამოიწვევდა.




დაკავებისას ბიჭს "ნასას" მაისური ეცვა. სავარაუდოდ, "საათის ბიჭუნათი" "ნასაც" დაინტერესდება.