ირმა ინაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- 2015-12-01 13:51:59
- 1098 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ინაშვილის თქმით, საგარეჯოს რაიონში „პატრიოტთა ალიანსის" რეკლამები, რომელიც შუალედური არჩევნების წინ, მედიაკავშირ „ობიექტივზე" და სხვა ტელევიზიებზე იყო განთავსებული, მიზანმიმართულად იბლოკებოდა.
როგორც გაირკვა, კოჯრის სარეტრანსლაციო ანძაზე დამონტაჟებული იყო მიკროტალღური გამომსხივებელი, რომელიც ტელეკომანების სიხშირეებს უკანონოდ ბლოკავდა. ინაშვილის განცხადებით აღნიშნული ანძა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„ჩვენს ხელთ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მედიას და სზოგადოებას ძალიან დააინტერესებს.
ჩვენს პოლიტიკურ პარტიას განთავსებული გვქონდა საარჩევნო რგოლები, ჩემი, როგორც კანდიდატის სარეკლამო რგოლები. ეს იყო ფასიანი რეკლამა მედიაკავშირ „ობიექტივში. როგორც იცით, მე ვიყავი ობიექტივის ერთ-ერთ დამფუძნებელი, თუმცა დღეს აღარ ვარ.
არჩევნების მსვლელობისას ჩვენ სისტემატიურად გვიკავშირდებოდა საგარეჯოს მოსახლეობა და გვეუბნებოდა, რომ არ არის ხარისხიანი მაუწყებლობა საგარეჯოში, ან საერთოდ არ იყო მაუწყებლობა. ჩვენ ვიხდიდით თანხას პოლიტიკურ რეკლამაში, რომელსაც ამომრჩეველი ვერ ნახულობდა, ანუ იზღუდებოდა ინფორმაცია საზოგადოებისთის. არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა, მივმართეთ იმ კომპანიას, რომელიც გვემსახურებოდა, ანუ მედიაკავშირ „ობიექტივს." მედიაკავშირმა „ობიექტივმა" მიმართა „სტერეო +"-ს, რომელიც ავრცელებს ამ ტელევიზიის და სხვა ტელეკომპანების ციფრულ მაუწყებლობას.
როდესაც მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, აღმოჩნდა გამაოგნებელი. ამ წერილში პირდაპირ წერია:
„კოჯრის სარეტრანსლაციო ანძიდან საგარეჯოს მიმართულებით დამონტაჟებული იყო მიკროტალღური გამომსხივებელი, რომელიც დაკავებულ სიხშირულ ზოლში უკანონოდ ქმნიდა ხელოვნურად ხელისშეშელებს, რითაც პრობლემა ექმნებოდა მაუწყებლობას მთელს რეგიონში.
კოჯრის სარეტრანსლაციო ანძიდან ხელოვნურად ხდებოდა მაუწყებლობის ჩახშობა მაინც და მაინც საგარეჯოს მიმართულებით. ჩემი ინფორმაციით, კოჯრის ანძა არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. მე მაქვს ეჭვის საფუძველი, ვივარაუდო, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ხდებოდა ღია საეთერო მაუწყებლობის ჩახშობა.
პროკურატურას ამ დღეებში აუცილებლად მივმართავთ და თუ ეს დამტკიცდება, ეს არის დანაშაული!
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილით დადასტურებულია ტელემაუწყებლობის უკანონო ჩახშობა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ტელეკომპანია „ობიექტივზე." სხვა ტელევიზიებსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა შექმნილი.
მაქვს ინფორმაცია, რომ ის შენობა, სადაც განთავსებულია კოჯრის სარეტრანსლაციო ტექნიკა, ასევე არის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე."- განაცხადა ინაშვილმა.
reportiori.ge