რა უნდა ვიცოდეთ სოკოვან დაავადებებზე?

ადამიანისთვის პათოგენურად ითვლება სოკოს მხოლოდ 100 სახეობა. ესენი არიან მიკროსკოპული, თუმცა ბაქტერიებზე დიდი ზომის სოკოები, რომლებიც ბაქტერიებზე უკეთ არიან დაცულნი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისაგან და კარგად არიან შეგუებულნი გარემოს. მათ მიერ გამოყოფილი შხამიანი ნივთიერებები გაცხელებისას არ იშლება და ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ქრონიკულ მოწამვლას – მიკოტოქსიკოზს.
სოკოს ტოქსინები გროვდება ღვიძლში და აზიანებს მას. შეუძლია აგრეთვე თირკმელებისა და გენეტიკური აპარატის დაზიანებაც.
ადამიანისთვის ზიანი მოაქვს არა მარტო საკვებად გამოყენებული სოკოს ტოქსინებს, არამედ იმ სახეობათა შხამებსაც, რომლებიც სახლის კედლებსა და ხეებზე ბინადრობენ. შემოდგომასა და გაზაფხულზე, თბილ და ნოტიო ამინდში, ისინი აქტიურად მრავლდებიან და სპორებს (თესლს) წარმოქმნიან. ურიცხვი თვალით უხილავი სპორა მტვრის ნაწილაკებთან ერთად ხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში, აღწევს ცხვირის გადასასვლელებსა და ღრუებში, მსხვილ, საშუალო და წვრილ ბრონქებსა და ბრონქეოლებში და ფილტვებშიც კი. სოკოს სპორები შეიძლება იქცეს ალერგიის სხვადასხვა გამოვლინების – სურდოს, ხველის, ბრონქული ასთმის მიზეზადაც კი, ხოლო დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმში მყარად მოიკიდონ ფეხი და სოკოვანი ინფექცია – მიკოზი გამოიწვიონ. ინფექციური პროცესი შესაძლოა გამოვლინდეს ყურის ანთებით (ოტიტით), ცხვირის დანამატი ღრუების ანთებით (სინუსიტით), ბრონქიტით, პნევმონიით.
ამრიგად, სოკოს შეუძლია გამოიწვიოს:
ინფექციური დაავადება (მიკოზი)
ალერგიული დაავადება (მიკოალერგოზი)
მწვავე მოწამვლა (მიცეტიზმი)
ქრონიკული მოწამვლა (მიკოტოქსიკოზი).
არსებობს სოკოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მდგომარეობა – მიკომატარებლობა ანუ სოკოს ქრონიკული მატარებლობა, რომელიც არავითარ ინფექციურ პროცესს არ იწვევს. ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ სოკო კანდიდას მატარებელი და არამც და არამც – ობის სოკოსი, რომელიც ორგანიზმში ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიურ პროცესებს იწვევს.
სოკო კანდიდა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში, პირის ღრუსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებზე ბინადრობს. ვიდრე იმუნური სისტემა ძლიერია, ადამიანი და სოკო მშვიდობიანად თანაარსებობენ. სოკოს ”სძინავს” და არაფერს ვნებს ადამიანს. სწორედ ამ მდგომარეობას ჰქვია მიკომატარებლობა, უფრო ზუსტად, კანდიდამატარებლობა.
როდესაც იმუნიტეტი მოუმწიფებელი ან დასუსტებულია, სოკო ”იღვიძებს” და იწვევს ინფექციურ პროცესს – კანდიდოზს.


galanews.ge