როგორ იღებენ საქართველოში ეროტიკულ ფილმებს
- 2015-11-14 19:33:23
- 2946 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
რეჟისორ შოთა კალანდაძის ნამუშევრები იმით გამოირჩევა, რომ მასში მრავლადაა სასიყვარულო სცენები. თუმცა კალანდაძე საკუთარ ფილმებს ეროტიკულად არ მიიჩნევს და თავს ახალი ჟანრის რეჟისორს უწოდებს.
- მე ეროტიკულ ფილმებს არ ვიღებ. გადავხედოთ დიდ რეჟისორებს, როგორებიც არიან ვისკონტი, პაზოლინი, მათ არ ვედრები, რასაკვირველია, მაგრამ ამ ფილმებში ძალიან ბევრი სიშიშვლე, ბევრი სექსუალური სცენაა, თუმცა მათ ნამუშევრებს ეროტიკულ ფილმებს ხომ არ უწოდებენ? თუმცა, გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, რომელიც არ არის განათლებული, მაგრამ თავს განათლებულად მიიჩნევს, სადაც სიშიშვლეს დაინახავს, ყველაფერს ეროტიკას ეძახის, მაგრამ ასე ხომ არ არის?!
- თუმცა ძალიან თამამ სცენებს იღებთ.
- რაც აქამდე გადაღებულა საქართველოში, ყველაზე თამამი სცენები მე გადამიღია, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის ეროტიკული ფილმი, ეს არის ახალი მიმდინარეობა, რომელიც, მაპატიეთ, მაგრამ მართლა მე შევქმენი და ჰქვია "კინო-ლექსი". ამგვარ რაღაცებს პოეტურ ფილმებს უწოდებდნენ, მაგრამ "ლექსი" ფილმისთვის არავის უწოდებია. ახლახან გადავიღე ფილმი კახი კავსაძის მონაწილეობით "ძვირფასი ცოლი". ეს არის ტრაგიკული ისტორია, მაგრამ მასში შიშველი ქალიც მონაწილეობს. ბატონი კახი მიყვებოდა, რომ ერთ-ერთ ცნობილ საბჭოთა ფილმში - "უდაბნოს თეთრი მზე" - მის გმირს ბევრი ცოლი ჰყავს. აბანოს სცენა, სადაც ორი ქალი შიშვლად გადაიღეს, საბჭოთა ცენზურამ ამოჭრა. დღეს ცენზურა არ არსებობს და ჩემს ახალ ფილმში ასეთ სცენას არავინ ამოჭრის. ფილმში ახალგაზრდები გახდილები არიან. სცენარის მიხედვით, კახის გმირი მეუღლესთან ერთად სასტუმროშია. ის გამოდის ოთახიდან და გვერდით საძინებელში ხედავს, შიშველი ქალი წევს, იქვე კიდევ ერთი გახდილი გოგონა და ბიჭი წვანან. ანუ ორგიის სცენა მორჩა და დილით სძინავთ. ბატონი კახის გმირი შემთხვევით შეესწრება ამას. ეს იცით, როგორ გადავიღე? - რომ ეს არის სიბინძურე და ეს კაცი ხედავს, ახალგაზრდობის სულიერი სამყარო რა დონეზე დავიდა. ეროტიკა ისე უნდა იყოს გათამაშებული, რომ რაღაც აზრში მოექცეს და პორნოგრაფიული არ გამოვიდეს. თუმცა, ჩემს ფილმებში სხვა თამამი სცენებიც არის, მაგალითად, სრულიად შიშველი ბიჭები. ნანკა კალატოზიშვილი მხოლოდ ჩემს ფილმშია გახდილი, ასევე რამაზ ნოზაძე, ლიკა ქავჟარაზე, როლანდ ოქროპირიძე, მარინა კახიანი და სხვები.
- როგორ ითანხმებთ ასეთ ცნობილ მსახიობებს გაშიშვლებაზე?
- ისინი ალბათ, იმიტომ არიან გახდილები, რომ ამას ფილმი მოითხოვს და არა იმიტომ, რომ ეს ეროტიკული სცენაა და მეტი არაფერი.
- თქვენს ფილმში გქონიათ სექსის იმიტაციაც.
- ჩემს ფილმებში არის სუპერთამამი სცენები. მაგალითად, იუნა შაფათავას გმირს ოთხი კაცი აუპატიურებს.
- სწორედ ეს გვაინტერესებს - კადრს მიღმა ამის დადგმა...
- გაგიკვირდებათ და, არ ვიცი, როგორ ხდება. როგორ გითხრათ, ჩვეულებრივად. იუნა შაფათავა არის მედდა და ამოწმებს სამხედროებს. სამხედროები აღგზნებულები არიან და მას აუპატიურებენ. ფილმის გადაღებისას ეს სინამდვილეში არ ხდება. ვეტყვი, გააკეთეთ ასე და აკეთებენ. დღევანდელი ახალგაზრდობა თავისუფალია, არანაირი კომპლექსი არა აქვს. ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კადრს მიღმა ეს ნამდვილად არ ხდება, ნამდვილად როგორ შეიძლება მოხდეს, მაშინ პორნო იქნება. საქმეც
ისაა, რომ როდესაც ასეთ თამამ სცენას იღებ, არ უნდა იყოს ყალბი, მაყურებელი უნდა დააჯერო, რომ ეს ნამდვილია, აი, ესაა ოსტატობა, მე მგონი, ჩემიც და იმ ხალხისაც, ვინც ასეთ სცენებში მონაწილეობს. ალბათ, 100 დუბლი უნდა გადაიღო და იქიდან ერთი გამოგივა. მაყურებელმა რომ შინაარსი გაიგოს, სიშიშვლე შინაარსთან უნდა იყოს შერწყმული და სიშიშვლეს აზრი ჰქონდეს - როგორიცაა ფილმი ნუცა შანშიაშვილისა და თემო საჯაიას მონაწილეობით, სადაც რატი ბახტაძე შიშველი ჩანს. რამაზ ნოზაძე საერთოდ მოვლენაა, ჩემი აზრით, ბერძნულ ქანდაკებას ჰგავს. მას ინტუიცია აქვს განვითარებული და არ არის უჭკუო ბიჭი. ფილმში იყო თამამი სცენები, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ იყო ბინძური ეროტიკა. შარშან ნუცა შანშიაშვილმა ეს კადრები ნიუ-იორკში თავის კონცერტზე გამოიყენა. მისი მთელი სოლო კონცერტი ჩემი ფილმით იყო გაფორმებული. ნუცა მომიყვა, რამაზ ნოზაძე რომ გამოჩნდა ეკრანზე, ხალხი გაოცდაო. მგონი მან არ წააგო, რომ დამთანხმდა ფილმში გადაღებაზე. როდესაც თამამ სცენას იღებ, ვულგარული არ უნდა იყოს, ძალიან რთულია ამის გადაღება, შეიძლება ბევრ რეჟისორს ისეთი გამოუვიდეს, გული აგერიოს. იუნა შაფათავას გმირი შიშველ მამაკაცებს ამოწმებს და შემდეგ ისინი მას აუპატიურებენ. ფილმის სცენარის მიხედვით შიშველი კაცები დგანან, ყველაფერი უჩანთ და რთული იყო ამის გადაღება, არ მინდოდა, ვულგარული ყოფილიყო. თუმცა წარმოუდგენელია, რომ ეს სცენა ვულგარული არ იყოს, ამიტომ სხვა რაღაცებზე გადავიტანეთ ყურადღება. ისე, სიშიშვლეს თავისი ამოცანა აქვს.
ზაზა გიგაური
geworld.ge