
პოპულარული სტატიის მეორე ნაწილი: იპოვე შენი გვარი და შენი წარსული და ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე
- 2015-11-30 11:00:53
- 4487 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ვინაიდან მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია საკუთარი ფესვებისა და წარმომავლობის, ანუ გვარების შესახებ მომზადებულმა სტატიამ, ამიტომ თქვენივე მოთხოვნით, კიდევ რამდენიმე გვარის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
აბაზაძე - ხაშურის რაიონსა და თბილისშია ფართოდ წარმოდგენილი. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ამ გვარის ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.
ავალიშვილი ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისშია გავრცელებული. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში XV- XVI საუკუნეებში დაწინაურდა, კერძოდ, ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა), სადაც ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო) ჩამოყალიბდა. საავალიშვილო (1535-1545 წლები.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე-საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70-80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა და სხვა თანამდებობები. ციციშვილთა გვარსაც ენათესავებოდნენ. წინაპარს სახელად ავალა ერქვა.
დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტულია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია... შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: "დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა".
სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისასა და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით, ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.
მაისურაძე - ერთ-ერთი დიდი გვარია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში სახლობენ. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა "მაისური" არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.
აბუსერიძე - გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. წარჩინებული სამთავრო გვარია აჭარაში. ცნობილია XI საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძეც.
აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი - "აფშილი" ნიშნავს აფხაზს.
ანთაძე ვარძიაშია გავრცელებული. შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად იქცა. "ანთებს" ძველად (VI-VII ს.) აღმოსავლეთ სლავიანებს ეძახდნენ, ასე რომ, "ანთაძის" დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ეკავათ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა... ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.
ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.
ბარათაშვილი - ძველ საქართველოში, წარჩინებულ, ფეოდალურ საგვარეულოს განეკუთვნება, რომლებიც ქვემო ქართლის მფლობელნი იყვნენ. მომდინარეობს XVI საუკუნიდან საკუთარი სახელისგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა - ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523 წ.). ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა, როგორც ბარათიანი.
წაიკითხეთ სრულად