"დედებო, მიშველეთ, მირჩიეთ რამე... სად დავუშვი შეცდომა?"
- 2015-11-19 10:15:32
- 1825 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ხშირად ვკითხულობ თქვენს საიტს და სხვადასხვა ოჯახურ ისტორიას. თუმცა ისეთი უბედურება, რაც მე დამატყდა თავს, აქ ჯერ არ წამიკითხავს... მინდა დავწერო ჩემი ამბავი და სხვა დედებს ვთხოვო, მიშველეთ, მირჩიეთ რამე... სად დავუშვი შეცდომა?
ახალგაზრდა, საკმაოდ ლამაზი გოგონა ვიყავი, როცა გავთხოვდი. 21 წლის გახლდით. ჩემი ქმარიც ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპათიური იყო. ორივეს გვიყვარდა გართობაც, აქეთ-იქით სიარულიც და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით.
პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, რამდენიმე თვე, რა თქმა უნდა, სახლში გამოვიკეტე. მთლიანად ბავშვზე ვიყავი გადართული და მის მოვლასა და გაზრდას ვუთმობდი მთელ დროს. ჩემს ქმარსაც ძალიან გაუხარდა, მამა რომ გახდა, თუმცა ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ისევ ისე ერთობოდა, დადიოდა აქეთ-იქით – დაბადების დღეები, ქორწილები, მივლინებები... მე მართალი გითხრათ, ცოტა მებრაზებოდა და თან მშურდა კიდეც, რომ მე ვეღარ ვახერხებდი თავისუფლად ცხოვრებას და მასთან კი არაფერი შეიცვალა. ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან სულელი ვიყავი და პრიორიტებებიც სხვაგვარად მქონდა დალაგებული.
უცებ ისიც გავიგე, რომ ქალი გაიჩინა. ეს ბოლო წვეთი იყო... დედამთილი დავიბარე და ვუთხარი, რომ თუ არ დამეხმარებოდა და მე მხოლოდ ბავშვით ვიქნებოდი დაკავებული, ოჯახი მალე დაგვენგრეოდა. დედამთილი გადაირია, ჩემს შვილს ოჯახს როგორ დავანგრევინებ, ჩემთან გყავდეთ ბავშვი და როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთო. მართლაც ასე მოხდა, ჩვენც მასთან გადავედით საცხოვრებლად, ბავშვი ძირითად დროს ბებიასთან ატარებდა, მე კი მუშაობაც დავიწყე, თავის მოვლაც განვაგრძე და ქმარსაც ისევ ისე ყველგან დავყვებოდი. ისევ დამიბრუნდა ხალისი და ჩვენი სიყვარულიც გაათმაგდა. ჭრიჭინობელებივით დღევანდელი დღით ვცხოვრობდით და ვერ ვხვდებოდით, რომ მთავარი გვეცლებოდა ხელიდან...
რამდენიმე წელიწადში მეორედ დავრჩი ორსულად. გვიან გავიგე, თორემ, მაშინდელ ჩემს აზროვნებას რომ ვიხსენებ, ალბათ აბორტს გავიკეთებდი და ერთ შვილზე გავჩერდებოდი. მეორეც ბიჭი გაჩნდა. გაიხარა სანათესაომ. ამასობაში პატარა 4 წლის გახდა და სულ უფრო მეტად ავლენდა უკმაყოფილებას ჩემი შინ არყოფნის გამო. მეც ცოტა ასაკი მომემატა, რაღაცებზე დავფიქრდი და გადავწყვიტე, ცოტა უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი მათი აღზრდის საქმეს. წაიკითხეთ სრულად