4 მიზეზი, რის გამოც ქმარი სხვა ქალთან გარბის

ცხოვრობენ ქალები თავიანთ ოჯახებში, ჰყავთ შვილები, აქვთ ვალდებულებები, ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ისე როგორც უნდა იყოს და უცებ…მეხის გავარდნა — ღალატი.
ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია მამაკაცისთვის, თუ გრძნობს მის სიყვარულს. ნებისმისმიერი ქალისთვის ურთულესი მისაღებია ფაქტი, რომ მის ქმარს იგი აღარ უყვარს, მეტიც შეყვარებულია სხვაზე. ეს მართლაც აუტანელი ტკივილია.

მანამდე იგი ფიქრობდა რომ ეს მამაკაცი მისია, მართალია აქვს უამრავი ნაკლი, მაგრამ ამ ნაკლით და ღირსებით მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია . ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მას სხვა ქალის პოვნა შეუძლია. ქალების უმეტესობა ხომ მიჩვეულია განსაზღვრული ცხოვრების წესს, გარკვეულ კომფორტის ზონას და უცებ ამხელა დარტყმა ხდება სწორედ ამ წესზე.

რა აიძულებს მამაკაცს ზურგი აქციოს ამ ყველაფერს, დათმოს და წავიდეს? სულაც არ არის აუცილებელი, ეს მუდმივი კონფლიქტების ფონზე მოხდეს. ხშირად ეს ყველაზე მოულოდნელად ხდება და როგორც წესი, გვევლინება როგორც რამდენიმე შეცდომის მუდმივი დაშვების შედეგი. განვიხილოთ ეს მიზეზები.

1) სიყვარულის ნაკლებობა
ბუნებრივია სიყვარული ათვლის წერტილია, უპირობოდ უნდა გიყვარდეთ და რაც მთავარია გამოხატავდეთ. როცა გამოხატვაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აქ დღეში რამდენჯერმე სიტყვებით სიყვარულის ახსნა არ იგულისმება. იგი უნდა გრძნობდეს თქვენს სიყვარულს. როგორც პატარა ბავშვების ნორმალური აღზრდისთვის აუცილებელია თავი იგრძნოს სიყვარულის ობიექტად, ისე მამაკაცისთვის. ხშირად ისინი ეჭვიანობენ კიდეც პირველ შვილზე, რომელიც მათ ცოლის ყურადღებას უყოფს.
ამასთან, როგორაც და რამდენჯერაც არ უნდა გამოხატოთ ეს გრძნობა, თუ შინაგან სიღრმეს მოკლებულია, იგი ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. თქვენ უნდა იყოთ ამ გრძნობის წყარო, იგი თქვენში გამუდმებით უნდა იბადებოდეს, ასეთ შემთხვევაში ყოველდღიური ვალდებულებები და რუტინა ვერ მოახერხებს მის ჩახშობას.
როცა იკარგება ეს ნაპერწკალი წყვილს შორის გაუცხოვების ნიშნები ჩნდება, ისინი გადადიან თავიანთი ცხოვრების სხვა ეტაპზე — ქალი დედაა, მისი ყურადღება და სიყვარული ვერ ნაწილდება როგორც საჭიროა. ეს ყველაფერი ამზადებს ღალატისათვის ნიადაგს.

2) პატივისცემის ნაკლებობა
ეს კომპლექსური თემაა. თუ თქვენ განავითარებთ ამ გრძნობას საყვარელი მამაკაცის მიმართ თქვენვე იგრძნობთ თავს ქალად.
სიყვარული თავისი ბუნებრივი სახით არც შეიძლება არსებობსდეს პატივისცემის გარეშე, მაგამ ასეთი სიყვარული ბევრს არ ეძლევა. დღეს ჩვენ უფრო ვსაუბრობთ საზოგადოდ გავრცელებულ სიყვარულის ცნების აღქმაზე — არიან ქალები, რომლებსაც უყვართ და პატივის ნაკლებად სცემენ და პირიქით, პატივს სცემენ და საკუთარი გრძნობების გამოხატვაში არიან ხისტები. პატივისცემაში კი უპირველესად მოიაზრება თქვენი აღიარება, რომ თქვენს მამაკაცს აქვს თავისი შინაგანი სამყარო და ის უნდა მიიღოთ კრიტიკის გარეშე, არ შეეხოთ მის პიროვნულ თავისუფლებას, არ სცადოთ ჩასვათ თქვენს კრიტერიუმებსა და ჩარჩოებში, მიიღოთ ის თვისებებიც კი, რაც მას თქვენგან განასხვავებს, აღიაროთ მისი უნარები.
ახლა დავფიქრეთ იმ ოინზე, რასაც თქვენივე ფსიქოლოგია გიგებთ მახედ — თუ მამაკაცს იმდენად უყვარხართ, რომ იგი არ აპროტესტებს უპატივცემულობას თქვენი მხრიდან, გულის სიღრმეში თვლით, რომ იგი თქვენზე დაბლა დგას, მისთვის საჩუქარი ხართ და უფრო ღირსეული კაცს იმსახურებდით, რომელიც რატომღაც არ შეგხვდათ. ხშირად გაღიზიანებთ მისი ქცევები, მას ხომ არაფერი არ გამოსდის ისე, როგორც საჭიროა. თუნდაც ამ ყველაფერს კარგად ნიღბავდეთ ეს არაფერს ცვლის, ასეთ ურთიერთობებში სწორედ ღრმა და დაფარული გრძნობები ქმნიან რეალობას.
თუ აპროტესტებს თქვენს მისდამი დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში თვლით, რომ ეს უსიყვარულობის ბრალია.
ორივე შემთხვევაში ქალი არ არის ბედნიერი, როგორც ვხედავთ თავად იქმნით ჩაკეტილ წრეს.
სწორედ ასეთი შეცდომების რიგს მივყავართ ღალატამდე.
მიზეზი იმალება თქვენს ღრმა დამოკიდებულებებში მამაკაცის მიმართ.

3) პარტნიორობა
თქვენ უნდა შეგეძლოთ გაუწიოთ მას პარტნიორობა სრული პაკეტით. სექსუალური პარტნიორობით დაწყებული, მეგობრობით დამთავრებული.
ბევრი ქალი რიტუალივით ასრულებს საკუთარ ცოლისა და დედის ვალდებულებებს. თუ თქვენ მიეჩვიეთ, რომ ვერ ხედავთ მასში მამაკაცს ამ ყოველდღიური მოვალეობების შესრულებისას თქვენი ურთიერთობა განწირულია დასრულებისთვის. გიფიქრიათ იმაზე, რომ ზოგიერთი ქალის გვერდით მამაკაცი ძალიან წარმატებული ხდება? იცით რატომ? იმ ერთეულებს შეუძლიათ ხანგრძლივი თანაცხოვრების მიუხედავად დაინახონ მასში მამაკაცი, დანარჩნები ყოველდღიურობაში ამ უნარს კარგავენ.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ნებისმიერ ქმედებასა და იდეაში, თქვენი რწმენა მის შესაძლებლობებში. თქვენ შორის თავდაპირველი მიზიდულობის მუდმივი რეგენერაცია.
როგორც კი ერთმანეთის მიმართ ლტოვა ქრება და ამასთან მამაკაცს აკლდება საჭირო თანადგომა, იგი ამ დანაკლისის შესავსებად სხვაგან მიდის.

4) პიროვნულობა

თუ საკუთარი შინაგანი მრავალფეროვნება დათმე, მხოლოდ პრიმიტიული საკითხების გადაწყვეტით ხართ დაკავებული, ეს კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც მას შესაძლოა თქვენგან წასვლის სურვილი გაუჩნდეს. ნიცშე კიდევ უფრო შორს მიდიოდა – მამაკაცს სჭირდება ხიფათი და თამაში, ქალი კი სჭირდება, როგორც სახიფათო სათამაშოო. ხიფათს რომ თავი დავანებოთ, რომ დარჩეთ მისი ყურადღების და სიყვარულის ობიექტი, უნდა შეინარჩუნოთ ის უნიკალურობა, რაც მისი ინტერესების მუდმივ სტიმულირებას გამოიწვევს. მიქციეთ ყურადღება თქვენს გარეგნობას, ისაუბრეთ საოჯახო საკითხების გარეთ არსებულ თემებზე, გაიხსენეთ საერთო ინტერესები და თუნდაც ეთამაშეთ . ნუ დანებდებით უსიცოცხლო ცხოვრებისეულ რიტმს. ბედნიერება დეტალებშია, აჩუქეთ იგი საყვარელ მამაკაცს და ის დაგიბრუნდებათ თქვენ.
გახსოვდეთ, ქალს ყოველთვის მოეძებნება საკმარისი რესურსი, რომ დარჩეს მამაკაცისთვის შეუცვლელი.

ელა კორინთელი

mental.ge