სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ – 9 წლის გოგონას დაუჯერებელი გმირობა

2011 წელს რეიჩელ ბეკვისი 9 წლის გახდა და თავის ნათესავებსა და მეგობრებს სთხოვა, საჩუქრების ნაცვლად ფული მის მიერვე ინტერნეტში შექმნილ საქველმოქმედო გვერდზე ჩაერიცხათ. ასე სურდა, 300 დოლარი შეეგროვებინა და აფრიკის მცხოვრებთათვის (რომელთაც სასმელი წყლის სერიოზული პრობლემა აქვთ) ჭების მშნებელობის ფონდისთვის გადაეცა.

რეიჩელმა 220 დოლარი შეაგროვა, თუმცა ერთ თვეში ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა... მისმა სიკვდილმა საზოგადოება თითქოს გამოაფხიზლა, მის გვერდზე სულ უფრო მეტი შემოწირულობა მოდიოდა და საბოლოოდ, გოგონას გარდაცვალების შემდეგ მის მიერ წამოწყებული ქველმოქმედების შედეგად მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რაც 60 ათასი ადამიანის სუფთა წყლით უზრუნველყოფას ნიშნავს...

როგორც მოგვიანებით გოგონას დედა ჰყვებოდა, პირველად აფრიკის მცხოვრებთა გაჭირვების შესახებ რეიჩელმა ეკლესიაში გაიგონა. მოძღვარმა მრევლს მოუწოდა, საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილ ფონდში გადაერიცხათ თანხები და ათასობით აფრიკელ ბავშვს დახმარებოდნენ – ყოველდღე 4,5 ათასი აფრიკელი ბავშვი იღუპება საშინელი დაავადებებისგან, რადგან სასმელი წყლის სახით ბინძურ ჭაობებსა და მიკროორგანიზმებით სავსე გუბეებს იყენებენ.

გოგონა დააფიქრა ამ პრობლემამ. მალე მისი დაბადების დღე მოდიოდა. დედას გამოუცხადა, რომ არ უნდოდა წვეულება და მოუწოდა ყველას, ვინც მის დაბადების დღეზე უნდა მოსულიყო სტუმრად, ფული შეეგროვებინათ. 300 დოლარი, ფონდის გათვლებით, 15 ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა. სწორედ ამ თანხის შეგროვება დაისახა მიზნად პატარა ქველმოქმედმა.

...ზუსტად 220 დოლარი იყო შეგროვილი მის გვერდზე და რეიჩელს უხაროდა, რომ ცოტაც და შეპირებულ თანხას – 300 დოლარს გადარიცხავდა ფონდში... თუმცა მისი მომავალი სულ სხვაგვარად განვითარდა – გოგონა სიეტლის გზატკეცილზე საშინელ ავარიაში მოყვა. 13 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ამ საგზაო შემთხვევის ერთადერთი მსხვერპლი რეიჩელ ბეკვისი აღმოჩნდა...

გოგონა დიდხანს იყო აპარატზე მიერთებული, გონს მოუსვლელად. ამასობაში ადამიანებმა მის გვერდზე აქტიურად დაიწყეს ფულის ჩარიცხვა. თანხა თანდათან მატულობდა და სულ უფრო მეტ ადამიანს მოიცავდა ეს ქველმოქმედება.

როცა აშკარა გახდა, რომ რეიჩელი გონს ვეღარ მოვიდოდა, აპარატი გამორთეს, გოგონას ორგანოები კი სხვა ბავშვებს გადასცეს გადასანერგად...
რეიჩელის საქციელმა და მისმა ტრაგიკულმა ბედმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში. 2011 წლის ოქტომბერში დასრულდა თანხის შეგროვების აქცია და გაირკვა, რომ 31 997-მა ადამიანმა მთელი მსოფლიოდან, 1 265 823 დოლატი გაიღო. ეს ფული საკმარისი იყო, რომ სუფთა წყლის პრობლემა მოეხსნათ 60 ათასი ადამიანისთვის...

რეიჩელის დედა სამანტა პოლი დღესაც აგრძელებს გოგონას მიერ წამოწყებულ საქმეს – აგროვებს შემოწირულობას აფრიკულ ქვეყნებში ჭების მოსაწყობად...

P.S. რეიჩელის მხრიდან ეს პირველი გმირობა არ ყოფილა. ბევრმა არ იცის, რომ მას მანამდეც გაუღია მსხვერპლი გაჭირვებული ადამიანებისთვის – ორჯერ გაიზარდა და შეიჭრა თმა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის პარიკები გაეკეთებინათ...



წყარო - mshoblebi.ge