როგორ დააჭერინა ივანიშვილმა საკუთარი ქვისლი და პირადი მებაღე - გაუხმაურებელი ფაქტებიროგორ დააჭერინა ივანიშვილმა საკუთარი ქვისლი და პირადი მებაღე - გაუხმაურებელი ფაქტები

ბიძინა ივანიშვილს, ბევრი საინტერესო ისტორია უკავშირდება. რატომ დაიჭირა ივანიშვილმა საკუთარი ქვისლი, რატომ უჩივნა პირად მებაღეს და რა „თავგადასავალი“ შეემთხვა რუსეთში „გამძღარი“ ოლიგარქის პინგვინს სოფელ ჭორვილაში?

ივანიშვილი ქვისლის წინააღმდეგ

გია ბერაძე კახა თარგამაძისა და კობა ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს საგზაო პოლიციაში მუშაობდა. თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობდა მაშინ ე.წ. „გაი“, ამაზე აღარ შევჩერდებით. უბრალოდ დავამატებთ, რომ მაშინდელი „გაიშნიკების“ „უმწიკვლო“ შრომა, ანუ მძღოლების გატყავაბა, შს სამინისტროს მაღალჩინოსნების გამდიდრების ერთ-ერთი წყარო იყო...

ბიძინა ივანიშვილის ქვისლი, გია ბერაძე კი, იმ დროს თბილისის საგზაო პოლიციის შეფი გახლდათ. ნარჩემაშვილსა და თარგამაძეს ბერაძე ივანიშვილთან კონტაქტისთვის სჭირდებოდათ და ამიტომ, უფრთხილდებოდნენ კიდეც.

ბერაძე, მაშინ, ჯერ თარგამაძის, მოგვიანებით კი ნარჩემაშვილის ერთგვარი შუამავალი იყო... თუმცა, რევოლუციის შემდეგ, ისევე როგორც სხვა „ღიპიან“ და გაქსუებულ „გაიშნიკებს“ გია ბერაძესაც მოუწია საგზაო პოლიციასთან გამომშვიდობება.

აი, სწორედ მაშინ დაიწყო ის ისტორია, რომელიც საბოლოოდ, ივანიშვილ-ბერაძის ჯერ დაპირისპირებით, შემდეგ კი ურთიერთშეურაცხყოფით დასრულდა.

საქმე ისაა, რომ უმუშევარი ბერაძე ივანიშვილმა დაასაქმა, მას მშენებლობები და სხვა ბიზნეს-პროექტები ჩააბარა, თუმცა, ცოტა ხანში შარი მოსდო - ფულს მპარავო და საკუთარ ქვისლს, არც მეტი, არც ნაკლები, უჩივლა.

მომჩივანი ივანიშვილის კომპანია იყო, გამოჩნდნენ ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი მოწმეებიც და გია ბერაძეს ხელი დაადეს. ეს უკანასკნელი კი „ვირის აბანოში მოხვდა“....

გამწარებულმა ბერაძემ ბევრი იძახა დამნაშავე არ ვარო, მაგრამ როგორც ჩანს, ვერაფერს გახდა. თუმცა, საჩხერეში ჰყვებიან, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქვისლი ერთი უწყინარი შემთხვევის გამო ამოიჩემა... დიდ ოლიგარქს ისეთი ხალხი არ ჰყვარებია, ვინც მისი ყურმოჭრილი მონა არ იქნება... ბერაძეს კი არც „ყურის მოჭრა“ სურდა და არც მისი მონობა...

ივანიშვილი და მებაღე

ივანიშვილს ერთი მებაღე ჰყავდა, რომელიც დღე და ღამ მის ბაღს, უამრავ ყვავილს, ბუჩქს თუ ბალახის თითოეულ ღერს უვლიდა. ერთხელ, ოლიგარქმა მებაღეს პალმების ჩამოტანა დაავალა. მებაღემაც, პალმები იმ კომპანიას შეუკვეთა, რომელთანაც ადრეც ჰქონია ურთიერთობა - ერთი პალმა - 200-300 დოლარად.

თუმცა, ივანიშვილმა მებაღეზე იეჭვიანა, ფული მომიტეხაო და ისევე როგორც საკუთარ ქვისლს, იმ საწყალსაც უჩივლა. მებაღეც დააჭერინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბიძინას ძმა, ურეკის სახლისთვის, იგივე კომპანიისგან, ისეთივე პალმას 600-700 დოლარად იწერდა, მებაღე გაუშვეს.

ბიძინამ მას სამსახური ხელახლა შესთავაზა, მაგრამ უსამართლოდ დაჩაგრულმა მებაღემ ოლიგარქთან მუშაობა უკვე აღარ მოისურვა, ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში წავიდა და ივანიშვილის ყვავილ-პალმების მოვლას, საკუთარი ყანის გათოხნა ამჯობინა...

ივანიშვილი და პინგვინი

ივანიშვილს რომ უცნაურობები მოსწონს, ბევრისთვის ცნობილია. სულ ახლახანს ისიც გაირკვა, რომ ოლიგარქი შავი მაგიითა თუ „თეთრი“ ოკულტიზმით ყოფილა გატაცებული. თუმცა, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში პინგვინის დანახვამ მაინც ყველაზე მეტად გააკვირვა ჯერ მისი თანასოფლელები, შემდეგ კი ის ადგილობრივი გლეხი, რომელიც ბიძინას ცხოველებს უვლიდა.

მას შემდეგ, რაც ის საწყალი პინგვინი ჯერ ჭორვილის ჰავას, მერე კი მის ირგვლივ შეკრებილ გაოცებულ გლეხებს შეაჩვიეს, საკმაოდ ბევრი დრო გავიდა. ბიძინას პინგვინი, მისი პატრონის პოლიტიკური ამბიციების პარალელურად იზრდებოდა, მაგრამ ერთ ავბედით დღეს, გლეხმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა პინგვინს საკუთარ თავზე მეტად გაფრთხილებოდა, ოლიგარქთან დარეკვა გაბედა...

პინგვინი გასაჭირში იყო... პინგვინის მომვლელმა გლეხმა ივანიშვილს მოახსენა, რომ მისმა საყვარელმა ცხოველმა „შემთხვევით“ ბეღურა გადაყლაპა... ამის გაგონებაზე ივანიშვილი განრისხებულა და პინგვინის მომვლელი გვარიანად გამოუთათხავს, თან მრავალსართულიანებიც მიუყოლებია. „რა უნდა პინგვინის პირში ბეღურას მე შენი...“, - ყვიროდა თურმე გამწარებული ოლიგარქი, პინგვინთან ატუზული გლეხი კი ხმას არ იღებდა... „გეკითხები, რა უნდა პინგვინის პირში ბეღურას შე...“, - აგრძელებდა ივანიშვილი ყვირილს...

ბოლოს კი, პინგვინის მომვლელს ყელში ამოუვიდა „არქიფოს“ ბილწსიტყვაობა და „დიდ ოლიგარქს შეჰკადრა“ – „ბატონო ბიძინა, ბეღურას რა უნდა პინგვინის პირში თუ პინგვინს რა უნდა ჭორვილაში?“, - ჰკითხა გაკვირვებულმა გლეხმა ივანიშვილს. მის კითხვას კი, ოლიგარქმა პინგვინის მომვლელის სამსახურიდან გაგდებით უპასუხა...

პ.ს.:
ივანიშვილის მიერ დაჭერილ-ნაჩივლები ხალხი საჩხერეში უამრავია. მან, რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრს, თამაზ ვაშაძესაც უჩივლა, თუმცა, ისევე როგორც მებაღის შემთხვევაში, ვაშაძემ თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლო და აღმოჩნდა, რომ ბიძინას მიერ დაწერილ საჩივრებში უამრავი „შემთხვევითი“ უზუსტობა იყო „გაპარული“...




presa.ge