ისლამურმა ხალიფატმა საქართველო “მონიშნა”

ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი – გურჯისტანი (საქართველო) დააარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოდან “ისლამურ სახელმწიფოში” წასული ჯიჰადისტები მიიღებენ მონაწილეობას და ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც ცნობილი გახდება.
მათი თქმით, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება და ამისათვის ელექტრონული ქსელი უკვე შექმნილია. ისინი ამ ყველაფერს ყველაზე სასტიკი ორგანიზაციის საქართველოში შემოსვლას არქმევენ და მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე საუბრობენ.
მოგეხსენებათ, სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს მან თურქეთის საზღვართან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნა, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთიანებს.
ივნისში მან იქ მოქმედი მეამბოხეთა მთავარი ქოლგა-დაჯგუფების, “კავკასიის იმარატის” მებრძოლთა უმეტესობის გადამობირება-შეფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა. ვილაიეთის მმართველად “იმარატის” დაღესტნის ფრთის ყოფილი მეთაური, 34 წლის აბუ მუჰამად ალ კადარი დაინიშნა, რომლის ნამდვილი სახელი რუსტამ ასელდეროვია. მან ისის-ს შარშან დეკემბერში შეჰფიცა ერთგულება და სწორედ ეს გახდა “ემირობიდან” მისი ჩამოქვეითების მიზეზი, რადგან “იმარატი” ისისის მოსისხლე მტერს, ალ-ქაიდას ემხრობა.”ვულოცავთ “ისლამური სახელმწიფოს” ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენს ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად”, – დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალვ-ადნანის ეს განცხადება ინტერნეტში ივნისში გავრცელდა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში ჩრდილო კავკასიაში “იმარატის” სტრუქტურა მოიშალა და თითქმის ყველა საველე მეთაური, მებრძოლების 80% “ისლამურ სახელმწიფოს” თანაუგრძნობს, ამიტომაც ისის-ის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო.
ისინი იმთავითვე ამბობდნენ, რომ რაკი ჩრდილო კავკასიაში პროვინცია დააარსეს, ე.ი. ისის-მა რაღაც უნდა გააკეთოს. სულ მცირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სირიასა და ერაყში ჯგუფურად წასვლა არ მოხდება, ისინი ადგილზე დარჩებიან, რომ ადგილზე ერთგვარი წინააღმდეგობის ფრონტი შექმნან.
როგორც ჩანს, ხალიფატი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ დასჯერდა და ახალი ვილაიეთის შექმნა უკვე საქართველოში გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვიდასტურებს და ამბობს, რომ ვილაიეთი უკვე არსებობს.
ვინაა მისი ხელმძღვანელი, ეს, მაისაიას თქმით, ჯერ უცნობია, თუმცა მალე საიდუმლო აღარც ეს ექნება. მისივე თქმით, ვილაიეთი გურჯისტანისათვის სპეცსამსახურიცაა შექმნილი. ასევე საკომუნიკაციო ელექტრონული ქსელი.
“მალე 10 წუთიანი კლიპიც გამოვა, სადაც საქართველოდან წასული ჯიჰადისტები წარმოჩინდებიან და სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სატრანზიტო კომუნიკაცია ჩრდილო კავკასიასთან, რომლის მიმართაც ისლამურ ხალიფატს საკმაოდ დიდი ინტერესი გააჩნია”, – ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, ხალიფატი საქართველოში სტრუქტურირებულ ქსელს ქმნის, რომელიც სავარაუდოდ, ქვემო ქართლს, პანკისსა და აჭარას მოიცავს, – არ გამორიცხავს, რომ მისი ცენტრი თბილისიც კი იყოს.
“სტრუქტურა უკვე აწყობილი რომ არ იყოს, ასეთ რამეს არ დააანონსებდნენ”, – დასძენს იგი.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საშიშროება, მაისაია შემდეგნაირად გვპასუხობს.
“ჯერჯერობით ისლამური ხალიფატი გაჩუმებულია, თუმცა თანამებრძოლების შემოკრებას და ძალების გაძლიერებას აგრძელებს. როგორ გამოიყენებს მომავალში ამ ძალებს, არავინ იცის. რამდენად რეალურია საშიშროება, ამის შესახებ დასკვნის გამოტანა თავად შეგვიძლია. საქართველო ისლამური ხალიფატის კოალიციის წევრია, ისლამური ხალიფატი კი საერთაშორისო საზოგადოების პირველი მტერია. ასე რომ, საშიშროება მკითხველმა შეაფასოს”, – აცხადებს ექსპერტი.
მთავარ საფრთხედ ტერორისტულ აქტს ასახელებს პაატა დავითაია, რომელიც “რაღაც რაღაცებზე იქნება გათვლილი”. რაც შეეხება სხვა საფრთხეებს, როგორიც მაგალითად სეპარატისტული მოქმედებებია, ამბობს, რომ ასეთ რამეს ნაკლებად ელის.
“არ მგონია საქართველოს წინააღმდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ და ის ბრძოლები, რაც სირიაში მიდის, აქეთ გადმოისროლონ. ამ ეტაპზე საშიშროებას მხოლოდ ტერორისტულ აქტებში ვხედავ. თუმცა, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია და ამ აქტებში შესაძლოა, ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომელთაც სირიაში უნდათ წასვლა საბრძოლველად. შესაძლოა, ისინი აქვე გამოიყენონ”, – აცხადებს დავითაია.
ამ ყველაფერთან საბრძოლველად, ექსპერტების თქმით, ხელიუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული კონტრზომების მიღება. კერძოდ, დააკავეს რამდენიმე პირი, დაბლოკეს ისლამისტური საიტები, შეიზღუდა ჩვენი თანამემამულეების სირიაში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ეს არაა სრულყოფილი მუშაობა, ვინაიდან ხელისუფლებას შეუძლია ბევრად ეფექტიანი იყოს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სავარაუდოდ, აქვთ.
პაატა დავითაია იმედს პირველ რიგში პარტნიორ ქვეყანა – ამერიკაზე ამყარებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით მასთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს.
“სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა დროული და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებით შეუძლია. არ ვიცი, რა ოპერატიულ ღონისძიებებს დაგეგმავენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში აშშ ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელ კოლეგებთან აქტიური კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა აქვთ. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა საკმაო შედეგის მომტანი იქნება. სულ ესაა ის, რისი განხორციელებაც პრევენციის თვალსაზრისით სახელმწიფოს შეუძლია”, – აღნიშნავს დავითაია.
წყარო: გაზეთი “რეზონანსი”